როგორ შეიძლება იქცეს ბავშვის ნახატი მის საყვარელ სათამაშოდ? მარიამ ბოლქვაძე ის პატარძალი გახლავთ, რომლის ქორწილის ვიდეომ სრულიად ინტერნეტი მოიცვა (იხილეთ ვიდეო). მარიამს ბევრი იცნობს "ვარსკვლავების აკადემიიდან" და "ნუცას სკოლიდან", როგორც ნიჭიერ მომღერალს. თუმცა, დამერწმუნეთ, მხოლოდ ესეც არაა მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა იცნობდეთ მას. არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები აქვს განხორციელებული და ამჟამად ყველაზე მთავარი სტატუსის – დედობის მოლოდინშია.
- შარშან ჩვენი ქორწილის ვიდეომ მართლა დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ვფიქრობდით, რომ ამ ცეკვით ჩვენც ვისიამოვნებით და დადებით ემოციებს გამოვიწვევდით ჩვენს სტუმრებშიც, პრინციპში ასეც მოხდა, უბრალოდ მასშტაბი იმაზე ბევრად უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოგვედგინა. იუთუბზე ატვირთვის შემდეგ, გავრცელდა სოციალურ ქსელში და ხმამაღალი ნათქვამი თუ არ იქნება, ააფეთქა მთელი ინტერნეტი. მსგავსი ტიპის ცეკვები, რასაკვირველია, ჩვენით არ დაწყებულა, მაგრამ პირველად ჩვენი მეგობრის ქორწილში ვიცეკვეთ და მას შემდეგ, თითოეული ჩვენგანი საკუთარ ქორწილებს იმ მოტივაციით ველით, რომ ცეკვა დავდგათ (იცინის). მოხდა ისე, რომ მეც გამიმართლა მომლოდინეებს შორის, აღმოვჩნდი პატარძალი და დავიწყეთ მუშაობა ცეკვაზე. დაახლოებით 10-11 ადამიანი ვიყვით ჩართული ამ ამბავში და აგვისტოდან სექტემბრის 20-მდე მიმდინარეობდა ინტენსიური რეპეტიციები, ძალიან კარგად მახსენდება ის დრო. რაც ყველაზე მოულოდნელი იყო ჩემთვის, ეს გახლდათ უარყოფითი გამოხმაურება ინტერნეტში, სადაც წერდნენ, რომ ჩვენ, ქართველმა გოგოებმა, ქართულ ქორწილში, ქართული ტრადიციისთვის შუეფერებლი ცეკვა შევასრულეთ და ა.შ. იყო კირიტიკა, უარყოფითი გამოხმაურება, რაც თავიდან ძალიან მტკივნეულად განვიცადე, ისიც კი ვიფიქრე, იქნებ საერთოდ აიღოს ვიდეო იმ პორტალმა, ვინც პირველმა გაავრცელა-თქო, მაგრამ მერე და მერე მივხვდით, რომ მოვლენებს ადამიანები ერთნაირად არ აღიქვამენ და ამიტომ არ ღირს ამაზე რაიმე ქმედითი ნაბიჯის გადადგმა.
- ვიდეოს გავრცელების შემდეგ ხშირად კითხულობდნენ, ეს გოგოები მოცეკვავეები არიანო?
- მიხარია, რომ ასეთი ეჭვები ჩნდება, მაგრამ პროფესიონალური გამოცდილება ცეკვაში არც ერთს არ გვქონია, უმრავლესობა მოყვარულები ვართ. ზოგიერთებმა საერთოდ პირველად იცეკვეს სახალხოდ, მაგრამ მთავარი იყო ჩვენი დიდი სურვილი, გამოგვსვლოდა დასამახსოვრებელი შესრულება და მგონი გამოვიდა კიდეც.
- მარიამ, მართალია, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ცეკვის ვიდეოთი გაგიცნო, მაგრამ როგორც ვიცით, მანამდე შენს ცხოვრებაში იყო "ნუცას სკოლა", "ვარსკვლავების აკადემია"...
