”26 იანვარს, ღამის სამი საათი იყო, როცა ცხედარი ჩუმად გამოიყვანეს და პატრულის ესკორტით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს... მე ეს ბრძოლა წავაგე!” ლია პაპიაშვილი, 51 წლის თბილისი
" 22 წლის ვიქნებოდი აფხაზეთში ომი რომ დაიწყო. მე და ჩემს მეუღლეს უკვე ორი პატარა ქალიშვილი გვყავდა. პაატა 26 წლის იქნებოდა, როცა შინაგანი ჯარებიდან ომში გაიწვიეს. სახლში გაწვევის ფურცელი რომ ვნახე, მოვკიდე ჩემს პატარებს ხელი და მივაკითხე კომისარს თხოვნით, რომ არ გაეწირა შემი შვილები ობლობისთვის. ავუხსენი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა მარტოს ბავშვების გაზრდა. უარი მითხრა. სახლში დაბრუნებულმა ქმარსაც იგივე ვუთხარი, ომში ყვავილებს არ ისვრიან, ისვრიან ტყვიებს და რა მეშველებოდა, მას რომ რამე დამართნოდა?! "ოთარაანთ ქვრივი" არ წაგიკითხავსო, მიპასუხა. ჩაიცმევ რკინის ქალამნებს და კაციც შენ იქნები და ქალიცო. 1 წლის შემდეგ, კინდღადან რომ ბრუნდებოდა სახლში, დაიღუპა...
ომი ანგრევს ყველას და ყველაფერს და პირველ რიგში ეს ურტყამს ქალებს. ომს გმირები არ ყავს, მას მარტო ყავს მსხვერპლი. 20- 22 წლის გოგოები დავრჩით შვილებით მარტო, ვისაც გმირობა კი არა, ტრაგედია და მომავლის შიში გვაერთანებდა. სულ იმას ვფიქრობ, რად უნდოდა ჩემს ქმარს ოთარაანთ ქვრივი რომ ვყოფილიყავი იმ ქვეყანაში, სადაც სამართლის მიღწევა ქალისთვის ასეთი რთულია?!
წარმოიდგინეთ ბნელი და გაყინული ქალაქი, პურის რიგები და უიმედო მომავალი. ჩემს ცხოვრებაში პაატა უკვე აღარ იყო და მარტოს უნდა მეზრუნა ყველაფერზე. გაჭირვებამ ისევ საკუთარ თავში მაპოვნინა ძალა. სწორედ მაშინ შემოვიკრიბე გარშემო ომის ქვრივი ქალები და გადავწყვიტეთ ერთმანეთს დავხმარებოდით დაობლებული შვილების გაზრდაში. ჩემს სახლში, დიღომში ვიკრიბებოდით და ვისაც რა ცოდნა გვქონდა, გადავცემდით ერთმანეთის შვილებს. მე სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას ვასწავლიდი ბავშვებს, ზოგი ინგლისურს ასწავლიდა, ზოგი რუსულს... სოლიდარობა გვქონდა ერთმანეთის და ჩვენ თვითონ ვაკეთებდით იმას, რაც წესით სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა. იმ პერიოდში ძალიან ბევრი დაობლებული ბავშვი ქუჩაში გავიდა. იყო რისკი იმისა, რომ მავნე პრაქტიკებში ჩაბმულიყვნენ, როგორიცაა ქურდობა, მათხოვრობა და ტოქსიკომანია. ამიტომ რაც შემეძლო, ჩემს თავზე ავიღე ამ ბავშვებზე ზრუნვა და მათი გადარჩენა. თუ ვინმე დედას ფული დაჭირდებოდა, რამე ძვირფას ნივთს ვყიდდი და ასე გავაკეთეთ საერთო სალარო, რომლის მაგივრობას ჩემი სახლის ვაზა სწევდა. მოგვიანებით უკვე ობოლ ბავშთა დახმარების ახალგაზრდული ფონდი შევქმენით და მაშნდელ მთავრობას დახმარებისთვის მივმართეთ. ნაწილობრივ მათი დახმარებით და ნაწილობრივ ჩვენი სახსრებით ვაწყობდით კონცერტებს, საშობაო და საზაფხულო ბანაკებს, ექსკურსიებს, რომ ბავშვებისთვის თვალსაწიერი გაგვეხსნა, განათლება მიგვეცა და ქუჩას აგვერიდებინა.
