9 წლის ირაკლი ცალაგოვი კასპის სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ დედამ უმცროს ძმასთან ერთად გაუშვა... 9 წლის ირაკლი ცალაგოვი კასპის სტადიონზე ფეხბურთის სათამაშოდ დედამ უმცროს ძმასთან ერთად გაუშვა. სულ რამდენიმე ხანში შვილი ატირებულმა ძმამ და დანარჩენმა ბავშვებმა კორპუსთან ხელში აყვანილი მიუყვანეს, - ბავშვებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ირაკლი ცოცხალი აღარ იყო… ხშირად პატარა ბიჭები სტადიონებზე კარიდან შესვლის ნაცვლად ღობიდან დაძვრებიან და ირაკლიც ასე მოიქცა. სტადიონის ღობეზე აძვრა და თავის შესამაგრებლად პირდაპირ მის თავზე დაკიდებულ შიშველ სადენს ჩაავლო ხელი...
ბავშვებმა სასწრაფო დახმარების გამოძახების ნაცვლად ირაკლის დედასთან წაყვანა ირჩიეს, თუმცაღა, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, სასწრაფოს გამოძახებას აზრი აღარც ჰქონდა, ირაკლი დაცემისას უკვე გარდაცვლილი იყო. ტრაგედიამ ყველა შეძრა - მათ შორის ალბათ ის ადამიანებიც, რომლებიც ბავშვების თავზე ჩამოკიდებულ სასიკვდილო საფრთხეს წლების მანძილზე შესცქეროდნენ, მაგრამ ეს უკვე აღარაფერს ცვლის. რაც შეეხება კასპის ენერგოპროჯორჯიას სამსახურს, იქ რბილად რომ ვთქვათ, ტრაგედიის საპასუხოდ ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტები არსებობს. გარდაცვლილი ბავშვის ბიძა კი მომხდართან დაკავშირებული დამნაშავეების აუცილებელ დასჯაზე საუბრობს.
"თავზე ენითაუწერელი ტრაგედია დაგვატყდა, თავად ბავშვის მშობლები ისეთი გათიშულები არიან, რომ ყველაფრის ძალა დაკარგეს, ჯერჯერობით ვეღარც ლაპარაკობენ, დამუნჯებულები არიან, მაგრამ ჩვენი ლამაზი ბიჭის სიკვდილში დამნაშავე ვინც არის, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს, - ბავშვი სახლიდან საღსალამათი გაგზავნეს და გარდაცვლილი დაუბრუნდათ. ამ ტრაგედიაში დამნაშავეებმა მშვიდად როგორ უნდა გააგრძელონ ცხოვრება?! ეს საშინელება იმის გამო მოხდა რომ ენერგოპროჯორჯიას სამსახურს არც პროფესიონალიზმი და არც ადამიანური პასუხისმგებლობები არ გააჩნია, - ყველამ მშვენივრად იცის ეს ორგანიზაცია წლების განმავლობაში ხალხს რა დღეში აყენებდა თავისი უმოქმედობით რა უპასუხისმგებლობით. ასე შეიწირეს ჩვენი ბავშვის სიცოცხლეც.