"აიღეთ მაგ ცხვრების საფასური ან თვითონ ეგ ცხვრები და თქვენი სოფლის ღარიბ-ღატაკებს, ობლებს და გაჭირვებულებს აჩუქეთ..." ლომისობის დღესასწაულის შესახებ დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს. მოძღვარი მრევლს ლომისობასთან დაკავშირებულ წარმართულ ტრადიციაზე რჩევას აძლევს:
"არაა ეს ქრისტიანული წესი! დღეს ლომისობაა - ლომისის წმინდა გიორგის სალოცავის დღესასწაული.
გილოცავთ, მაგრამ ცხოველების ეს სისხლიანი მსხვერპლშეწირვა არანაირად არაა ქრისტიანული წესი.
თუ გინდათ, რომ უფალმა მართლა შეიწიროს თქვენი შესაწირი, აიღეთ მაგ ცხვრების საფასური ან თვითონ ეგ ცხვრები და თქვენი სოფლის ღარიბ-ღატაკებს, ობლებს და გაჭირვებულებს აჩუქეთ. ეს იქნება ნამდვილი მსხვერპლი და მაგას შეიწირავს უფალი. არც წმინდა გიორგის და არც მით უმეტეს ღმერთს არ სჭირდება ეგ სისხლით მორწყული მიდამო და ცხვრის ხორცი.
არაა ეს ქრისტიანული წესი!", - წერს მოძღვარი.
ცნობისათვის, წელს ლომისობის დღესასწაულზე 80-მდე ადამიანი დაშავდა. იხილეთ 2016 წლის ლომისობის ფოტოები