- იმ ვიდეოთი გაიცნეს გოგო, კონკრეტული სტატუსის ქვეშ, მაგრამ მე და რამდენიმე ადამიანი, შესაძლოა ვინმეს პროექტ "ვარსკვლავების აკადემიიდან" ვეცნეთ, რადგან ამ მუსიკალური რეალითი შოუს პირველი მონაწილეები გახლდით. სწორედ ჩემმა სიმღერამ გახსნა "ვარსკვლავების აკადემიის" ის სეზონი, რასაც დღემდე სიამაყით ვიხსენებ.
- და რატომ არ გააგრძელე სიმღერა დიდ სცენაზე?
- "ვარსკვლავების აკადემიამდე" იყო "ნუცას სკოლა 3", სადაც ასევე ვმონაწილეობდი. მუსიკისადმი ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის მქონდა, ოჯახის წევრებიც მიწყობდნენ ხელს ამ მხრივ, მერე გადავწყვიტე, უფრო ფართომასშტაბიანი აუდიტორიის წინაშე წარვმდგარიყავი და პროექტებში ჩავერთე, შევიძინე კარგი გამოცდილება, მეგობრები. როცა ამ ნაბიჯებს ვდგამდი, არც მაშინ არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ამ ყველაფერს მსოფლიო სცენა ან სტაბილური მუსიკალური კარიერა მოჰყვებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ამის შემდეგ იყო კარგი შემოთავაზებები, სალონურ სიტუაციებში საინტერესო მუსიკალურ ექსპერიმენტებში მივიღე მონაწილეობა, რაც თავისთავად სასიამოვნოა. უკვე დღეს, ჩემი მეუღლე ძალიან გულშემატკივრობს ჩემს მუსიკალურ იმპულსებს და თუ ყურს მოკრავს რაიმე საინტერესო მუსიკალური პროექტის ანონსს, მიბიძგებს, რომ ჩავერთო, მაგრამ მგონია, რომ ეს ეტაპი უკვე გადავლახე და მაინცდამაინც დიდ ინტერესს ჩემში აღარ იწვევს.
- მარიამ, განათლებით ვინ ხარ?
- ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი მაქვს, რის შემდეგაც გავაგრძელე მაგისტრატურაში სწავლა, მაგრამ ჯერჯერობით შეჩერებული მაქვს სტატუსი, ბოლო წელი დამრჩა და პირობას ვდებ, რომ აუცილებლად დავასრულებ (იღიმის).
- ამ ყველაფერთან ერთად მუშაობ ძალიან საინტერესო პროექტებზე, ავიღოთ თუნდაც მოძრავი წიგნები ექსკლუზიურად თითოეული ბავშვისთვის...
- მოძრავი წიგნები – ძალიან კარგი იდეაა მათი მხრიდან, ვისაც პირველად მოუვიდა მისი შექმნის აზრი თავში და მიხარია, რომ ბოლო ორი წელია ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან მოთხოვნადი გახდა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს წიგნები ძირითადად უცხოურ ენაზე იქმნება და შესაბამისად ასოებიც სხვა ნაციონალურ სივრცეზეა მორგებული, მინდოდა, ჩვენს გაკეთებულ წიგნებს ქართული ხელწერა ჰქონოდა, მით უმეტეს, რომ გამოცდილება საბავშვო-შემეცნებით საკითხთან დაკავშირებით უკვე გვქონდა. ვინაიდან დეკრეტში ვარ და სამსახურიდანაც თავისუფალი გახლავართ, გადავწყვიტე, გამომეყენებინა ეს პერიოდი კიდევ ახალი საქმის წამოსაწყებად და შევქმენით "მარიკიტა", რომელიც ესპანურად ჭიამაიას ნიშნავს, ჟღერადობით კი ჩემს სახელთან ასოცირდება. ვუკეთებთ წარწერებს, მაგალითად ბავშვის სახელს ვაწერთ, "ლუკას წიგნი" და ვცდილობთ, თემებიც მაქსიმლაურად ქართულ კონტენტს მოვარგოთ. დიდი ხანი არაა, რაც ამ მხრივ დავიწყეთ მუშაობა, მაგრამ დიდი ინტერესი მოდის და ეს ძალიან მახარებს.