ასე გავზარდე მარტომ ჩემი შვილები.
სულ ვამბობ იმას, რომ ჩემთვის ომი არ დამთავრებულა. ჩემი ცხოვრება სავსეა ბრძოლებით, საიდანაც ხან გამარჯვებული, ხან დამარცხებული გამოვდივარ. ერთი და ყველაზე მთავარი ბრძოლა, რამდენიმე წლის წინ წავაგე...
მახსოვს ჩემი ქმრის გარდაცვალების წლისთავისთვის ვემზადებოდით სახლში, როცა ჩემმა უფროსმა გოგონამ, ნინიკომ შემომჩივლა, გული მაქვს აჩქარებულიო. ნინიკო მაშინ 24 წლის იყო. პირველადი დახმარება სახლში აღმოვუჩინე, მაგრამ მაიცნ ვერ დამშვიდდა. თან წინა დღის ნამგზავრები ვიყავით და ვიფიქრე, გადაიღალა თქო და მაინც სასწრაფო გამოვძახე. სასწრაფოს ექიმმა ნინიკოს დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა იმ მიზეზით, რომ კარდიოგრამას ვერ გააკეთებდა ადგილზე. კი გაგვიკვირდა, უარიც ვუთხარით, ნინიკოს ეცინებოდა, რა მჭირს საავადმყოფოში გადასაყვანიო, მაგრამ ექიმმა, როგორც დედა, დამარცხვინა და ჩვენც გავყევით. გზიდან სტუმრებს, ვინც სახლში უნდა მოსულიყო, ვურეკავდი და საავადმყოფოში ვიბარებდი. სანამ საორგანიზაციო და ფინანსურ საკითხებს ვაგვარებდი მიმღებში, ექიმმა ნინიკო გასასინჯად შეიყვანა. მიმღებში 300 ლარი მომთხოვეს. თანხა სრულად არ აღმომაჩნდა და ნათესავს ველოდებოდი, ფული მოეტანა და შვილთან შევსულიყავი. ჩემდა გასაკვირად, თანხის გადახდის შემდეგაც არ შემიშვეს შვილთან. ის კი არა, საქმის კურსშიც არ მაყენებდნენ, რა მდგომარეობაში იყო ჩემი შვილი, რომელიც თავისი ფეხით შევიდა კლინიკაში. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. მოვიდნენ ჩემი ნათესავებიც, რომლებსაც დაცვასთან შელაპარაკებაც კი მოუვიდათ. ვითხოვდით ექიმთან შეხვედრას. ექიმი მხოლოდ ტელეფონით დაგველაპარაკა და ძალიან უხეში ტონით მოგვიშორა, ორი საათი მჭირდება თქვენს შვილთან და ახლა თავი დამანებეთო. წარმოიდგინეთ დედის მდგომარეობა ამას რომ გავიგებდი?! აღარ ვიცოდი რა მექნა, ჩავვარდი პანიკაში. ამასობაში იქ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიყარა თავი, ნათესავებმა, უცხოებმა. მე დრო ვიხელთე და შევიპარე სამანიპულაციოში, სადაც ჩემი შვილი დამხვდა მკვდარი...
ექიმმა მითხრა, გული გაუჩერდა და ჩვენ აპარატის მართვაზე გადავიყვანეთო, დღე-ღამეში 3,500 ლარი გექნებათ გადასახდელი და ისიც, გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ გადარჩებაო. არადა, მატყუებდნენ. ჩემი შვილი მოკლეს და ესეც არ იკმარეს, ცხედარსაც არ მიბრუნებდნენ. საავადმყოფო ალყაში გვყავდა მოქცეული. ერთი წუთითაც არ ვტოვებდით, ვითხოვდით ცხედარი დაებრუნებინათ და ამას არ აკეთებდნენ. ეჭვები გამიჩნდა, ბავშვს ორგანოების გაყიდვას ხომ არ უპირებდნენ ოჯახის წევრებთან შეუთანხმებლად. 4 დღე გვყავდა საავამყოფო ალყაში, რომ ცხედარი ჩუმად არსად გაეყვანათ. ამ პერიოდში ვცდილობდით დაკავშირებას მთავრობასთან, მაგრამ უშედეგოდ. არასმათავრობო ორგანიზაციებიც გვერდით გვედგა, მაგრამ ვერაფერს გავხდით. რას ვითხოვდი?! დედა ვიყავი და ვითხოვდი შვილის ცხედართან შევეშვი და სიმართლე ეთქვათ, რა მოხდა. მოგვამაგრეს პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც გვაკონტროლებდნენ. ახლაც მახსოვს იმ პოლიციელების სახე, ჩემს საცოდაობას რომ უყურებდნენ, ვერაფერს აკეთებდნენ. იდგნენ და ტიროდნენ.
