ის ბევრი ადამიანისთვის გახდა სამაგალითო, ისევე, როგორც მისი მშობლები! გაბი შელს ეს 2011 წელს შეემთხვა. ყინულზე სრიალისას ცუდად წაიქცა, თავიდან სერიოზული არაფერი ჩანდა, ჩვეულებრივი ნაღრძობი ფეხი, თუმცა.
გოგონას საშინელი დიაგნოზი დაუსვეს, ოსტეოსარკომა. 9 წლის გაბის სიმსივნესთან შებრძოლება მოუწევდა. ომი კი დანაკარგის გარეშე, მოგეხსენებათ, არ არსებობს.
სამთვიანი ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ გოგონას როტაციული ამპუტაცია ჩაუტარდა, მას სიმსივნით დაზიანებული ადგილი მოკვეთეს და დანარჩენი ფეხი უკან მიაკერეს, თუმცა ეს ნაწილი 180 გრადუსით იყო შეტრიალებული. ასეთი ამპუტაცია შემდგომში მოძრაობის საშუალებას იძლევა, თუმცა ძალიან ცუდად გამოიყურება. მაგრამ როდესაც საუბარია ბავშვის სიცოხლეზე, არჩევანის საშუალება აღარ არის.
- ოპერაციამდე გაბის ვესაუბრეთ, ვანახეთ ვიდეო, როგორ ცხოვრობენ ადამიანები როტაციული ამპუტაციის შემდეგ. ერთადერთი დამაფიქრებელი ფაქტორი ვიზუალი გახლდათ, მაგრამ ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენს გოგონას მაქსიმალურად სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონოდა, - იხსენებს გაბის დედა.
- ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი, ის იყო, რომ ძალიან მინდოდა ისევ მეცეკვა, ოპერაციამდე ბალეტზე დავდიოდი. ძალიან მინდოდა ცეკვის გაგრძელება, ეს იყო ამ შემთხვევაში ჩემი მთავარი მოტივაცია, ბალეტი და რაღა თქმა უნდა, ჩემი მშობლების თანადგომა და სიყვარული, - ამბობს გაბი.
- ეს ძალიან მტკივნეული იყო. ძალიან მეშინოდა სიმძიმის ნატკენ ფეხზე გადატანა. თითქმის ერთი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ დამოუკიდებლად დადგომა შემძლებოდა და კიდევ ერთი წელი იმისთვის, რომ სცენაზე გავსულიყავი.
ახლა გაბი 14 წლის არის. ის ბევრს ვარჯიშობს და მაგალითს აძლევს სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს. გაბი ექიმობას აპირებს, მისი მიზანი სიმსივნის საწინააღმდეგო წამლის გამოგონებაა.
- რადგან ამ დაავადების დამარცხება და ხელახლა ცეკვა შევძელი, ამაზე მეტსაც შევძლებ, - ამბობს გოგონა.
ადამიანს არ აქვს უფლება რამის გამო სასოწარკვეთილება მიეცეს. ადამიანი საკუთარ თავს თავად აბედნიერებს.