"ცხოვრების კიდევ ერთი განსაცდელი ჩემს მეუღლეს უკავშირდება..." „ძნელი სათქმელია, როგორი ვიქნებოდი, გარემოებებს ჩემთვის ტრადიციულისგან მეტ-ნაკლებად განსხვავებული როლი რომ არ მოეხვია თავზე. ეს გარემოებები გახლავთ, კერძოდ, ის, რომ გარდაიცვალა ჩემი შვილი, ირაკლი... და მისი ქალიშვილი ნანა, რომელიც მაშინ 2 წლისაც არ იყო, მამით დაობლდა. ბუნებრივია, დედა ყველაფერს აკეთებდა, რაც დედამ უნდა აკეთოს, მაგრამ ის მამას ვერ შეცვლიდა. ამიტომ მიზნად დავისახე ბავშვს უმამობა არ ეგრძნო და მის ცხოვრებაში ყოფილიყო მზრუნველი მამაკაცი. მაშინ ლონდონში ვმუშაობდი, ჩემი მეუღლეც ჩემთან იყო. როცა ნანა 5 წლის გახდა, ჩემთან წავიყვანე. საზღვარგარეთ ელჩს, მოგეხსენებათ, კარგი საცხოვრებელი პირობები აქვს. მიუხედავად იმისა, რომ მანქანა მემსახურებოდა და შემეძლო სკოლაში მძღოლისთვის გამეტანებინა ბავშვი, არც ერთი დღე არ ყოფილა ისე, რომ მე არ წამეყვანა და არ წამომეყვანა ნანა. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო მანქანით ან ფეხით, მაგრამ სკოლაში მასწავლებელს ყოველდღე მე თვითონ ვაბარებდი ბავშვს და გაკვეთილების შემდეგ უკანაც თვითონ მომყავდა...
ცხოვრების კიდევ ერთი განსაცდელი ჩემს მეუღლეს უკავშირდება. ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ნანა ფიზიკურად ძალიან მოტყდა, სიარული უჭირდა. ართროზი ჰქონდა, ხელოვნური სახსარიც ჩაუდგეს, მაგრამ დიდი შეღავათი არ აღმოჩნდა. როცა ჩვენ ლონდონში წავედით, უკვე ასე იყო. მე კი ძალიან მინდოდა, ჩემს მეუღლესაც სოციალური ცხოვრებით ეცხოვრა, რომელიც ძალიან აქტიურია უცხოეთში. ელჩები, მეუღლეებთან ერთად, წელიწადში 4-5-ჯერ ესწრებიან დედოფლის მიღებებს. ამას ემატება პრაქტიკულად ყოველდღიური ოფიციალური ღონისძიებები, სადაც ყოველთვის მეუღლესთან ერთად გეპატიჟებიან. იქ ყველა პირობაა შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ორსართულიან შენობებშიც არის ლიფტი, თუმცა, მახსოვს, ბუკინგემის სასახლეში როცა მიმყავდა მეუღლე, დერეფნებიც ხომ უნდა გაგვევლო და მე მეყრდნობოდა ხოლმე. როცა იქ მივიდოდით, უმეტესობამ უკვე იცოდა მისი მდგომარეობა. სხვები რომ იდგნენ, ნანა იჯდა ხოლმე, მიდიოდნენ და ელაპარაკებოდნენ. ელჩების მეუღლეებს შორის ჯოხი მხოლოდ ნანას ეჭირა ხელში. დედოფალი ცნობდა და ყოველთვის ეკითხებოდა: „როგორაა თქვენი ფეხი?“ ეს მაშინ, როცა მისი მეუღლე მე მისვამდა კითხვას: „როგორაა საქმე აფხაზეთში?“ განაგრძეთ კითხვა