იმპორტირებული ხორცის გამოყენება პიკზეა ადგილობრივ წარმოებაში გაყინული იმპორტირებული ხორცის გამოყენება პიკზეა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, რესტორნები, სწრაფი კვების ობიექტები და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმოები სწორედ იმპორტირებულ ხორცს იყენებენ. ზუსტი სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რა წილი უჭირავს გაყინულ ხორცს ადგილობრივ წარმოებაში, არ არსებობს, თუმცა ძალიან მაღალი რომ არის, ამაზე იმპორტის მუდმივი ზრდა მეტყველებს. უხეში გათვლებით, ადგილობრივ წარმოებაში გაყინული ხორცპროდუქტების წილი 60%-ს აღემატება.
გაყინული ხორცი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუკი შენახვისას ტექნოლოგიური პროცესი არ ირღვევა, მაგრამ ერთგრადუსიანი ტემპერატურული ცვლილების შემთხვევაშიც კი, მისი მუდმივად მოხმარება უკვე საშიში ხდება. სპეციალისტების თქმით, განსაკუთრებით საფრთხის შემცველია იმ ადამიანებისთვის, ვისაც თირკმლისა და ღვიძლის პრობლემა აქვს, თუმცა კარგი არც ჯანმრთელი ადამიანებისთვისაა. გაყინულ ხორცში მწარმოებელი იყენებს სტაბილიზატორებსაც, მათი უმეტესობა კი ადამიანის ორგანიზმის ჟანგვა-აღდგენის პროცესზე და შემდგომ ნივთიერებათა ცვლაზე ნეგატიურად მოქმედებს.