"მასალების გადახედვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ბავშვობაში საერთოდ არ მჭირდებოდა ოპერაცია და აღმოვჩნდი საცდელი კურდღელი" ჩვენი ქალაქი და ქვეყანა რომ შშმ პირებისთვის სახარბიელო საცხოვრებელი არაა, სამწუხარო, თუმცა უდავო ფაქტია. შშმ პირებს ხშირად თავად უწევთ იმის შეხსენება ხალხისთვის, რომ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან. ინგა ნაბახტეველი არაჩვეულებრივი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დაძლიოს ადამიანმა ექიმების დაუდევრობითა თუ განგების მიერ წარმოშობილი პრობლემები და როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება არა მარტო უკეთესი მომავლის იმედით, არამედ სხვა შშმ პირებისთვის შესაბამისი გარემოსა და პირობების შექმნაზე ზრუნვაში.
- მე თვითონ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი ვარ, საკმაოდ რთული გზა გამოვიარე ჯანმრთელობის თვალსაზრისით, რომ ჩემი დღევანდელი მდგომარეობისთვის მიმეღწია. 44 წლის გახლავართ, პროფესიით მუსიკის პედაგოგი, პიანისტი ვარ. ერთი პერიოდი ვმუშაობდი მუსიკალურ სტუდიაში, რომელიც მე და ჩემმა თანამოაზრემ 2000 წელს ერთად დავაფუძნეთ. 2003 წელს უკვე მარტომ ჩამოვაყალიბე მუსიკალური სტუდია სამხედრო ქალაქ ვაზიანში და იქ 2 წლის განმავლობაში ვმუშაობდი. 2007 წელს, როცა უკვე საკმაოდ რეალიზებული გახლდით, ვმუშაობდი ორ სტუდიაში, გავიკეთე ორივე მენჯ-ბარძაყის ენდო-პროთეზირება, რაც შედეგიანი აღმოჩნდა, მაგრამ რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი მჭირდებოდა, ფაქტობრივად 7 წლის განმავლობაში ორი ყავარჯნით დავდიოდი და ისე სუსტად ვიყავი, ყოველი ქარის ამოვარდნისას შიში მქონდა, ზედმეტ ნიავს არ წავექციე. ამის მიუხედავად, გავდიოდი ქუჩაში, ვვარჯიშობდი, რომ რაღაცნაირად მიმეღწია იმ მდგომარეობამდე, ჩემი ჯანმრთელობა კონტროლილებადი გამეხადა და საზოგადოებაში ისევ გავსულიყავი.
- რა იყო თავდაპირველად თქვენი პრობლემა?
- მოგახსენებთ. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მქონდა მენჯ-ბარძაყის დისპლაზია. ეს არ არის რაიმე იშვიათი სახეობის გადახრა, მაგრამ იმ პერიოდში მედიცინა არ გახლდათ სათანადო დონეზე განვითარებული და შეცდომები დაუშვეს. ამ პრობლემის მქონე ბავშვებს სვამდნენ თაბაშირში. მე საკმაოდ დიდი ხანი მომიწია თაბაშირში ყოფნამ, ამოყვანის დროს კი ამოუვარდათ ფეხი და უკვე ორწლინახევრიდან 6 წლამდე პერიოდში გამიკეთდა ოთხი ოპერაცია. 18 წლის რომ გავხდი, მივედი ჩემს ტრავმატოლოგთან და დაველაპარაკე. იცით რა მითხრა? შენზე დისერტაცია მაქვს დაწერილიო. მასალების გადახედვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საერთოდ არ მჭირდებოდა ოპერაცია და აღმოვჩნდი საცდელი კურდღელი, იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის მასშტაბით 6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის 4-ჯერ ოპერაციის გაკეთება იუშვიათესი შემთხვევა იყო, ფაქტობრივად, ათეულში ვიყავი. ეს იყო ბედის ირონია.
