ცოდვაა თუ არა თვალის დახუჭვა მეუღლის ღალატზე - რას ურჩევს ეკლესია მათ, ვისაც ღალატობენ - მშობლები

ცოდვაა თუ არა თვალის დახუჭვა მეუღლის ღალატზე - რას ურჩევს ეკლესია მათ, ვისაც ღალატობენ

2016-07-07 09:36:50+04:00

განმარტავს მოძღვარი

ცოლ- ქმრულ ღალატს უამრავი ოჯახი და ადამიანის ბედნიერება ეწირება. ვიღაც მესამეს არსებობა არამარტო ანგრევს ოჯახს, ადამიანებს შორის ურთიერთობასაც აუკუღმართებს. ეჭვი, ბოღმა, ბრაზი თუ ტყუილი ოჯახის წევრებს შორის ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. რაც მთავარია, ამ ყველაფრის საბოლოო მსხვერპლი ბავშვები გამოდიან, რომლებსაც მოღალატე თუ შეურაცხყოფილი მშობლები სათანადო ოჯახურ ჰარმონიას ვეღარ უქმნიან. რა პასუხი აქვს ეკლესიას მოღალატეებისთვის, რაც ურჩევს მათ, ვისაც ღალატობენ და ღირს თუ არა თვალის დახუჭვა მეუღლის ღალატზე თუნდაც ოჯახის შენარჩუნების მიზნით.

გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):

- რა შეხედულება აქვს ეკლესიას ცოლ- ქმრულ ღალატზე?

- წმინდა წერილი გაყრის მიზეზად ღალატს ასახელებს, ადამიანმა შეიძლება ცემა, გინება, ლანძღვა აიტანოს, მაგრამ ღალატი ყველაზე საშინელია.

- ღმერთის წინაშე აქვს მნიშვნელობა ქალმა უღალატა ქმარს თუ ქმარმა ცოლს?

- ღვთის წინაშე სქესს ცოდვასთან მიმართებაში მნიშვნელობა არა აქვს. ორივე აღთქმას დებს ჯვრისწერის დროს, რომ სიკვდილამდე ერთგულნი იქნებიან ერთმანეთის.

- ძალიან ბევრი ქალი თვალს ხუჭავს ქმრის ღალატზე და ჰგონია, რომ ამით ოჯახისთვის კარგს აკეთებს. არის თუ არა ეს მრუშობისთვის ხელშეწყობა და სწორია თუ არა ასეთი საქციელი?

- ქრისტიან ოჯახში, ერთმანეთისადმი ამის შეხსენება არ დასჭირდებათ, რადგან მრუში ვერც დედაკაცი და ვერც მამაკაცი მიეახლება სიწმინდეს, სანამ არ შეინანებენ. ცოლს შეუძლია აპატიოს ან ქმარს, მაგრამ მრუშობის ცოდვა ჩვეულებად თუ ექცა ადამიანს და მასთან თანაცხოვრებას ვაგრძელებთ, ჩვენც თანამონაწილე ვხდებით ამ ცოდვისა.

საჭიროა ხშირად შევახსენოთ, რომ ცოდვას განერიდოს.

- თქვენი აზრით, რა რეაქცია უნდა ჰქონდეს ქალს ან მამაკაცს მეუღლის ღალატზე? რას ურჩევთ მას, ვისაც ღალატობენ?

- მრუშობა - ოჯახში დიდ ბზარს იწვევს, ვინც ამ ცოდვისგან არ დაცხრება, უნდა განვეშოროთ დროებით და თუ ისწავლის ჭკუას, შევურიგდეთ. ზოგიერთი, საყვარელს მეორე ცოლს არქმევს. ქრისტიანობა კი ორცოლიანობის წინააღმდეგია, მით უფრო ქალი გასართობის! ადამიანში ღვთის ხატებას პატივი უნდა ვცეთ.

- არსებობს თუ არა გარემოება, რის გამოც ეკლესია გაამართლებდა ცოლ- ქმრულ სარეცელსმიღმა კავშირს? ბევრს სიყვარული ან ცუდი მეუღლე მიაჩნია გამამართლებლად

- შესაძლოა, ადამიანს ცოლი ან ქმარი საერთოდ არ ჰყავდეს, მაგრამ სიძვა- მრუშობა მისთვისაც უმძიმესი ცოდვაა. მთავარია, არსი ამ მდგომარეობის, შემდეგ ვის ვღალატობთ და არა ის, თუ ვისგან გავრბივართ. ამ ცოდვით ოჯახის წევრზე უწინარეს, ვკარგავთ ღმერთს.

- აქვს მნიშვნელობა ჯვარდაწერილი მეუღლე ღალატობს თუ ჯვარდაუწერელი?

- ერთ ცოდვას მეორეს ამატებს თუ ჯვარდაუწერელია, ხოლო ჯვარდაწერილი ტრაპეზის წინაშე დადებულ აღთქმას ,,სარეცლით'' თელავს. ორივე უმიძმესი ცოდვაა.

- საცოლეს ან საქმროს ღალატი თუ ითვლება ცოდვად?

- ადამიანს თუ საცოლე ან საქმრო ჰყავს, შესაბამისად ჯერ ქორწინებაში არ იმყოფება, ხოლო ჯვრისწერის მიღმა ნებისმიერი ურთიერთობა უმძიმესი ცოდვაა.

- არსებობს ხატი ან ლოცვა, რომელიც ცოლ- ქმრულ კავშირს იცავს?

- ოჯახის მფარველობისათვის, ხშირად მიმართავენ წმინდა ოჯახის ხატს (იესო ქრისტე, ღვთისმშობელი და მართალი იოსები), შეგვიძლია მათ ვთხოვოთ მფარველობა, რათა მივემსგავსოთ სათნოებით უძვირფასეს ოჯახს.

- თქვენი მრევლიდან გამომდინარე, ბევრი იჯახია ღალატის მსხვერპლი?

- მრველში არ ხდება, რასაც ფიზიკური ღალატი ეწოდება. საქართველოში კი დანგრეული ოჯახების სიას თუ გადავხედავთ, ძალზედ ხშირად ფიქსირდება მსგავსი ფაქტი. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ღალატი მხოლოდ ფიზიკური კავშირი არ არის, ღალატი სულიერადაც ხდება.

თეა ცაგურიშვილი