გოგა ჩანადირის ემოციური პოსტი მართალია, ჩვენ ყველანი ტრადიციული ქვეყნის - საქართველოს შვილები ვართ და მოგვეთხოვება (ხშირ შემთხვევაში კი - კატეგორიულადაც გვთხოვენ) ტრადიციების დაცვასა და პატივისცემას, მაგრამ საკითხავია, გვჭირდება კი ისეთი ტრადიციები და სტერეოტიპები, რომლებიც „გვაიძულებს“ გამორჩეულობის თუ რაღაც გადაცდომის გამო კარი დავუხუროთ შვილს, მოვუსპოთ სიცოცხლე მუცლადმყოფ, ჯერ არდაბადებულ ბავშვს, ჯანმრთელობა და ფსიქიკა შევწიროთ „თეთრ ცხენზე“ ამხედრებულ „პრინცს“ იმის გამო, რომ ოჯახი არ დაგვენგრეს... რომ მერე არ იყოს, რას იტყვის ხალხი. ავიტანოთ ზურგსუკან ჩურჩული, როცა ცრემლიანი და ტკივილიანი ღამის შემდეგ მაინც „გაპრანჭულები“ გამოვალთ სახლებიდან. ღიირს კი ეს მცირე ჩამონათვალი იმად, რომ ჩვენი ერთხელ ბოძებული სიცოცხლე სხვების აზრის გათვალისწინებაში გავატაროთ და საკუთარი მე ჩავკლათ???
სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ მრავლადაა მსგავსი შემთხვევები, როცა საზოგადოებრივი აზრის გამო ოჯახები შვილებს წირავენ, ცოლები ქმრებს ეწირებიან და ა.შ. სწორედ ამ თემას მიუძღვნა ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა პოსტი, რომელიც ჩვენს სამწუხარო რეალობას ასახავს და ბევრს დააფიქრებს. გთავაზობთ გოგას პოსტს:
„ვუყურებ ოჯახებს და ვხედავ, როგორი მოძულებული ჰყავთ შვილი, რომელიც ქორწინების გარეშე შვილს აჩენს, რომელიც სექსუალურ უმცირესობას წარმოადგენს, რომელიც ფეხმძიმედაა და აბორტის გაკეთებას აიძულებენ და ასე შემდეგ.
ოჯახი თავად ხდება მოძალადე, მსხვერპლი კი - ოჯახის წევრი.
ახლა გავიგე, რომ ტრანსგენდერს, რომელიც ცოტა ხნის წინ მძიმედ დაჭრეს, ოჯახის წევრები შინ არ უშვებდნენ.
ახლახან გავიგე, რომ კახეთში შვილს მუცელი მოაშლევინეს, რადგან ქმარი არ ჰყავდა. სამეგრელოში ცოლი სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ ქმარი არ იყო დარწმუნებული მის ქალიშვილობაში. იმერეთშიც, ქართლშიც, სვანეთშიც და ყველგან იგივე ხდება.
არ ვიცი, რა ხდება. ოჯახები საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში ექცევიან, რომელიც მსგავს რამეებს კრძალავს. და ვინ დაადგინა, რომ ეს აზრია ჭეშმარიტი ან ამ საზოგადოების წევრია უცოდველი?
ვინ განსაზღვრა, რომ ქორწინების გარეშე ბავშვის გაჩენა უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე აბორტი?
ვინ განსაზღვრა, რომ მოძალადე უფრო უცოდველია, ვიდრე გარემოებათა მსხვერპლი?
შეუშვით თქვენი შვილები სახლში და უარი თქვით აბორტებზე!
მოექეცით ადამიანებს ადამიანურად და არა ისე, როგორც თქვენ არ გინდათ, მოგექცნენ“.
თეკლა ჟვანია