"ამ კარნავალისთვის მთელი წელი ვემზადებით..." წელს "წიგნის საერთაშორისო ფესტივალი" გრანდიოზულად და განსაკუთრებულად შთამბეჭდავად დასრულდება თინეიჯერებისთვის. 29 მაისს მათ საოცარი კარნავალი ელით - დიახ, სწორედ იმის მსგავსი, რომელმაც შარშან უამრავი მოზარდი გააერთიანა და დაუვიწყარი მოგონებები დაუტოვა.
კარნავალი ტრადიციულად პოპულარული პროექტის Liberteens-ის მკითხველებს აერთიანებს. გამომცემლობამ ხომ წიგნის მოყვარული ახალგაზრდები ერთ ჯგუფში გააერთიანა და მათ თინეიჯერებისთვის სასურველი ლიტერატურის შერჩევის შესაძლებლობა მისცა. ახალგაზრდები მსოფლიო ბესტსელერებს ორიგინალში კითხულობენ და გამომცემლობას იმ წიგნის გამოცემაზე რეკომენდაციას აძლევენ, რომელიც, მათი აზრით, თანატოლებს დააინტერესებთ. მათი თანატოლები კი პროექტის "ფეისბუქის" გვერდზე, რომელსაც რამდენიმე ათასი ლაიქერი ჰყავს, განიხილავენ ამ წიგნებს და თავიანთ მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებს¬ უზიარებენ ერთმანეთს.
კარნავალი, როგორც შარშან, წელსაც კოსტიუმირებული იქნება და თინეიჯერების საყვარელი პროექტის ერთგულ გულშემატკივრებს უმასპინძლებს - მათ, რომლებიც სწორედ ამ პროექტის წიგნებით დაუბრუნდნენ კითხვას და წიგნების საოცარ სამყაროში შეაბიჯეს.
აი, რამდენიმე ლიბერთინსელის კომენტარიც, რომლებიც გვიამბობენ, რატომ შეიყვარეს ეს ლიტერატურა და რა შთაბეჭდილებები დარჩათ შარშანდელი გრანდიოზული კარნავალიდან:
თამარ დუნდუა, მკითხველი: - ამ წიგნებში აღწერილია ჩვენი ასაკის ადამიანების ცხოვრება, ისინი ჩვენი - მკითხველების იდენტურები არიან. შესაბამისად, წიგნში აღწერილი სიუჟეტები რეალურ ცხოვრებაშიც გვეხმარება. რაც მთავარია, თანატოლები წიგნის კითხვის დასრულების შემდეგ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ. ეს გვაძლევს მეტ შესაძლებლობას, ერთმანეთის აზრები და შეხედულებები ახლოს გავიცნოთ. ამასთან, „ლიბერთინსი“ საინტერესო წიგნებთან ერთად, სახალისო ღონისძიებებსაც გვთავაზობს. ჩემი ფავორიტი - კარნავალია, რომლისთვისაც მთელი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად ვემზადები. წელსაც ისეთივე გრანდიოზული კარნავალი ჩატარდა, როგორიც შარშან, რისთვისაც ორგანიზატორებს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი.
ვახო სალთხუციშვილი: - „ლიბერთინსი“-ს მკითხველი პროექტის დაწყებისთანავე გავხდი - სამწუხაროდ, დღეს ახალგაზრდები ჩვენთვის საინტერესო ლიტერატურის ქართული თარგმანებით განებივრულნი არ ვართ, „ლიბერთინსი“ კი, ამ მხრივ, მართლაც ნათელი წერტილია. სამწუხაროდ, წელს კარნავალზე მოსვლა ვერ მოვახერხე - გურჯაანში ვცხოვრობ და გარკვეული პრობლემის გამო, თანატოლებს ვერ შევუერთდი. გული მწყდება, თუმცა მომავალ წელს კარნავალში მონაწილეობას აუცილებლად მივიღებ. უკვე ვიცი კიდეც, რომელი პერსონაჟის კოსტიუმს მოვირგებ.
მაშ ასე, კარნავალი ელოდება ყველა ერთგულ ლიბერთინსელს 29 მაისს 2 საათზე. ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონის მიმდებარე ტერიტორიაზე (წერეთლის 118).