„2 წინადადებაში დაატრიალა ამ ადამიანმა საოცრება“ სოციალურ ქსელში იმ კეთილ საქმეზე საუბრობენ, რომლის მთავარ გმირად ანიტა რაჭველიშვილი იქცა. უამრავი გამოხმაურება და უცხო ადამიანთა მადლობა მომღერლის მიერ იმ გოგონას დაფინანსებას მოჰყვა, რომელიც უცხოეთში, საფორტეპიანო კონკურსზე, უსახსრობის გამო ვერ მიემგზავრებოდა. „2 წინადადებაში დაატრიალა ამ ადამიანმა საოცრება“ - ამბობს მარიკა ბაკურაძე.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, რომელსაც ანიტა რაჭველიშვილი გამოეხმაურა
მარიკა ბაკურაძე: "დღეს, მერიამ უარი უთხრა უმამო და სოციალურად დაუცველ ბავშვს, დაეფინანსებინა სულ რაღაც 700 დოლარით და გაეშვა იტალიაში, საფორტეპიანო კონკურსზე. მაშინ როცა: ბავშვი არის არაერთგზის ლაურეატი, საკუთარ მუსიკალურ სკოლაში წარმატებით და შედეგებით არის #1, მთელი ზაფხული მეცადინეობაში გაატარა - ამ კონკურსის მოლოდინში, საკუთარი და ახლობლების ფულით იყიდა იტალიის ბილეთები და ეს 700 დოლარი მხოლოდ საცხოვრებელი თანხა იყო - ამას უკვე მისი მარტოხელა დედა ვეღარ გაწვდა. ამდენ ხნიანი მოლოდინი და საბუთების შეგროვება ერთ დღეში წყალში ჩაუყარეს 16 წლის ბავშვს. ხვალ უკვე კონკურსზე რეგისტრაციის ვადა იწურება".
რამდენიმე ხანში კი მარიკა ბაკურაძის შემდეგი პოსტი ქვეყნდება:
„სრულიად წარმოუდგენელი რამ მოხდა - ჩემი სტატუსი დაუფინანსებელი ბავშვის თაობაზე გააზიარეს და ამ გაზიარებულს უცებ ანიტა რაჭველიშვილმა მიაწერა - დაარეგისტრირეთ ბავშვი, მე ვაძლევ სრულ თანხასო. 2 წინადადებაში დაატრიალა ამ ადამიანმა საოცრება.
მართლა შოკში ვარ, ბავშვმა ჯერ არაფერი იცის, დილით დახვდება ეს სიურპრიზი.
მე ანიტა რაჭველიშვილს არ ვიცნობდი, არანაირი შეხება მასთან არ მქონია და ახლა უბრალოდ არ ვიცი, რანაირად უნდა ვუთხრა მადლობა ამ გამაოგნებელი საქციელისთვის!!!" განაგრძეთ კითხვა