47 წლის კარენ კლეინის ისტორიას "შობის სასწაული" უწოდეს - დედის უზარმაზარი ძალა
რა უნდა აკეთოთ საშობაო არდადეგების დროს? რა თქმა უნდა, იმოგზაუროთ. ასე გადაწყვიტა კლეინის ოჯხმაც. ერიკი, კარენი და მათი 10 წლის შვილი აიზეკი ავტომობილით გაემგზავრნენ ლას ვეგასში. გზად გადაწყვიტეს, შეევლოთ ნაციონალურ პარკში - გრანდკანიონში, რაც შემდეგ ინანეს.
თოვამ იმატა, ქროდა ძლიერი ქარი. კლეინმა გადაწყვიტა შემოვლითი გზით წასვლა. თან ხელმძღვანელობდა გუგლის ნავიგიაციით. შემოვლითი გზა საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდა. გზა მთლიანად დაიფარა თოვლით. როდესაც კლეინი უკან მობრუნდა, მანქანაც საბოლოოდ ჩარჩა თოვლში. მობილური კავშირი ამ რაიონში არ იყო. საჭირო იყო დამხმარე ძალა, მაგრამ დიდი გზა გახლდათ გასავლელი ფეხით. ლოგიკური იყო დასახმარებლად კაცის წასვლა. მაგრამ ერიკი ავტოავარიაში იყო მოყოლილი და ჯერ კიდევ არ იყო საბოლოოდ გამოჯანმრთელებული. კარენი გამოცდილი მარათონელი გახლდათ და მას მიზნისკენ მისასვლელად უფრო მეტი შანსი ჰქონდა.
გზატკეცილი დაკეტილი იყო, უკან წასვლას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ კარენი გაემართა ნაციონალური პარკის შესასვლელისკენ. იქამდე 23 კმ. იყო გასავლელი.
ქალი დარწმუნებული იყო, რომ გაართმევდა თავს - ადრე გადიოდა ტრენინგს, თუ როგორ გადაერჩინა თავი ველურ ბუნებაში. თითქოს ტანსაცმელიც შესაბამისი ეცვა, მაგრამ ღრმა თოვლში (სიღრმე - 1 მეტრი) ძნელი აღმოჩნდა სიარული. ამას დაემატა ისიც, რომ კომპასისა და ნავიგატორის გარეშე გზის გაკვლევა გაუჭირდა.
თანდათან ქარბუქი მატულობდა. როგორც შემდეგ NBC News-ის ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავდა, ის ცდილობდა შეესვენა გიგანტური ნაძვის ძირში, ცდილობდა ცოტათი მაინც გაეთბო საკუთარი თავი, შემოიხვევდა ტანზე ხელებს და ტრიალებდა აქეთ-იქით. როგორც კი შეწყვეტდა მოძრაობას, მაშინვე ძილი უნდებოდა. ჩაძინება არაფრით არ შეიძლებოდა - მიუხედავად ძლიერი დაღლილობისა. ის უბრალოდ გაიყინებოდა. ბოლოს კარენი ისე დაიღალა, რომ შეუჩერებლად მხოლოდ 10 ნაბიჯის გადადგმა მოახერხა. ძალების მოკრება შეუძლებელი იყო. თან მხოლოდ შვრიის ფანტელების პატარა შეკვრა ჰქონდა წაღებული. როდესაც ისიც დაუმთავრდა, კარენი ხის ტოტებს ჭამდა და დასალევად გამდნარ თოვლს იყენებდა. ამ ყველაფერს დაემატა ის, რომ დავარდა, იღრძო თეძოს კუნთი და დაკარგა ცალი ფეხსაცმელი. მალევე დაეწყო ჰალუცინაციები... ქალი გადაარჩინა მხოლოდ იმან, რომ შემთხვევით დაინახა მეტყევის ქოხი. გატეხა ფანჯარა, შევიდა შიგნით და შეძლო ჩაძინება. იმ დროისთვის კარენის წამოსვლიდან 30 საათი იყო გასული. გამოვლილი ჰქონდა 42 კილომეტრი... მხოლოდ 6 საათის შემდეგ იპოვეს მაშველებმა.
- ნამდვილი საახალწლო სასწაული იყო, რომ კარენი გადარჩა, - თქვა მაშველთა ჯგუფის მეთაურმა ჯიმდრის კოლმა. - ეს ისტორია შეიძლებოდა ცუდად დასრულებულიყო. სანამ კარენი მიდიოდა, ერიკს და აიზეკს მანქანაში ეძინათ. დილით ერიკი მიხვდა, რომ მეუღლეს რაღაც შეემთხვა. რის ვაი-ვაგლახით გადმოვიდა მანქანიდან და ცდილობდა ასულიყო თოვლის მთაზე იმ იმედით, რომ იქნებ მაშველებს დაენახათ ის. მას გაუმართლა. მაშველებმა შეამჩნიეს.
სამივე საავადმყოფოში წაიყვანეს. მამა-შვილი მალევე გამოწერეს, ხოლო კარენი დარჩა სამკურნალოდ: მას რამდენიმე თითი ჰქონდა მოყინული და ძალიან დასუსტებული იყო. კარენის სიტყვებით, ის დედობრივმა ინსტინქტმა გადაარჩინა.
- არ შემეძლო ჩემი შვილი დედის გარეშე დამეტოვებინა. არ დავუშვებდი იმას, რომ ჩემს მშობლებს საკუთარი შვილი დაემარხათ, - ამბობს კარენი. - ვფიქრობ, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აქვთ მეტი ძალა, ვიდრე ჰგონიათ. ეს ეხება როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ შესაძლებლობებს. გახსოვდეთ ამის შესახებ და არასდროს დაკარგოთ იმედი!