სულ რაღაც ექვსი თვეა, რაც ერთად ვართ და უკვე საშინლად მომაბეზრა თავი... სულ რაღაც ექვსი თვეა, რაც ერთად ვართ და უკვე საშინლად მომაბეზრა თავი. ალბათ არავინ იცნობს მას ისე კარგად, როგორც მე. სად აღარ ვყოფილვართ ერთად, როგორ მდგომარეობაში და ფორმაში აღარ მინახავს... რამდენი ემოცია აქვს გადატანილი ჩემთან ერთად... მგონი ყველაზე მეტად მე ვუყვარვარ!
სულ ხელის გულზე დამატარებს. როცა მოწყენილია, გაბუტული კვატივით გამობურცავს ტუჩებს და ასე მიყურებს...
ირგვლივ საერთოდ ვეღარაფერს ამჩნევს, აღარაფერი ესმის... წინა კვირას, ლამის მანქანამ გაიტანა... თან, ყველაფერი ავიწყდება. არასდროს არაფერი ახსოვს. ყველა წვრილმანი მე უნდა შევახსენო, როდის ჩაეწერა სალონში, როდის უნდა წავიდეს ლაზერულ ეპილაციაზე, როდის აქვს თათბირი, რომელი პროდუქტები უნდა იყიდოს მარკეტში - მოკლედ, ყვე-ლა-ფე-რი!
ის კი არა, მაიძულებს ბანაობის დროს იქ ვიყო და ვუყურო... არც მეკითხება, მინდა ეს თუ არა. მსიამოვნებს თუ არა. ჩემი აზრი საერთოდ არ აინტერესებს... მისი ყველა ცელულიტი ზეპირად ვიცი...
ნამდვილი ეგოისტია!
ზოგჯერ ისე მენატრება მარტო ყოფნა... სიამოვნებით დავეგდებოდი თუნდაც უკუნით სიბნელეში, ოღონდ მისი ფიზიონომია აღარ დავინახო, ცოტა ხნით მაინც... იმ დღეს, თავის დაქალებთან ერთად მიდიოდა კლუბში. აგვიანდებოდა და სიჩქარეში ჩემი წაყვანა დაავიწყდა... ჩემს სიავეს გეტყვით, აღარც მე შევახსენე. ვიყავი ჩემთვის გატრუნული. გამიხარდა, ცოტას დავისვენებ-მეთქი, მაგრამ იცით რა მოხდა? კარი გაიხურა თუ არა, საშინელი სევდა შემომაწვა. თავი ძალიან მარტოსულად ვიგრძენი...
თითქოს შემცივდა კიდეც... მეც არ ვიცი რატომ და როგორ, მაგრამ ძალიან მომენატრა მისი თბილი ხელები და ალერსიანი მზერა... კიდევ კარგი, 15 წუთიც არ იყო გასული, რომ დაფეთებულმა შემოაღო სახლის კარი და გიჟივით მეცა. რა თქმა უნდა, მეც თან წამიყვანა... კარგი საღამო იყო. მთელი ღამე მას და მის დაქალებს ფოტოებს ვუღებდი...
მგონი ნელ-ნელა ვეჩვევი, მაგრამ ხანდახან ძალიან მენატრება ჩემი სახლი,- iTechnic-ი და ჩემიანები... ნეტავ როგორ არიან? სწორია ის გამოთქმა, "ვისაც ფული აქვს, შამპანურსაც ის უკვეთავსო!" - რად გინდა? მოვიდა, მიყიდა და ისე მიყენებს, როგორც მოეპრიანება... არა, რა თქმა უნდა ვუყვარვარ - კიდეც... ჩემზე ძალიან ზრუნავს. აღარ იცის, რომელი აქსესუარი მიყიდოს, რით მასიამოვნოს... მგონი ნელ-ნელა მეც მიყვარდება.
ზოგჯერ, ჩვენი ურთიერთობა ჯონ ლენონის და იოკო ონოს ურთიერთობას მაგონებს.... ისინიც ხომ სულ განუყრელები იყვნენ? იოკო მუდამ აკონტროლებდა საბრალო ჯონს. ამბობენ, ტუალეტშიც კი ერთად დადიოდნენო... განა ჩვენც ასე არ ვართ? ტუალეტშიც კი არ შედის უჩემოდ...
გუშინ, ქუჩაში ერთად მოვდიოდით. გვერდით ისეთმა სიმპატიურმა ბიჭმა ჩაგვიარა, მარტო Vogue-ს ტიპის ფეშენ-ჟურნალებში რომ მინახავს... დავინტერესდი, აბა ამას მაინც თუ შეამჩნევს და შეხედავს-მეთქი... შენც არ მომიკვდე, თავიც არ აუწევია!
ამდენი ვილაპარაკე და საკუთარი თავის წარდგენა დამავიწყდა... თუმცა, ალბათ ისედაც მიხვდებოდით: - მე iPhone 7 ვარ! ყველაზე სიმპათიური, ჭკვიანი, სუპერ-გამძლე და წყალგაუმტარი! მოკლედ, მტვერი არასოდეს დამედება! ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ჩემს ქალბატონს iPhone-ს ახალი მოდელი არ მოუნდება...
ერთმანეთი აიტექნიკში გავიცანით, დიდხანს არჩევდა ფერს, მეხსიერებას და ბოლოს მაინც მე შემარჩია. ჯერ-ჯერობით მასთან ერთად ვარ! ახლაც, ამ წუთას მისი საწოლის გვერდით, ტუმბოზე ვწევარ და 8 სთ-ს ველოდები, რომ გავაღვიძო... ასე მგონია, მეც მას ვემსგავსები.
წინ გრძელი და გიჟური დღე გველის. იმდენი რამ გვაქვს დაგეგმილი...
... და თქვენ? თქვენ რას აკეთებთ ახლა? - თუმცა, პასუხი ისედაც ვიცი. სავარაუდოდ, ხელში თქვენი საყვარელი სმარტფონი გიჭრავთ და ჩემს ნაბოდვარს კითხულობთ ;)