წყვილი, რომელიც ასხივებდა... წყვილი, რომელიც ასხივებდა...
"მედეა მე მაგონებს გაზაფხულის ყვავილს, რომელიც ნაზ სურნელებას გამოსცემს და გათბობს", - ამბობდა მასზე ვერიკო ანჯაფარიძე.
"ქართული კინოს მშვენება", "მარადიული სილამაზე", "სათნოებისა და კდემამოსილების განსახიერება", - ეს ეპითეტებიც მედეა ჯაფარიძეს ეკუთვნის, რომელსაც ასე უხვად იყენებდნენ მისი ნაცნობ-მეგობრები. სულ რამდენიმე წუთი იყო საკმარისი იმისათვის, რომ მნახველი ამ საოცარი ქალით მოხიბლულიყო. მედიკო (მას ყველა ასე ეძახდა) გარდა წარმტაცი გარეგნობისა, სულიერადაც მშვენიერი იყო, ყველას ერთნაირად ატყვევებდა, - დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს.
"იგი სიკეთის განსახიერებაა, მასთან მყოფს გჯერა, რომ ამქვეყნად ბოროტება არ არსებობს", - ამბობდა ლილი იოსელიანი.
არადა, მას პატარაობიდანვე მძიმე ცხოვრება ხვდა წილად. მამა დაუპატიმრეს, დედას ამის ნიადაგზე სულიერი აშლილობა დაეწყო. ზრდიდა ბიძა... მედიკოს სათუთი გული ბევრ ტკივილს იტანდა...
ძალიან ადრე გათხოვდა, თუმცა სწავლა უზომოდ უნდოდა. მსახიობობაზე ოცნებობდა. შტატგარეშე მსახიობად დაიწყო მუშაობა "მარჯანიშვილის თეატრში". ვაჟას "მოკვეთილში" მისცეს ერთი ეპიზოდური (გულსუნდას) როლი და უბედნიერესი იყო.
მისი პირველი ქმარი გრიშა კოსტავა გახლდათ, მერაბ კოსტავას ბიძა. მოგვიანებით მედეა იხსენებდა: "ბევრს ახსოვს მერაბი, ვაჟკაცური, ღრმად ქართველი, მტკიცე ხასიათის, შეუპოვარი... სწორედ ასეთი იყო გრიშაც". იგი ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის დააპატიმრეს. კვლავ მძიმე დღეში ჩავარდა ლამაზი მედიკო. იმ პერიოდში მისი მთავარი მიზანი გრიშას შველა იყო. ახლობლები იხსენებდნენ: მედიკო სხვათა რჩევით მისთხოვდა ასაკით მასზე უფროს გრიშას, ეგონათ, პატრონს გაუჩენდნენ ბედისაგან დაჩაგრულს, მაგრამ პირიქით მოხდა - გრიშა დააპატიმრეს და იგი მედიკოს საზრუნავი გახდაო...
"რას არ მივცემდი, ერთი წუთით რომ შემახედა შენთვის" - რეზო თაბუკაშვილის წერილი მედეა ჯაფარიძეს
მაშინ 20 წლის იყო. თეატრზე ოცნება დაივიწყა; ვინ აღარ შეაწუხა გრიშას გამო. მარგარიტა მუსხელიშვილმა (მეცნიერის დამ) წერილი გაატანა ადმირალ ისაკოვთან, რომ იმას "საქმე ჩაეწყო" ულრიხთან. ეს ულრიხი განაგებდა მაშინ პოლიტპატიმართა ბედ-იღბალს. ჩავიდა მედიკო მოსკოვში და ულრიხთან თავის რიგს 6 თვე ელოდა. ნათესავთან ცხოვრობდა და მოთმინებით ელოდა იმ დღეს, როცა სისხლისმსმელ კაცთან შევიდოდა და ქმრის შეწყალებას სთხოვდა. მედიკო განცვიფრებული დარჩა, როცა ულრიხი იხილა, - "ეს იყო თეთრწვერა ბაბუა, რომელსაც კეთილი თვალები ჰქონდა", - იგონებდა მოგვიანებით. არადა, თავად მედიკო გახლდათ იმდენად კეთილი, რომ ყველა ადამიანში სიკეთის მარცვლებს ეძებდა... განაგრძე კითხვა