მომღერლის დედას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს მიშო სულუხიას ბევრი იცნობს. ნიჭიერი მომღერალი ბოლოს "იქს-ფაქტორში" გამოდიოდა და მაშინვე გაიგო ყველამ, რომ დედამისს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მან შვეიცარიაში სწავლა შეწყვიტა და საქართველოში, დედასთან დაბრუნდა.
როგორც გაირკვა, ქალბატონ მაიას თავში სიმსივნე აქვს, საზღვარგარეთ ესაჭიროება გადაუდებელი რთული ნეირო ქირურგიული ოპერაცია, რომლის ღირებულებაც შეადგენს 25.000 დოლარს. მიშომ გადაწყვიტა, ყველაფერი გააკეთოს დედის გადასარჩენად, მეგობრებიც დაუდგნენ გვერდით და 22 თებერვალს ტარდება კონცერტი, რომელზე შეგროვილი თანხაც მთლიანად მის მკურნალობას მოხმარდება.
როგორც მიშო ყვება ერთ-ერთ ინტერვიუში, დედამისი თეატრში მუშაობდა, როცა ინციდენტი შეემთხვა:
"ერთ-ერთი რეპეტიციის დროს კიბიდან ჩამოვარდა, თავი ძალიან ძლიერად დაარტყა და ამის მერე გაჩნდა პრობლემები. ამიტომ მოუწია თეატრიდან წამოსვლა, რადგან ფეხისა და ხელის სისუსტე ჰქონდა, ვეღარ შეძლო აქტიურად გაეგრძელებინა თავისი საქმე.
– შენ მისი ცხოვრების ყველა ეტაპზე გვერდით ჰყავხარ.
– როცა ანალიზებზე ან თერაპიაზე მივდივართ, ისე კარგად ვიცი დედას დიაგნოზი, რომ ექიმები მეკითხებიან: თქვენ ექიმი ხართო. ნეიროქირურგია და ონკოლოგია, ფაქტობრივად, შევისწავლე. დედაც ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ჩემთან.
– მამას არ ახსენებ. ისინი დიდი ხნის წინ დაშორდნენ ერთმანეთს?
– მამაჩემი არაჩვეულებრივი პიროვნებაა, განათლებული კაცი, წარმოსადეგი, სიმპათიური, ცხოვრობს მოსკოვში. სამწუხაროდ, არ მოხდა ისე, რომ დედას და მამას ერთად ეცხოვრათ. ეს პატარა ტრავმად აისახება ჩემს ცხოვრებაზე. 4 წლის ვიყავი, როცა მამა მოსკოვში წავიდა საცხოვრებლად. ბავშვს მაინც სჭირდება მამაკაცის, მამის არსებობა ოჯახში და შესაბამისად, ამის დანაკლისი სულ მქონდა. რაც მთავარია, მამის მხრიდან მყავს ძალიან კარგი ბებია, ბიძები – გურიაში ცხოვრობენ და მთელ ზაფხულს იქით ვატარებ. მათთან სულ მაქვს ურთიერთობა, მამასთან კი, ცოტა მოგვიანებით აღვადგინე. პატარა დაც მყავს. წლების განმავლობაში ინტერნეტით ვეკონტაქტებოდი. წელს კი პირადად გავიცანი. 15 წლისაა".
მიშოს ვუსურვებთ დედის გამოჯანმრთელებას და სცენაზე აქტიურად დაბრუნებას.