26 მანქანა მუშაობდა ადგილზე და პრაქტიკულად, მთელი სავაჭრო ცენტრი დაიწვა თბილისში, "ვაგზლის მოედანზე" მდებარე სავაჭრო ცენტრი "ბავშვთა სამყარო" თითქმის მთლიანად დაიწყვა. მეხანძრეები ცეცხლის კერებს ამ დრომდე ებრძვიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცახდებით, დილის ათის ნახევრისთვის ადგილზე ჯერ კიდევ მაშველთა 26 მანქანა მუშაობდა.
"შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წუთი-წუთზე ველოდებით ხანძრის სრულ ლოკალიზებას", - განაცხადეს უწყებაში.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. "ბავშვთა სამყაროში" ცეცხლი გამთენიისას გაჩნდა.
დიდუბის რაიონის გამგებლის თქმით, ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალი "ფართო მასშტაბისაა" და მისი ანაზღაურება მხოლოდ გამგეობის ბიუჯეტიდან რთული იქნება.
"პოლიცია აქაა, ყველა აქაა. ალბათ, გაარკვევენ, რა იყო მიზეზი. იმედს ვიტოვებ, რომ დაზღვევა არსებობს. ანაზღაურებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ჯერ ცეცხლი უნდა ჩავაქროთ და მოხდეს ხანძრის ლოკალიზება, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. გამგეობის მასშტაბებს ეს აღემატება. ეს უფრო ფართო მასშტაბის პრობლემაა, რადგან ძალიან დიდი ცეცხლია", - განაცხადა დიდუბის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვთა სამყაროში ხანძრის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 187-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
უწყებაში მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.
"ბავშვთა სამყაროსთან" თბილისის მერი დავით ნარმანია მივიდა. არსებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრი მთლიანად დამწვარია. დაზარალებულია ათობით მოვაჭრე.
ინტერპრესნიუსი