"პირველი შვილი დაღუპული მყავს. სამი თვის ნინო. ძალიან დიდი სტრესი გადავიტანე..." „ლუნამ შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება... ახლა ორი მე არის ჩემში, ქეთი ხუციშვილი და ლუნა მაზიაშვილი. ხან ქეთი ვარ ხან ლუნა“ - ამბობს ჩემი ღიმილიანი რესპონდენტი, ხალისიანი და პოზიტივით სავსე.
ვუყურებ, ვუსმენ და ვფიქრობ - აი, რატომ შეიყვარა ასე მოკლე დროში ხალხმა ქეთიში ჩასახლებული ლუნა მაზიაშვილი... სწორედ ეს დადებითი მუხტია ეკრანიდან რომ მოდის და ავსებს მაყურებელს. ლუნას, დღეს „ნიუპოსტი“ სტუმრობს და ჩვენი მკითხველიც ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებს მისი საყვარელი გმირის ცხოვრებიდან.
- სანამ ლუნა გამოჩნდებოდა სად იყო და რას აკეთებდა ქეთი?
- სახლში იყო ქეთი, შვილთან ერთად. არც მოსაწყენი ცხოვრება მქონია, არც აქტიური, ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი. პაროდია, სიმღერის დამუშავება, ცეკვა - ეს ყველაფერი დღის განრიგში შედიოდა. ჩემ თავთან ვმუშაობდი... არ ვეძებდი ახალ ურთიერთობებს, ძალიან მავსებდნენ ჩემს გარშემო მყოფნი, პირველ რიგში ჩემი და, რომლის დამსახურებითაც ვარ დღეს სერიალში. მე კმაყოფილი ვიყავი როგორც ვიყავი, პრეტენზიები ნამდვილად არ მქონდა, მაგრამ ეხლა საერთოდ სხვა ეტაპი დადგა ჩემს ცხოვრებაში.
- როგორ დაიწყო ეს ყველაფერი?
- როდესაც ჩემი ვიდეოები ინტერნეტის საშუალებით გავრცელდა, დამიკავშირდნენ და დამიბარეს ქასთინგზე... ერთ-ერთ სოფელში ჩემს მეუღლესთან ერთად უნდა მემღერა. ჩემს მეუღლეს სერიალში ჩემი ბიძაშვილი ვახო ოქრუაშვილი ანსახიერებს, ერთად გვქონდა ვიდეო ჩაწერილი და ისიც ნახა „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა. შემდეგ მეორედ დამიკავშირდნენ, ისევ სოფელში იქ ცოცხლად შევასრულე ჯანსუღ კახიძის „გოგოვ ნატვრა მათქმევინე“, იქაც ემოციები მოჰყვა ამ სიმღერას შემდეგ უკვე წამოვიდა ლუნა მაზიაშვილი.
- რა შეგრძნება იყო როცა პირველად დაგიკავშირდნენ და გითხრეს უნდა მოხვიდე კასტინგზეო?
- რისკი იყო ჩემთვის, ამიტომ უარი ვთქვი ჩემს დასთან , მეშინოდა ამ პასუხისმგებლობის, გადამღებ ჯგუფთან მუშაობა, ჩემთვის იყო სრულიად უცხო, არანაირი შეხებ არ მქონია. შესაბამისად შიშიც მქონდა, ვფიქრობდი თუ როგორ მიმიღებდა საზოგადოება, ამ რისკზე წასვლის მეშინოდა, მაგრამ ისევ ჩემმა დამ მიბიძგა. და გავრისკე.
- პირველი ეპიზოდი ალბათ მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდება...
- კი... მართლაც ასეა... ერთ-ერთ სოფელში წაგვიყვანეს, საშინლად ციოდა, ამომაცვეს ფლოსტები, აჯაჯულ-მიჯაჯული ვიყავი და ... გადამწყვეტ მომენტში გადავიქეცი ლუნად, ეს წამებში მოხდა. არასოდეს დამავიწყდება პირველი სცენა, ემოციაში იმდენად ვიყავი შესული, რომ ძლივს გამოვედი. კიდევ მინდოდა იმპროვიზაცია ყოფილიყო ჩემი მხრიდან...
- როდესაც ასეთი რეაქცია და ძალიან დადებითი შეფასება მოჰყვა ამ ყველაფერს, მერე რა მოხდა შენში? როგორ შეხვდი ამას?
- ემოციურად, თან ძალიან... შინაგანად ვარ ძალიან ემოციური, ყველაფერი გულთან მიმაქვს. სიხარულიც, ტკივილიც, ყველაფერი... წარმოიდგინეთ რამხელა რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ჩვეულებრივი ცხოვრებით რომ ცხოვრობ და უცებ ასეთი ცნობილი ხდები. ვერ ავიტანე... გამიჭირდა მიღება. მეტირებოდა, მეღიმებოდა... ბედნიერებისგან ვიყავი ცუდად. დაუჯერებლად ვარ, ახლაც ... ყველა მცნობს, ბავშვი, მოხუცი, ახალგაზრდა... ყველა აბსოლუტურად... ახლა მე გზაში ვარ და ვეწევი ამ ჩემს ყოფას....
სასწაული სითბო მოდის მათგან... თვალები, ღიმილი... დამინახავენ და ეცინებათ.... წარმოიდგინეთ რამხელა ბედნიერებაა, მე ვგვრი ადამიანებს სიხარულს... ღიმილს...
თქვენ ლუნა ხართ ხო? მეკითხებიან გაბრწყინებული თვალებით... მერიდება, თითქოს მცხვენია ხალხი რომ მცნობს. კიდევ ვერ შევეგუე. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ამხელა დადებით ემოციას თუ მივიღებდი. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ყველას და მადლობა ფორმულა კრეატივს. განაგრძეთ კითხვა