"ამაშია დათუნას და ზოგადად კარგი მომღერლის ინდივიდუალიზმი..." "იქს-ფაქტორის" მორიგი ტურის შემდეგ პროექტს ყველაზე პატარა მონაწილე - დათუნა ლაზარიშვილი გამოეთიშა. მას უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა და ბევრს დასწყდა გული ამის გამო. დათუნას დედის, მუსიკოს მაია კაჭკაჭიშვილის ფეისბუქ-კედელზე ბევრი წერდა გულისტკივილით ამ ამბის შესახებ. თავად მაიამ დათუნას გავარდნის შემდეგ მოკლე პოსტი გაავრცელა: "კარგად ჩავაწყვე..." მოგვიანებით კი იმ სიმღერას მიუძღვნა ვრცელი კომენტარი, რომელიც დათუნამ იმღერა:
"რუსა მორჩილაძის ეს სიმღერა ("იები") ვიმღერე გამოცდაზე. მაშინ არავინ იცოდა, არც ნინო ქათამაძემ. მე ვიყავი 17 წლის.
ჩემი ვოკალის პედაგოგი მზეონა მახარაძე და რუსა ჯგუფელები იყვნენ და მზეონამ მამღერა
მისი მეგობრის, ჯგუფელის სიმღერა. ნინომ ჩემგან გაიგო ეს სიმღერა, აღფრთოვანდა და იმღერა. მართლაც გენიალური სიმღერაა. შედარება არ უნდა გააკეთო იმ მომღერალთან, ვისგანაც იცი ეს ნაწარმოები, იმიტომ რომ ყველა ადამიანი თავისებურად აღიქვამს სიმღერის სფეციფიკას და ისე გადმოსცემს მაყურებელს. ვიცნობ რუსას კარგად და ვიცი, როგორც აქვს დაწერილი, დარწმუნებული ვარ, მოეწონა... ამაშია დათუნას და ზოგადად კარგი მომღერლის ინდივიდუალიზმი, რომ ასრულებს ისე, როგორც თვითონ გრძნობს. ასე რომ, ნიკა გვარამიას კომენტარმა მხოლოდ იმედგაცრუებული "სმაილიკი" მომგვარა სახეზე".
მოგვიანებით გაირკვა, რომ დათუნას თანამშრომლობა შესთავაზა ამერიკაში მოღვაწე ახალგაზრდა მუსიკოსმა ბექა გოჩიაშვილმა და ასევე გავრცელდა ხმები, რომ შესაძლოა სწორედ მან წარმოადგინოს საქართველო საბავშვო "ევროვიზიაზე". ასე რომ, დათუნასთვის ამ პროექტში მონაწილეობა მაინც დიდი გამარჯვება აღმოჩნდა.