4 წლის იოანე ძებნიაურის გულის მომკვლელი ამბავი 4 წლის იოანე ძებნიაურის ამბავი მართლაც გულის მომკვლელია. ჯანმრთელ ბიჭუნას მოულოდნელად ღებინება დაეწყო და პილოროსტენოზის დიაგნოზით კუჭზე ოპერაცია გაუკეთდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ძალიან ცუდი ეტაპი ძებნიაურების ოჯახში.
გვიამბობს იოანეს დედა ხატია ძებნიაური:
- იოანე დაიბადა სრულიად ჯნამრთელი, პრობლემების გარეშე. მოწვეულმა ნევროლოგმა გასინჯა და ნეიროსონოსკოპიაც გადაუღეს სამშობიაროში. მოგვილოცეს, ჯანმრთელი ბიჭი გყავთო. არანაირი ჩივილები არ გვქონია, ჭამდა, ეძინა და იზრდებოდა იო.
ერთი თვის იყო, რომ დაეწყო ღებინება და მოვხვდით საავადმყოფოში, სადაც გვითხრეს, რომ ოპერაცია იყო საჭირო - პილოროსტენოზის დიაგნოზი იყო (ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებული და ხშირია ჩვილებში - რედაქ.). ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, მხოლოდ ოპერაციის შემდეგ იოანეს თავი ჰქონდა ძალიან გადავარდნილი უკან, საერთოდ ვეღარ იმაგრებდა. მითხრეს, რომ ეს არ იყო პრობლემა, რადგან ბავშვი იყო დაღლილი ოპერაციის შემდგომ და თავს მალევე გაასწორებდა. მაგრამ ეს სიმართლე არ ყოფილა. ჩვენ გავაგზავნეთ საბუთები საზღვარ გარეთ და სულ სხვა პასუხი მივიღეთ - იოანეს პოსტნარკოზული ტრავმა დაუდგინდა.
დავიწყეთ რეაბილიტაციის კურსები. ერთწლიანი კურსის შემდეგ იოანეს წინსვლა არ ჰქონდა. ამიტომ გადავწყვიტეთ საზღვარგარეთ წასვლა. ჩვენ ვიმუშავეთ ფორუმებზე და ყველაზე კარგი და თანხის მხრივაც მისაღები ცენტრი ვნახეთ ჩინეთში (პეკინში).
სამთვიანი აქტიური და ძალიან ძლიერი კურსის მერე და ბავშვი წინ წამოვიდა, თავი დაიჭირა, ტონუსი ცოტა დავარდა. პირველი კურსის მერე კიდევ მოვახერხეთ წასვლა და ყოველი კურსი არის წინსვლა იოანეს ჯამრთელობაში. მას უკვე შეუძლია ცოტა ხნით ჯდომა, წამოვიდა ბგერები. მიჰყვება მარტივ ინსტრუქციებს, გამოხატავს ემოციურად ყველაფერს. ძალიან მოსიყვარულეა.
ჩინელი პროფესორების რეკომენდაციით, ჩინეთში უნდა გაუკეთდეს თავის ტვინის ღეროვანი უჯრედის გადანერგვის ოპერაცია.