ამის შესახებ მსოფლიო საეკლესიო კრებამ ისჯელა მართლმადიდებელ და არამართლმადიდებელ პირს შორის ჯვრისწერის დაშვებაზე 16 -17 ივნისს მსოფლიო საეკლესიო კრებამ ისჯელა. მხოლოდ ორი ქვეყანა საქართველო და ანტიოქია გამოვიდა შერეული ჯვრისწერის წინააღმდეგი.
რატომ არ დათანხმდა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მართლმადიდბელ და არამართლმადიდებელს შორის ჯვრისწერას?
ამის შესახებ გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):
- არამართლმადიდებლისა და მართლმადიდებლის ჯვრისწერის ფაქტი ახსოვს მართლმადიდებელ სამყაროს?
- მომხდარა, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება საეკლესიო კანონიკას. ჯერ კიდევ, სემინარიის სტუდენტი ვიყავი, როდესაც აკადემიაში ამერიკიდან ჩამობრძანდა სასულიერო პირი და მან თქვა, რომ ჩვენ სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს ჯვარს ვწერთო. ამან ჩვენშიგაკვირვება და ბუნდოვანება გამოიწვია. შერეული ქორწინების საკითხი იწვევს მუდმივ გაუგებრობას. ადამიანმა ამ საკითხზე ამომწურავი პასუხი რომ მიიღოს, პირველ რიგში უნდა დასვას კითხვა: თუ ერეტიკოსთან შესაძლებელია ქორწინება, მაშინ რატომ არის დაუშვებელი მოუნათლავ ადამიანთან ჯვრისწერა? მართლმადიდებლისთვის არ არსებობს ურია, არ არსებობს ელინი, თუ ისინი დაიწყებენ ჭეშმარიტი გზით სვლას. გალატელთა მიმართ ეპისტოლე შეჩვენებას უთვლის იმ ადამიანებს, რომელნიც წარმართობითა და რჯულით იკვეხნიან, ხოლო ქრისტეს მცნებებს არ ერწმუნებიან. მხოლოდ უფლისადმი დამორჩილებულნი იხილავენ ნათელს: შენდამი იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი (გალ. 3). ესა თუ ის რჯული ან ხედვა, ვერ აცხოვნებს ადამიანს: "და უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან შჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა, და ჩუენ იესუ ქრისტეს მიმართ გურწმენა, რაჲთა განვმართლდეთ სარწმუნოებითა ქრისტესითა და არა საქმეთაგან შჯულისათა; რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი'' (გალ. 2. 16)
სხვა შემთხვევაში მოციქულები თავის წიაღში არ ღებულობდნენ უცხო აღმსარებლობის პიროვნებებს, პავლე მოციქული ურჩევს ტიტეს, რომ მიიღოს კეთილმოსურნენი უფლისა, რომლებსაც სურთ ძველი ცხოვრებისგან მოშორება, ახსენებს: "ვინაიდან ოდესღაც ჩვენც უგუნურნი ვიყავით, ურჩნი, შეცდთმილნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ბოროტებასა და შურში დანთქმულნი, ბილწნი და ურთიერთმოძულენი'' (ტიტ. 3.3), მაგრამ, იქვე განუმარტავს: "ხოლო ფუჭ ძიებას, გვარტომობის ჩხრეკას, შუღლსა და დავას რჯულის თაობაზე თავი არიდე, რადგანაც ყოველივე ეს ურგებია და ამაო. მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი'' (ტიტ. 3. 9-11). კათოლიკეებთან ან სხვა აღმსარებლებთან "ფერება'' რელიგიურ საკითხებში ჩვენი საქმე არ არის, თუ სურვილი აქვთ, გამყარებული მწვალებლობა უნდა მიატოვონ და დაკარგულ სახლს უძღები შვილის მსგავსად დაუბრუნდნენ. ჩვენი შექმნილი არ არის რელიგია, ჩვენი ნებით რომ მოვაწყოთ. უფალმა მოციქულთა პირით განგვიმარტა და მოგვაწოდა საჭირო, საცხოვნებელი ინფორმაცია. მწვალებლებთან არანაირი საიდუმლოებითი კავშირი არ დაიშვება, შეუძლებელია და ღვთის ღალატია. ცალსახად უნდა ითქვას, რომ ერესის გამართლება არ შეიძლება. ტრულის კრება მკაცრად განაჩენს: "მართლმადიდებელმა მამაკაცმა მწვალებელი დედაკაცი არ უნდა შეირთოს, არც მწვალებელ მამაკაცს უნდა შეეუღლოს მართლმადიდებელი დედაკაცი. თუ მოხდეს ასეთი რამ. ვისგანაც არ უნდა იყოს ოდესმე ჩადენილი, უკანონოდ და დაუმტკიცებლად ჩაითვალოს ასეთი ქორწინება და დაირღვეს უწესო თანამკვიდრობა, რადგან შეუერთებელთა შეერთება არ შეიძლება, არც ცხვრისა და მგლის ერთმანეთთან დაკავშირება იქნება და არც ქრისტეს ნაწილის ცოდვილთან შეერთება...'' (კონსტანტ. VI მს. კრ. 72 კნ).
