"მეშინოდა. თან, შვილიანი რომ ვიყავი, ეს ფაქტორიც მქონდა..." - როგორ ააწყო დედამთილთან ურთიერთობა მომღერალმა მომღერალ სოფო ბედიასა და მისი დედამთილის ურთიერთობის შესახებ უკვე ლამის ლეგენდები დადის. ორივენი ხშირად საუბრობენ იმაზე, როგორ უგებენ ერთმანეთს და რა კარგად შედგა მათი კავშირი.
ამჯერად საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სოფო დედმთილს დაბადების დღეს შემდეგი სტატუსით ულოცავს:
„ჩემს უსაყვარლეს დედამთილს (დედას), ვულოცავ დაბადების დღეს. ჯანმრთელობას, ბედნიერებას, კეთილდღეობას და უფლის წყალობას გისურვებ, ჩემო ტკბილო. მინდა, სულ ბედნიერს გხედავდე შენს დიდ და ლამაზ ოჯახთან ერთად და ჩემთან ერთად. მიყვარხარ.“
ცნობილია, რომ სოფოს მეორე მეუღლე მიშა მესხია, რომლის ოჯახთანაც მომღერალს ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს. ყოველთვის აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით უყვარს დედამთილი მაყვალა სანაია, რომელთან ერთადაც დუეტიც კი ჩაწერა მეგრულ ენაზე. სოფო ამბობს, ვაბოდებ ჩემს დედამთილზეო და მას გაცნობის დღიდან დედას ეძახის, ჯერ კიდევ იმ პერიოდიდან, როცა მიშა და სოფო ოფიციალურად ცოლ-ქმარი არ იყვნენ.
„თავიდან, ვიდრე გავიცნობდი, დედამთილთან ურთერთობის საკითხზე ცოტა ვღელავდი, რადგან პირველ ბედში არ მყავდა დედამთილი, გარდაცვლილი იყო. შესაბამისად, არ ვიცოდი ეს ურთიერთობა რა იყო. ზოგად სურათს რომ ვუყურებ, საქართველოში რა სიტუაციაცაა რძალ-დედამთილს შორის, მეშინოდა. თან, შვილიანი რომ ვიყავი, ეს ფაქტორიც მქონდა. იქნებ ჩემი შვილი არ მიეღოთ ან რაიმე მსგავსი. მე კიდევ, განხეთქილებები და დაპირისპირება არ შემიძლია, მსგავსი რამ რომ ყოფილიყო, ვერ შევქმნიდი ოჯახს. მეყოფა ის ტანჯვა, რაც გავიარე ცხოვრებაში. ძალიან გამიმართლა იმიტომ, რომ ფანტასტიკური დედამთილი მყავს – ვდაქალობთ, ვმეგობრობთ... როცა სალაპარაკო მაქვს, ვურეკავ და დაქალივით ვუყვები ყველაფერს. ისიც, როგორც დედა დაუდგება შვილს გვერდით, ისე მამხნევებს და მარიგებს“, - აღნიშნა სოფომ ერთ-ერთ ინტერვიუში.
ქალბატონი მაყვალას დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე სოფო და ბორის ბედიების დედის დაბადების დღეც იყო. სოფომ რასაკვირველია, მასაც საჯაროდ, სოციალური ქსელით მიულოცა იუბილე:
„დე, გილოცავ ჩემო საყვარელო და ულამაზესო, დაბადების დღეს. მადლობა, რომ არსებობ, მადლობა, რომ მომავლინე და მადლობა, რომ ჩემი ხარ. გისურვებ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, ბედნიერებას და უფლის წყალობას. მიყვარხარ“.
თეკლა ჟვანია