ქველმოქმედება, რომელიც გადამდები გახდა სოლიდარობა ყველაზე დიდი ნიჭია, რაც კი კაციობრიობას ამ დრომდე შემორჩა - შეუძლებელია ყველა შესაძლო ფორმით მხარდაჭერის სურვილი არ გაგიჩნდეს, როდესაც ხედავ, რომ შენ გარშემო მყოფი, თუნდაც სრულიად უცხო ადამიანების შვილები სხვადასხვა დაავადებას ებრძვიან. შეუძლებელია, ამ საოცრად თბილი ბავშვებისა და მშობლების გაცნობის შემდეგ, სურვილი არ გაგიჩნდეთ, მათი ტკივილი სულ მცირედით მაინც შეამსუბუქოთ - დიახ, ქველმოქმედება მარტივია, ამის შესანიშნავ შესაძლებლობას კი ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" გაძლევთ ჟურნალის მომდევნო ნომრის რეალიზციიდან შემოსული თანხაც მოხმარდება საქველმოქმედო მიზნებს. ამჯერად ჟურნალის ოქტომბრის ნომრიდან შემოსული თანხის პირველი ნაწილი, ოთხი ათასი ლარი უკვე გადაირიცხა "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში", რომელიც ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. უახლოეს მომავალში ფონდში ოქტომბრისა და ნოემბრის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხის სრულად გადარიცხვა იგეგმება.
ქველმოქმედება მარტივია - სწორედ ამ ლოზუნგით ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 17 ნოემბერს პარტნიორებთან ერთად კლინიკა "ლაიფმედს" ესტუმრა და "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" ბენეფიციარ ბავშვებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა. ალბათ, თავადაც მარტივად შეგიძლიათ წარმოდგენა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათთვის თუნდაც ელემენტარული ყურადღების მიღება გულშემატკივართა ჯგუფისგან.
კახა ჯანაშვილი, "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" დამფუძნებელი: პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ჟურნალ "ოჯახის მკურნალს", რადგან მათმა დახმარებამ, როგორც ამბობენ, მართლაც სულზე მოგვისწრო - "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის " ანგარიშებზე არსებული თანხა უკვე იწურებოდა, როდესაც შევიტყვეთ, რომ ჟურნალი საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხის გადმორიცხას გეგმავდა. მსგავსი აქციები მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთის, რომლებსაც საზოგადოების ელემენტარული ყურადღებაც კი აბედნიერებს და რაც მტავარია სიცოცხლეს უხანგრძლივებს. როგორც ვიცი, ჟურნალი მომავალშიც აქტიურად ჩაერთვება მსგავს აქციებში, რაც ვფიქრობ, გვაძლევს შესაძლებლობას ამ დაავადებებს ყველანი ერთად ვებრძოლოთ და ერთადვე დავამარცხოთ.
ნათია ზაქრაძე, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წარმომადგენელი: ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" საქველმოქმედო აქციაში გამომცემლობა "პალიტრა L"-იც აქტიურად ჩაერთო. ვფიქრობ, ქველმოქმედება მართლაც მარტივია, როდესაც ამის სურვილი ადამიანებს რეალურად აქვთ, ამისთვის სულაც არ არის საჭირო სოლიდური თანხების გადარიცხვა - მთავარია, ყველანი ერთ დიდ ჯგუფად ვიქცეთ და ერთობლივად ბავშვების დახმარების სურვილი გვქონდეს. 17 ნოემბერს "დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრებიც გადავეცით, მათ შორის, წიგნები - მოვუწოდებ ყველას მსგავს აქციებში მაქსიმალურად ჩაერთონ და თავადვე მალე გააცნობიერებენ, რომ ქველმოქმედება რთული ნამდვილად არ გახლავთ.
ნათია ზუბიაშვილი, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი: ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" უკვე რამდენიმე თვეა ამ საქველმოქმედო აქციის ინიციატორია. ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობდით ბიზნეს სექტორის თუ უბრალოდ, საზოგადოების წარმომადგენლებისთვის შეგვეხსენებინა, რომ ქველმოქმედება მართლაც მარტივია. 17 ნოემბერს კლინიკა "ლაიფმედში" "დიმიტრი ცინცაძის ფონდის" ბენეფიციარ ბავშვებს ვესტუმრეთ, რათა აქციის პარტნიორი კომპანიებისგან მათთვის სიმბოლური საჩუქრები გადაგვეცა. ამასთან, ფონდს ჩვენი ჟურნალის რეალიზაციიდან შემოსული თანხის ნაწილიც ჩავურიცხეთ, კერძოდ 4000 ლარი. თუმცა ამით ყველაფერი არ მთავრდება, პირიქით, აქცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საზოგადოების მობილიზებას იმ ბავშვების ირგვლივ, ვისაც ჩვენგან ელემენტარული დახმარება სჭირდება საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად.
რუსუდან შელია