- რაც შეეხება სამსახურს და გამოცდილებას, რომელიც ზემოთ ახსენეთ...
- გამოცდილებაში ვიგულისხმე "სოკომორო" - სახელოსნო, სადაც ვამზადებთ სათამაშოებს ბავშვების ნახატების მიხედვით. ძალიან ვამაყობ ხოლმე იმით, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს პირველებმა ჩვენ განვახორციელეთ. არც ეს იდეა დაბაბდებულა ჩვენს თავში, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში მისი შექმნის იდეა ჩვენ გვეკუთვნის. თუ არსეობენ ადამიანები, ვისაც სურთ საკუთარი შვილის ფანტაზიები გააცოცხოლნ და ნახატებიდან სათამაშოებად აქციონ, ჩვენთან მოდიან.
- ძირითადად საბავშვო თემატიკას მიყვები, ახლა შვილს ელოდები და გასაგებია შენი ემოციები ამ საკთხთან მიმართებაში, მაგრამ მანამდე რატომ გადაწყვიტე ამ მიმართულებით წასვლა?
- ზოგადად, ადამიანები ხომ იმის მიხედვით ირჩევენ საქმიანობის სფეროს, სადაც კომფორტულად გრძნობენ თავს. ჩემს შემთხვევაშიც ეს იყო მიზეზი, მით უმეტეს, რომ ფსიქოლოგიას ბავშვთა მიმართულებით ვსწავლობდი, მერე ამავე მიმართულებით მომიწია ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობა, საიდანაც გადავინაცვლე სკოლამდელ დაწესებულებაში, კერძო ბაღში, სადაც დღემდე ვმუშაობ, მაგრამ ახლა დეკრეტში ვარ. მოკლედ რომ ვთქვა, სულ ბავშვების გარემოცვაში ვტრიალებ, შეუძლებელია, აქ გაძლო, თუ მართლა დიდი ემოციური ბენეფიტი არ გაქვს, მით უმეტეს, როცა ხვდები, რომ შეგიძლია უფრო მეტი გააკეთო მათთვის, აჩუქო უამრავი დადებითი ემოცია და ყოველ მომდევნო დღეს სიახრულით ელი მათთან შეხვედრას.
კიდევ ბევრი გეგმა მაქვს, რაც ბავშვების სფეროს უკავშირდება. ამ ყველაფერს რასაკვირველია აძლიერებს და მხარს უჭერს ჩემი მდგომარეობა, პატარას მოლოდინში ვარ, ალბათ თვე-ნახევარში უკვე ჩვენთან იქნება და რომ წარმოვიდგენ, შემიძლია დავახვედრო ზღაპრული გარემო, რაც მას სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაში, ფანტაზიის გახსნაში დაეხმარება და ა.შ., ეს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს.
სხვათა შორის, თავიდან სქესზე ისე გაგვაწვალა, ვერ აგიხსნით, ოთხჯერ შეგვიცვალეს მონაცემი, ხან გოგო იყო, ხან - ბიჭი, მერე ისევ გოგო, საბოლოო ჯამში დაგვიდასტურეს, რომ გოგოა, მაგრამ მაინც ვიტოვებ ვარაუდს, რომ შესაძლოა სხვა დამხვდეს (იღიმის).
თუმცა, ვინც არ უნდა იყოს, დიდი სიხარულით მივიღებთ.
იმედია, ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ კი ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჰქონდეს ფერადი ბავშვობა და ღირებული ადამიანური თვისებები...
ციცი ომანიძე