"არავითარ შემთხვევაში არ ვადანაშაულებ იმ მშობლებს, რომლებმაც მიატოვეს თავიანთი შვილები...”
ამერიკელი კორი სალჩერტი დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა ექთნად, მაგრამ 5 წლის წინ თვითონ გახდა პაციენტი. ექიმებმა შეძლეს მისი გადარჩენა, თუმცა შერყეულმა ჯანმრთელობამ არ მისცა საშუალება, სამსახურში დაბრუნებულიყო. კორიმ გადაწყვიტა, ყველაფერი გაეკეთებინა იმისთვის, რომ შეემსუბუქებინა პატარა პაციენტების მდგომარეობა. ეს ეხებოდა მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს, რომლებიც მშობლებმა მიატოვეს.
"არავითარ შემთხვევაში არ ვადანაშაულებ იმ მშობლებს, რომლებმაც მიატოვეს თავიანთი შვილები. ექთნად მუშაობის დროს გავიგე, რამხელა ძალასა და ენერგიას ითხოვდა მომაკვდავი ავადმყოფის მოვლა. ამიტომ ვიცი, რომ ჩვეულებრივმა ადამიანმა შეიძლება ვერ გაუძლოს ამხელა პასუხისმგებლობას. ბავშვები ხომ არ არიან დამნაშავე იმაში, რაც დაემართათ, ამიტომ გადავწყვიტე დავხმარებოდი მათ, რითიც შემეძლო", - ამბობს კორი.
2012 წელს კორიმ სახლში წამოიყვანა გოგონა , რომელიც თავის ტვინის ძლიერი დეფექტით დაიბადა. მშობლებმა მაშინვე თქვეს მასზე უარი. ბავშვს სახელიც კი არ ჰქონდა. კორიმ მას ემილი დაარქვა და 50 დღის მანძილზე უვლიდა.
გოგონას სიკვდილის შემდეგ კორიმ და მისმა მეუღლემ მტკიცედ გადაწყვიტეს, რომ ამიერიდან მთელ ცხოვრებას ასეთ ბავშვებს მიუძღვნიდნენ. მათ დააარსეს ბავშვთა სახლი, რომელსაც "იმედის სახლი" უწოდეს. აქ ხვდებიან მძიმე სენით დაავადებული ბავშვები, რომელთაც მშობლები არ ჰყავთ.
"გული მეგლიჯება და ძალიან მტკივნეულად განვიცდი თითოეული ბავშვის გარდაცვალებას, მაგრამ მჯერა, რომ ჩვენი გულები ვიტრაჟებს ჰგავს. ის მაგარი და ლამაზია, რადგან შეგროვებულია ლამაზი ნამსხვრევებისგან", - ამბობს კორი.
კორის დიდსულოვნება და სიმამაცე ნამდვილად იმსახურებს აღფრთოვანებასა და უსაზღვრო პატივისცემას.