ერეტიკოსები არიან კათოლიკები და მათთან ქორწინების დაშვებულობა მწვალებლობასთან თანაზიარებას ნიშნავს: "არამედ დაღათუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარეთ თქუენ, შეჩუენებულ იყავნ!" (გალ. 1.) უფალი ძველ აღთქმაში აფრთხილებს ჯერ კიდევ ისრაელიანებს: " არ დაუმოყვრდე, არ გაათხოვო შენი ქალიშვილი მის ვაჟზე და არ მოუყვანო შენს ვაჟს მისი ქალიშვილი ცოლად,რადგან ჩემი გზიდან ააცდენენ შენს ვაჟს, დაიწყებენ უცხო ღმერთების თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ განადგურდებით" (მეორე რჯული 7. 3-4). სასულიერო პირები, თეოლოგები თვლიან, რომ შერეული ქორწინება პრობლემას არ წარმოადგენს, სინამდვილეში ერესთან საიდუმლო თანაზიარებას გვიქადაგებენ. მოციქული კრძალავს უფლის გარეშე მყოფებთან ქორწინებას: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ (1კორ. 7. 39). IV მსოფლიო კრება ადგენს: "ზოგ ეპარქიაში ნებადართულია წიგნის მკითხველთა და მგალობელთა ქორწინება. წმინდა კრება ადგენს, რომ არცერთ მათგანს ნება არა აქვს სხვა სარწმუნოების მქონე მეუღლის მოყვანისა" (ქალკ. მე-14 კან.).
- როდის არის დაშვებული ქორწინება სხვა აღმსარებლებს შორის?
- ერთადერთი მიზეზი, როდესაც შეიძლება დაშვება ქორწინებისა, თუ მოიქცევა ერეტიკოსი, მოინათლება და აღთქმას დადებს ქრისტიანობისა. თქვენ იცით, რომ ქრისტიანობის აღთქმა ნათლობის დროს იდება, სხვა შემთხვევა ახალი აღთქმის ეკლესიამ არ იცის კანონიკურად მსგავსი რამ. ლაოდიკიის კრება წერს ამ საკითხზე: " არ შეიძლება ერეტიკოსებთან მძახლობა, ვაჟის ან ქალის მიცემა მათთვის. უფრო დასაშვებია მოყვანა მათგან, თუ ისინი აღთქმას დადებენ, რომ გაქრისტიანდებიან'' - ნათლობის შემდეგ ქრისტიანული გონი ექნებათ მუდმივად. ისიც გასათვალისწინებელია, რომ წმინდა მამები ერეტიკოსებს სულიერ მეძავებს, მოღალატეებს უწოდებდნენა, აქვე მოვიყვანოთ მოციქულ პავლეს სიტყვები: "ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: "ორივე იქნება ერთ ხორც"(1კორ, 6.16). მანიპულირება იმით, რომ კრებები ცვლიდნენ "იკონომიით'' დაშვებულ კანონებს, ეს სიტყვების თამაშია. ეკლესიის მამათა და კანონთა ერთობა, ერეტიკოსთან კრძალავს საიდუმლოებებში ურთიერთობას. ადამიანურად მისალმება არ აუკრზალიათ და მათ გვერდით მეზობლად თანაცხოვრება. ეკლესიაში მიღება და საიდუმლოებებში წესრიგი კი კატეგორიულად განგვიჩინეს მოციქულებმა და წმინდა მამებმა.
თეა ცაგურიშვილი