როგორ აღვნიშნოთ პეტრე-პავლობა პეტრე პავლობის მარხვა 27 ივნისს დაიწყო და 12 ივლისამდე გაგრძელდება. პეტრე- პავლობის მარხვა სხვა დადგენილ მარხვებთან შედრებით ხანმოკლეა. მისი დაწყების დრო აღდგომის დღესასწაულთან არის დაკავშირებული. ამ მარხვაში, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, თევზის ჭამა დაშვებულია. უფრო ვრცლად გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):
- როგორ უნდა მოვეზადოთ პეტრე- პავლობის დღესასწაულისთვის?
- ქრისტიანი იწყებს მსახურებებში ჩართულობით განამზადოს სული დღესასწაულის მისაგებებლად. მარხვა უპირველესი ზანზალაკია მიძინებული სინდისის გამოსაფხიზლებლად. თუ აქამდე გვეზარებოდა ტაძარში სიარული, ახლა თავი უნდა ვაიძულოთ მივიდეთ. თუ აქამდე გვეზარებოდა ლოცვა და თან მისი მნიშვნელობის შესახებ არაფერი ვიცოდით, დღეიდან შევეცადოთ გონივრულად გამოვეძიოთ და პრაქტიკულ ცხოვრებაში ასახვა ჰპოვოს ძიებითმა პროცესმა. ქრისტიანობა დინამიკაა, არ შეიძლება სტატიკურ მდგომარეობაში გაჩერება.
- ეკლესიაში წასვლამდე, რა გავაკეთოთ სახლში - უნდა დავანთოთ თუ არა სანთელი, ვაკმიოთ თუ არა საკმეველი?
- სახლიდან სანამ გავალთ, მადლობა შევწიროთ ღმერთს გათენებული დღისთვის და ხატებთან სანთელი სამადლობლოდ დავანთოთ.
- როგორ უნდა აღნიშნონ ეს დღესასწაული ამ წმინდანების მოსახელეებმა?
- პირველ რიგში, კარგი იქნება მათ ცხოვრებას თუ შეისწავლიან, ხოლო უფალი თავისთავად გაუხსნის გზას მიმბაძველობისთვის, როგორც ბრძანა პავლე მოციქულმა: "მობაძავ ჩემდა იყვენით, ვითარცა მე ქრისტესა". უპირველესი საქმეა მათ მსგავს ცხოვრებას მივსდიოთ.
- თუ შეიძლება პეტრე- პავლობის მარხვაში ნათლობა?
- ნათლობა ნებისმიერ დროს შეიძლება, არ არსებობს დღე, როდესაც ნათლობის ჩატარება დაუშვებელია.
- პეტრე- პავლობის მარხვა იმით გამოირჩევა, რომ თევზით ხსნილია, რატომ არის დაშვებული ამ მარხვაში თევზის ჭამა?
- ერისკაცთათვის ეკლესია მუდამ ახსნილებდა თევზით, რადგან ეს პროდუქტი არ ითვლებოდა მძიმე საკვებად. ზღვის პროდუქტებზე II საუკუნიდან უპრობლემო დაშვება იყო. მონაზვნების ასკეტური წესი უფრო განსხვავებული იყო, სტუდიელთა მონასტერში საერთოდ არ ჭამდნენ მარხვის პერიოდში თევზს.
- ამ მარხვაში თევზის ჭამა ოთხშაბათსა და პარასკევსაც შეიძლება? თუ არდა რატომ არ შეიძლება?
- რაციონის დოგმატიზირება არცერთ კრებაზე არ განსაზღვრულა, რისი ჭამა შეიძლება და რისი არა. მაგრამ, განსაზღვრება გვაქვს: ვინც ორმეოცი, ოთხშაბათი და პარასკევი დაარღვიოს თუ მღვდელი იყოს განიკვეთოს, თუ ერისკაცი უზიარებით დაისაჯოს. ოთხშაბათსა და პარასკევს ეკლესია გვახსენებს გაცემისა და ჯვარცმის დღეს, ზოგიერთი ეკლესიის მამები ამ დღეებში საერთოდ არ ჭამდნენ უფლის სიყვარულის გამო. თავშეკავებით მეტად განიმსჭვალება სული სიწმინდით.
- უფალს 12 მოციქული ჰყავდა და არცერთი სხვა მოციქულის სახელზე არ არის დაწესებული მარხვა, გარდა პეტრესი და პავლესი...
- ყველა მარხვას აქვს თავისი სახელწოდება, დღესასწაულის მნიშვნელობიდან გამომდინარე. არსი საწყისში ზოგიერთი მარხვისა სხვა მიზნით იყო ჩამოყალიბებული, დღევანდელი სახე კი ეკლესიამ ფორმულირებულად IV საუკუნიდან მოგვცა. მოციქულთა მარხვადაც იწოდებოდა ადრე, მაგრამ, ვინაიდან პეტრე- პავლობის დღესასწაულით გვირგვინდება მარხვის დღეები, ამიტომაც ეკლესიამ უწოდა პეტრე- პავლობის მარხვა.
თეა ცაგურიშვილი