"დედა ისე ნერვიულობს, ჩემს გამოსვლებს ვერ უყურებს..." ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. მისი სახელი საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა. უფრო ახლოს გავიცნოთ ბიჭი, რომელმაც სამშობლო ასახელა.
ეს ინტერვიუ გამარჯვებამდე ცოტა ხნით ადრე არის ჩაწერილი და ლადოს გულახდილ პასუხებს მოვუსმინოთ.
— ვარსკვლავად გრძნობთ თავს?
— არა.
— საერთოდ მოჭიდავეები ავადდებიან ვარსკვლავური სენით?
— ყველაფერი შესაძლებელია. მთლად ასეთს არ გადავყრივარ, მაგრამ მიმსგავსებულები კი შემხვედრიან.
— თქვენ ყველაზე ტიტულოვანი მოჭიდავე ხართ ამ მომენტში საქართველოში და როგორ გეპყრობიან ახალგაზრდა თანაგუნდელები, რჩევებს არ გეკითხებიან?
— კი, რა თქმა უნდა. დასამალი არაა, რომ მოჭიდავეებში ნამდვილად მაქვს ავტორიტეტი. ნაკრების წევრი 2009 წლიდან ვარ. მანამდე იყო იუნიორთა და ახალგაზრდული გუნდები. უკვე მიჭიდავია ვეტერანთა შორისაც, ეს მაშინ, როცა ის ბიჭები, რომლებიც ახლა გუნდში არიან, ის–ის იყო, ნაკრებში მოდიოდნენ. ფაქტობრივად, ჩემ თვალწინ გაიზარდნენ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რაღაც ავტორიტეტი მართლაც მქონია, არა? (იცინის) რა იყო, ასე არაა? (მიუბრუნდა ლადო თანაგუნდელებს, რომლებმაც პასუხად სიცილი დააყარეს) თუმცა, მაინც ვიტყოდი, რომ ეს უფრო გამოცდილებაა და არა ავტორიტეტი. ასე უფრო სწორი იქნება.
— ვინ არის გუნდში ყველაზე დიდი ხუმარა და ყველაფრის წამომწყები?
— ვინ და, აგერ, გენო და ელიზბარი. გამუდმებით რაღაცას იგონებენ.
— წელიწადში რამდენ ხანს ახერხებთ შინაურებთან, ოჯახის წევრებთან ყოფნას და რას აკეთებთ ამ დროს?
— წელიწადში, სადღაც ორ თვეზე ცოტა მეტი გამოგვდის შინ ყოფნა. დანარჩენ დროს ხან შეკრებებზე ვატარებთ, ხან ვარჯიშებზე და ხანაც — შეჯიბრებებზე. ჩვენ ხომ ნაკრების გარდა საკუთარი კლუბების სახელითაც გვიწევს გამოსვლა.
რაც შეეხება „მოპარულ“ თავისუფალ დღეებს, დაგროვილ მოსაგვარებელ საქმეებსა და მეგობრებს ვუთმობ. მოკლედ, მოსაწყენად ვერ ვიცლი.
— შეყვარებული გყავთ?
— არა. ადრე მყავდა, ახლა აღარ მყავს (იცინის).
— პირდაპირ ჭიდაობით დაიწყეთ თუ ჯერ სხვა სპორტში იყავით?
— პირდაპირ ჭიდაობით. მამა რომ გარდაიცვალა (გიორგი ხინჩეგაშვილი — მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის), მაშინვე ხელი მომკიდეს და დარბაზში წამიყვანეს. რვა წლისა ვიყავი მაშინ. მამას ყოველთვის უნდოდა, რომ ჭიდაობისთვის მომეკიდა ხელი, მაგრამ ჯერ პატარად მივაჩნდი. მერე კი მოხდა ის, რაც მოხდა… ყველა ჩემს გამარჯვებას მამის ხსოვნას ვუძღვნი.
— ხალიჩის გარეთ თუ დაგჭირვებიათ პროფესიული უნარების გამოყენება?
— რა თქმა უნდა, დამჭირვებია. კაცს ასეთი შემთხვევა ყოველთვის შეიძლება მოუვიდეს. ასე იყო და, ალბათ, ასეც იქნება. ზოგადად ძალიან მშვიდი და მომთმენი ვარ, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი… თუმცა ყველა მათგანი ცოცხალია — ძალიან ჰუმანური ვიყავი (იცინის).
— რომელი სამი სიტყვით დაახასიათებდით საკუთარ თავს?
— შრომისმოყვარე, ამბიციური და, შესაძლოა, კეთილიც (იცინის).
— ვინაა თქვენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?
— დედა — ქეთევან გაგნიძე. ისე ნერვიულობს ხოლმე, რომ ჩემს გამოსვლებს ვერც უყურებს, ყოველ შემთხვევაში, პირდაპირ ეთერში. მერე უყურებს ხოლმე, დრო რომ გავა.
— წინააღმდეგი არ იყო, ჭიდაობას რომ გაჰყევით?
— არა, წინააღმდეგი არ ყოფილა, მაგრამ სულ ვეცოდებოდი ხოლმე. თავიდან რომ დავიწყე ვარჯიში, ცოტა სუსტი ვიყავი და რომ ვმარცხდებოდი, ანუ მესამე და მეოთხე ადგილს ვიღებდი, ძალიან მითანაგრძნობდა. იხილეთ სრულად