ხშირად ვფიქრობ ხოლმე ამ ყველაფრზე, შეიძლება ვალამაზებ, მაგრამ რომ არ გამევლო ეს გზა, ალბათ სხვა ადამიანი ვიქნებოდი, არ ვიცი, უკეთესი თუ უარესი, მაგრამ ამდენი ფიქრის შესაძლებლობა არ მექნებოდა. დღეს არც ისე უკმაყოფილო ვარ ცხოვრებით, ძალიან ადრეულ ასაკში ვისწავლე ფიქრი და გავიარე სერიოზული გზა. თუმცა, გულდასაწყვეტი იცით რა არის? ახლაც მჭირდება რეაბილიტაცია, მაქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი, მაგრამ დაზღვევით შემოთავაზებული საჭირო სერვისები მაინც ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანმა კომპლექსურად გაიაროს რეაბილიტაციის ნორმალური კურსი. 10 წლის წინ ორივე მენჯ-ბარძაყზე ურთულესი ოპერაცია გავიკეთე, ორივეჯერ კინაღამ მოვკვდი, ხელახლა ვისწავლე სიარული და ხელახლა დავიწყე თავის დამკვიდრება. რომ გამევლო ისეთი რეაბილიტაციის კურსი, რასაც ნამდვილად ვსაჭიროებდი, დღეს მექნებოდა გაცილებით უკეთესი შედეგი, ვიდრე მაქვს. უკვე სამი წელია, ორის ნაცვლად ერთი ყავარჯნით დავდივარ და რა მჭირდება იცით? 5000-6000-ლარიანი რეაბილიტაცია, წყალი, მასაჟი, ვარჯიში და შესაძლოა, საბოლოოდ დავძლიო ეს პრობლემა. სამწუხაროდ, ამ თანხას ერთიანად თავს ვერ ვუყრი, ხან ერთგან მაფინანსებენ და შესაბამის კურსს ვიტარებ, ხან – მეორეგან და ა.შ. თან იმდენი სარბენია, იმდენი საწვალებელია, რომ ბოლოს უკვე ისეთი გადაქანცული ხარ, ძალას ძლივს პოულობ იმ ყველაფრის გასაკეთებლად, რისთვისაც იბრძოლე. ჯანდაცვის დაზღვევის საყოველთაო პაკეტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას, იმიტომ, რომ ეს აუცილებლია და არაა ესთეტიკასთან კავშირში. როცა ადამიანს შშმ პირის სტატუსი აქვს, თუნდაც მუშაობდეს, მას ფინანსური დანახარჯები გაცილებით მეტი აქვს, ვიდრე ჯანმრთელს, იმიტომ, რომ ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა ვერ ადიოდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში და გადაადგილება უხდებოდეს ტაქსით, წამალს და დამატებით ხარჯებს რომ თავი დავანებოთ.
- ინგა, თქვენ დღეს რეალიზებული ადამიანი ბრძანებით, მუშაობთ და ცდილობთ, სხვა შშმ პირებს რაიმე ფორმით მაინც შეუმსუბუქოთ ყოფა...
- როგორც გითხარით, ოპერაციების შემდეგ გადავწყვიტე მომეძებნა ახალი სამსახური, თუმცა ჩემს აყვანას ერიდებოდნენ. მართალია, ახალი ნაოპერაციევი ვიყავი და მიჭირდა გადაადგილება, მაგრამ ვივლიდი რაღაცნაირად, ოღონდ კი დავსაქმებულიყავი. მუხედავად ჩემი კვალიფიკაციისა და გამოცდილებისა, კულტურულად მეუბნდებოდნენ, რომ დამირეკავდნენ და რასაკვირველია, არავინ რეკავდა. შედეგად, ჩემი პროფესიით სამსახური ვეღარ ვიშოვე. როცა არსად მუშაობ, კერძოOმოსწავლეებიც აღარ გყავს, თუმცა სურვილის შემთხვევაში უფასოდაც ვამეცადინებდი, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი სპეციალობა. გარკვეული დროის შემდეგ ჩემი მეგობარი დამიკავშირდა და მითხრა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია `ქალი და რეალობა" შშმ პირების ადვოკატირებისთვის მართავდა ტრენინგს, დავესწარი ამ ტრენინგებს და ამან მომცა დიდი მოტივაცია, დავინახე ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩემნაირ მდგომარეობაში, მაგრამ არ ისხდნენ სახლებში.Aამის შემდეგ მონაწილეობა მივიღე ჩეხეთის კარიტასის დასაქმების პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებდა შშმ პირების სტაჟირებასა და შემდგომ დასაქმებას. სტაჟირება გავიარე როგორც მუზთერაპიის პედაგოგმა 192-ე სკოლაში, რის შემდეგაც მუშაობა დავიწყე ასოციაცია `ანიკაში" მოხალისე პედაგოგად და უკვე ერთი წელია, ოფიციალურად მათი თანამშრომელი ვარ, ვეხმარებით შშმ ბავშვებს.