26 იანვარს, ღამის სამი საათი იყო, როცა ცხედარი ჩუმად გამოიყვანეს და პატრულის ესკორტით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. იმავე ღამეს დავუკავშირდით ტელევიზიებს, პრესას, რომ გაგვეჟღერებინა ეს ამბავი და ცხედარის მოძებნაში დაგვხმარებოდნენ. მახსოვს, ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტს ვესაუბრე, რომელმაც არ ვიცი როგორ მოახერხა, მაგრამ 20 წუთის შემდეგ პოლიციელმა, გივი წიკლაურმა დაგვირეკა და გვითხრა, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოს პროზექტურაში იმყოფებოდა ნინიკოს ცხედარი. ეს იყო 27 იანვარი, ნინაობა.
ნინიკო დავიბრუნე გაკვეთილი. ჩემი ეჭვით, მას არც ერთი ორგანო არ ქონდა ადგილზე. თავის არეშიც კი გაკვეთილი იყო. და მე ჩემმა სახელმწიფომ, რომელსაც ჯერ ომის დროს ვედექი გვერდში, მის ნაცვლად ვაკეთებდი საქმეს, ობლად დარჩენილი ბავშვების მოვლა-პატრონობას, სახეში შემაფურთხა და დაზარალებულადაც არ მცნო, რომ გამოძიება დამეწყო. მე ჩემმა სახელმწიფომ გამომიყენა, როცა ვჭირდებოდი: გამოიყენა ჩემი დედობა, ჩემი ქალობა და როცა მის ინტერესებს შევეწინააღმდეგე, დედაც და ქალიც სანაგვაზე მომისროლა. მე უფლებმა არ მომეცა, რომ ახლიდან გამეკვეთა ჩემი შვილი, გამომეძიებინა სიმართლე, გავცნობოდი საქმეს. ასე დამცირებულმა, შეურაცხყოფილმა და დღემდე ბურუსში მყოფმა დავასაფლავე ნინიკო ისე, რომ დღემდე არ ვიცი, რა მოხდა.
ნინიკოს ამბავმა სრულიად დამანგრია. წლების განმავლობაში ჩემს თანამებრძოლ ქვრივ ქალებს ქონდათ მცდელობა მე ისევ დავებრუნებინე ცხოვრების ჩვეული რიტმისთვის. ნინიკოს სიცოცხლეშივე გვქონდა იდეა გაგვეკეთებინა ჩურჩხელას საწარმო და ნინა ბებოს, ჩემი ბებიის უნიკალური რეცეპტი და ვენახები ისევ გაგვეცოცხლებინა. ნინიკოს გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში შევქმენი ომის ქვრივ ქალთა კოოპერატივი "ალვანი" , სადაც 16 ქალთან ერთად დავიწყეთ უძველესი რეცეპტით ჩურჩხელების წარმოება. მოგვიანებით საერთაშორისო გამოფენებზე გავიტანეთ ბრუსელსა და ჰოლანდიაში და თვეში 10,000 ცალ ჩურჩხელაზე მივიღეთ დაკვეთა. იმისათვის რომ ე0-ვროპული ხარისხის პროდუქცია აწარმოო, უნდა გქონდეს გამართული საწარმო და ევროპის ბაზრებიც უწყვეტად უნდა მოამარაგო პროდუქციით. განაცხადი გვქონდა შეტანილი საგრანტო კონკურსზე 150, 000 ლარის ღირებულების საწარმოს აშენებაზე, რომელიც მოგვცემს საშუალებას დღეში 1,000 ცალი უნიკალური რეცეპტით დამზადებული ჩურჩხელა გავაკეთოთ და უფრო მეტი ქალი დავასაქმოთ კახეთში. ამ ეტაპზე ვერ გავიმარჯვეთ. მაგრამ ჩვენი ბრძოლა გრძელდება."
© 2017 სოციალური პროექტი „ქალები საქართველოდან“ ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით. #ქალებისაქართველოდან.