"მისი წარსული რთული და ტრაგიკულია. არც მინდა, მისნაირ ვინმეს ვიცნობდე..." 13 წლის რუსკა ქარქაშაძე 500 ბავშვს შორის, "ფორმულა კრეატივის" რჩეული გახდა. კასტინგზე მისულმა სულაც არ იცოდა, რომ შემოქმედებითი ჯგუფის წევრები ახალი სერიალისთვის მთავარ გმირს ეძებდნენ. "ხელოვნური სუნთქვა" მისი ცხოვრების ნაწილი გახდა. რუსკას გმირი - მელანო მამასთან ერთად ცხოვრობს.
- თეატრი ძალიან მიყვარს და სპექტაკლებზე ხშირად დავდივარ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში მორიგი სტუმრობისას, მსახიობ ანა სანაიასგან გავიგე, რომ "ფორმულა კრეატივი" ჩემი ასაკის გოგონას ეძებდა. მან მირჩია, მივსულიყავი. კასტინგი ორ ტურად ტარდებოდა. პირველი ტური ისე გავიარე, მეგონა, გოგონას "ჩემი ცოლის დაქალების" ეპიზოდური როლისთვის არჩევდნენ. პირველ დღეს 500-მდე ბავშვი იყო, მეორე ტურზე კი მხოლოდ სამი დაგვიბარეს. მაშინ გავიგე, რომ გოგონას ახალი სერიალის მთავარი როლისთვის ეძებდნენ. ამ ამბავმა უფრო მეტად მოტივირებული გამხადა. ვიფიქრე, - ეს რომ თავიდანვე მცოდნოდა, შეიძლებოდა, საკუთარი თავი უკეთ წარმომეჩინა-მეთქი. მეორე ტურში მაქსიმალურად დავიხარჯე.
- გქონდა მოლოდინი, რომ როლზე დაგამტკიცებდნენ?
- ჩემი თავის ყოველთვის მჯერა და გამონაკლისი არც ამ შემთხვევაში მომხდარა. შრომას თუ არ დავიზარებ, ყველაფერი გამომივა. კასტინგის მეორე ტურის გავლის შემდეგ მითხრეს, რომ ორი კვირის განმავლობაში დამიკავშირდებოდნენ. 2 კვირაზე მეტი გავიდა, არ დამირეკეს და მეც, იმედი გადამეწურა. დაახლოებით 3 კვირის შემდეგ, მამას დაურეკეს. აღმოჩნდა, რომ ნომრები არევიათ და მეძებდნენ. მამას უთხრეს: ერთ გოგონას ვეძებთ. თქვენი შვილი კასტინგზე ხომ არ იყოო? მერე ჩემი ფოტო მამას სოციალურ ქსელში გამოუგზავნეს. აი, ასე მიპოვეს და როლზე დამამტკიცეს.
- მელანოსნაირ გოგონებს იცნობ?
- საბედნიეროდ, არ ვიცნობ. მელანოს არ ჰქონია ლაღი ბავშვობა. მისი წარსული რთული და ტრაგიკულია. არც მინდა, მისნაირ ვინმეს ვიცნობდე. მინდა, ყველა ბავშვი ბედნიერი იყოს. მელანო როგორ შევქმენი? არავისგან არაფერი ამიღია. დავჯექი, მელანოს ცხოვრებაზე დავფიქრდი, ჩემი თავი მის ადგილას წარმოვიდგინე და თამაში ბუნებრივად დავიწყე. ეს პერსონაჟი მხოლოდ ჩემი წარმოსახვით და გმირის ხასიათის გათვალისწინებით შევქმენი. გადასაღებ მოედანზე ტაშს ხშირად მიკრავენ.
- მომავალში მსახიობობას აპირებ?
- აუცილებლად, მსახიობი ვიქნები! ეს ადრეულ ასაკში გადავწყვიტე. ძალიან პატარაც კი ვუყურებდი ფილმებს და სურვილი მქონდა, იმ მსახიობების ადგილას მე ვყოფილიყავი,
- შენი რეალური ოჯახი გაგვაცანი.
- ვცხოვრობ მშობლებთან და და-ძმასთან ერთად. დაც და ძმაც ჩემზე პატარები არიან. ჩემი და ჩემი დიდი მესაიდუმლეა, მას ყველაფერს ვუყვები. ძმა ჯერ პატარაა.
- საქართველოში მშობლებს რატომღაც, არ აქვთ სურვილი, რომ მათმა შვილმა მომავალ პროფესიად მსახიობობა აირჩიოს. ოჯახში შენს ინტერესებს როგორ ხვდებიან?
- თავდაპირველად არ მოსწონდათ, მაგრამ დღეს ჩემი დიდი გულშემატკივრები არიან. განსაკუთრებით მამა აქტიურობს. პირველად სპექტაკლზე რომ მნახა, ამბობდა, თვალზე ცრემლი მომადგაო. დღეს ის ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. განაგრძეთ კითხვა