ამავე პერიოდში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა ღონისძიებაში, კარგად გავეცანი საკუთარ უფლებებს და იმასაც, რომ საქართველოს მთავრობამ გაეროს კონვენციის დანერგვის შემდგომ, აიღო პასუხისმგებლობა შშმ პირებისათვის ინფრასტრუქტურისა და გარემოს ადაპტირებაზე, მათი დასაქმების საკითხზე და ა.შ. თავად დავაფუძნე ქალთა ორგანიზაცია `მზიანი ბილიკი", რომლის პრეზიდენტიც გახლავართ. დაფუძნებიდან 2 თვეში დავწერე პროექტი, მოვიპოვე გრანტი, რომელიც დამიფინანსა ფინეთმა. პროექტის ფარგლებში შშმ ქალებმა ამოავლეს ჩურჩხელები და შემდეგ მოვახდინეთ მათი რეალიზაცია. მომავალში იმედი მაქვს, გავაკეთებ ისეთ პროექტს, რომელიც იქნება გრძელვადიანი და შშმ პირებს ექნებათ მუდმივად დასაქმების პერსპექტივა.
ამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა ადამიანმა მიმიხმო თავისი ფაიფურის საამქროს სანახავად იმ იდეით, რომ იქ შშმ პირების დასაქმება მომხდარიყო, რასაკვირველია, ვნახე, მაგრამ ადაპტირება სჭირდება საამქროს. შემდეგ კი 10 ქალი მაინც დასაქმდება და ეს ძალიან დიდი და კეთილი საქმე იქნება.
- როგორც უკვე გვითხარით, მუშაობთ შშმ ბავშვებთან, მუსიკას ასწავლით?
- ასოციაცია "ანიკაში" მუზთერაპიის პედაგოგი გახლავართ, ვმუშაობ როგორც 6-18 წლის ბავშვებში, ასევე 18-45 წლის ზრდასრულებში - ეს ცენტრი ორივე სეგმენტს ემსახურება. რამდენადაც მე ვიცი, საქართველოში მუზთერაპიის ფართო გამოცდილება არ აქვთ.
- ზუსტად ეს მაინტერესებდა, რას გულისხმობს მუზთერაპია...
- ბევრი მისვამს ამ კითხვას. ზოგადად მუსიკის როლი ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდია, ალბათ გაგიგიათ, რომ სხვადასხვა კლასიკოს კომპოზიტორს სხვადასხვა დატვირთვა აქვს ემოციაზე. ჩემი ამოცანაა, მუსიკით, სიმღერით გამოვიწვიო დადებითი ემოციები, რაც შეიძლება მეტი პოზიტივი და ხელი შევუწყო შშმ პირების განათლებას. გაკვეთილი დაყოფილი მაქვს რამდენიმე ეტაპად, ვუსმენთ ნაწარმოებს, შემდეგ ვყვებით, რა გამოიწვია მოსმენილმა ჩვენში, რა გაგვახსენა და რა ემოცია დაგვიტოვა. მუსიკალური თერაპია ეს გახლავთ ადამიანზე ზემოქმედების მოხდენა მუსიკით, ყველაფერს ვაკეთებ, რომ იმედით მოცქერალ ადამიანებში მეტი პოზიტივი ჩავდო, მივცე განათლება და დავანახო, რომ ცხოვრება ყველაფრის მიუხედავად, არც ისე ცუდია და შეიძლება, ადამიანი მეტ-ნაკლებად ყველა პრობლემას მოერიოს, თუ ის იბრძოლებს. ამასთან, ჩემი მიზანია ამ ადამიანებში გავზარდო დამოუკიდებლობის ხარისხი. ჩვენთან ძალიან ბევრი გულისხმიერი პედაგოგი მუშაობს, მაგრამ ვთვლი, რომ მე უფრო მეტად მესმის ამ ადამიანების, რადგან კარგად ვიცი, რა არის ტკივილი. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ამით ვსპეკულირებ. როცა რაღაც გადატანილი და საკუთარ თავზე გამოცდილი გაქვს, ბუნებრივია, სხვანაირად შეიგრძნობ, მოსმენისას კი, შეუძლებელია ყველაფერი დეტალურად გაიაზრო და გაითავისო. ეს რთული გზა რომ მაქვს გამოვლილი, სწორედ მაგიტომ მინდა, გავზარდო დამოუკიდებლობის ხარისხი შშმ პირებში, ამასთან, მენტალობის საკითხიც რთულად დგას ჩვენში და აქაც გამოსასწორებელია ბევრი რამ. აუცილებელია, არსებობდეს სპეციალიზებული სამსახური, რომელიც მორგებული იქნება შშმ პირებზე. გარდა ამისა, ძალიან ბევრი რამეა ოჯახებზე დამოკიდებული. დიდი ხანი არ არის, რაც შშმ პირები ოჯახებმა გარეთ `გამოიყვანეს", ეს თვითონ ოჯახის წევრებისთვისაც დიდი შეღავათია... როცა 24 საათი მიჯაჭვული ხარ ადამიანზე და შენს პირადზე ვერც კი ფიქრობ, ეს უკვე კატასტროფაა, გასვლა და გარემოს შეცვლა კი მათთვის ერთგვარად დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაა.
ციცი ომანიძე