”ჟესტების ენა არ არის გამოსავალი... სმენადაქვეითებული ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრირება სხვაგვარად უნდა მოხდეს” სოფო მაღალაშვილი 24 წლის ძალიან წარმატებული მხატვარია. სმენის პრობლემის მიუხედავად, ძალიან კარგად მეტყველებს, ესმის, არის შემოქმედებითი ადამიანი და ძალიან ბევრ მშობელს თუ ბავშვს აძლევს მაგალითს იმისა, რომ შეზღუდვები რეალურად არ არსებობს.
- სოფო მოგვიყევი შენ შესახებ?
- მე ვარ სოფო მაღალაშვილი, 24 წლის. ხატვა 2 წლის ასაკში დავიწყე. დედას ვთხოვე, ჩემთვის ხე დაეხატა, დედამ არ ვიციო, არ დამიხატა ხე. გავბრაზდი და მე თვითონ დავხატე, ამის შემდეგ სულ ვხატავ. ბაღში თუ სკოლაში, ზუსტად არ მახსოვს, მასწავლებელმა გვანახა, თუ როგორ დაგვეხატა ხე და ადამიანები, ჯოხისებური ფორმებით. მე არ გავიმეორე მასწავლებლის იგივე ფორმები, დავხატე ის, რასაც რეალობაში ვხედავდი. მკითხეს, ეს რა არისო? მე კი ვუთხარი, სადაც ვხედავ, იმას ვხატავ-მეთქი.
- რა არის შენთვის ხატვა?
- მე ვფიქრობ, რომ ხატვა ის არის, რასაც შენი თვალით ხედავ და არა ის, რომ გასწავლიან, როგორ დახატო. ყველა მხატვარს თავისებური სტილი აქვს, სწორედ ეს მომწონს. კოპირებით მხატვრობას ვერ ვგებულობ. მთავარია, მხატვარმა თავისი სტილი იპოვოს. დამწყებ მხატვრებს უნდა მისცენ თავისუფლება, რომ თვითონ იპოვონ საკუთარი სტილი და ამ პროცესში განვითარდნენ. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ხატვა არ ვიციო. რომ ვნახე მისი ნახატები, ძალიან ბავშვური იყო, არ მითქვამს, ეს რას ჰგავს-თქო, შევაქე და სტიმული მივეცი. სწავლა სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა. რაღაც პერიოდის შემდეგ რომ ვნახე მისი ნახატები, გავოგნდი. არასდროს უთხრათ თუნდაც პატარა ბავშვს, რომ ის ცუდად ხატავს, შეაქეთ და ნახავთ, როგორ შეიცვლება მისი შემოქმედება უკეთესობისკენ.
- ამჟამად რას საქმიანობ?
- ამჟამად ტილოებზე ვხატავ ნახატებს, აკრილზე ვერ ვხატავ, ვერც აკვარელზე, მხოლოდ ზეთში ვხატავ. ვიღებ ფოტოებს. მიზიდავს მოდის ამბები, მაკიაჟი, სტილი, მოდელები. ყველაფერს დიდი ენერგიით ვაკეთებ, რადგან ეს ყველაფერი ძალიან მსიამოვნებს.
- დაბრკოლებები თუ გქონია ამ პროცესში?
- მქონია უსიამოვნო გრძნობები. მე არ გავურბივარ პრობლემას. გადავლახავ და უფრო კარგად ვგრძნობ თავს, პრობლემაც კარგია, ამ დროს ბევრს სწავლობ.
- შენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს ქვეყანაში სმენადაქვეითებული ბავშვების საკეთილდღეოდ?
- თუ უნდათ რაღაცის შეცვლა, ძალიან კარგი იქნება, თუ კითხავენ მათ, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს. ერთობლივად ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. ერთ-ერთი პრობლემა არის სმენადაქვეითებული ბავშვების ჟესტური ენა. მე არ ვიცი ჟესტური ენა. მე ტუჩიდან ამოკითხვა ვიცი, ეს ძალიან მარტივი, სახალისო და გასართობია. ჟესტური ენა რომ მცოდნოდა და არა ტუჩიდან ამოკითხვა, დღემდე ვერაფერს გავიგებდი, ვერც უნგრულს ვისწავლიდი, ვერც ინგლისურს და ვერ ადამიანებთან ურთიერთობას.
კარგად ვლაპარაკობ. როდესაც აპარატი არ მიკეთია, მაშინაც კარგად შემიძლია ტუჩიდან ამოკითხვა. ადრე ტელევიზორიდანაც ვერაფერს ვიგებდი, მაგრამ ახლა ყველაფერს ვიგებ ტელევიზორიდანაც და ტელეფონითაც ჩვეულებრივ ვსარგებლობ. ადრე დედა რომ მირეკავდა, არაფერი მესმოდა, ახლა უკვე დავიმახსოვრე დედიკოს ხმა და ვიცი, როგორ ბგერების გამოთქვამს.
- რას ურჩევ სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლებს?
- მნიშვნელოვანია, რომ სმენადაქვეითებულ ბავშვს მშობელმა ყურადღება ბავშვობიდანვე მიაქციოს. მე 2 წლიდან დავდიოდი ლოგოპედთან, მზია ფუტკარაძესთან. ჩემთან ბევრი იმუშავა ჩემმა მასწავლებელმა და დედიკომ. ტუჩიდან ამოკითხვა მასწავლეს, რამაც ძალიან გამიადვილა მეტყველება. ბოტანიკურ ბაღში, წმინდა გიორგის სახელობის სკოლაში დავდიოდი, პირველ მერხზე ვიჯექი, ვუყურებდი მასწავლებელს და მისი ტუჩიდან ვკითხულობდი ბგერებს, რომ გაკვეთილი გამეგო. მადლობა დედიკოს და მზია მასწავლებელს რომ ასეთი დიდი შრომა ჩადეს ჩემში.
არ ლაპარაკობს თქვენი ბავშვი? სმენის პრობლემა აქვს? მას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება! ის აუცილებლად ილაპარაკებს. მთავარია, ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდეს. როგორც გითხარით, მე ვფიქრობ, რომ ჟესტური ენით ეს ბავშვები ცხოვრებას ვერ აიწყობენ, ეს არ უნდა იყოს აუცილებელი მეთოდი. მე ძალიან მინდა, რომ ყველა სმენადაქვეითებულმა ბავშვმა ძალიან მაგრად ილაპარაკოს. ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა! შეუწყვეთ ხელი ამაში!
სალომე გორგოშიძე