"ამ ნაბიჭვრებმა ოჯახს და უახლოეს ადამიანებს 15 წლის დათა დარსალია მოგვიკლეს!" ტელეკომპანია "მეცხრე არხის" ახალი ამბების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი იმედა დარსალია ფეისბუქზე საკმაოდ მძიმე შემთხვევის შესახებ წერს, შემდეგ კი საქართველოს პრემიერს მიმართავს დროული რეაგირებისთვის. ორივე სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
"ერთადერთი, ვინც იმედა ბიძიას მეძახდა და სულ ვსაყვედურობდი, ბიძიას ნუ მეძახი-თქო... ძალიან ზრდილი, კეთილი, ხალასი, ბედნიერი ოჯახიდან, ჩემ თვალწინ გაზრდილი, ჩემი ბიძაშვილის ერთადერთი შვილი - 15 წლის დათა.
არ მეგონა, თუ ამ დროში ისევ კლავდნენ ტელეფონისა და ქურთუკისათვის. ბავშვმა ცოცხალი თავით არ დათმო ტელეფონი და ქუჩაში დანით მოკლეს. ქურთუკი კი გახადეს და თან წაიღეს. მკვლელებიდან ერთი არასრულწლოვანია, რომელსაც თურმე ადვოკატი ჰამლეტ ვაშაკიძე დაიცავს (არ ვიცი, ეს ის ვაშაკიძეა თუ არა, 2009-ში თაღლითობისთვის რომ დააკავეს), დაიცავს ასევე ძალიან ლმობიერი ახალი არასრულწლოვანთა კოდექსი, მეორე დამნაშავე ამ მკვლელობის ჩადენამდე ორჯერ დაჭერილია სხვა დანაშაულზე, მაგრამ უნიათო პროკურორმა ვერ დაუმტკიცა და დამნაშავე გარეთ აღმოჩნდა, ჰოდა, ალბათ უნდა გრძნობდეს ის პროკურორი მორალურ პასუხისმგებლობას, რადგან ამ ნაბიჭვრებმა ოჯახს და უახლოეს ადამიანებს 15 წლის დათა დარსალია მოგვიკლეს.
P.S. პროკურატურავ, 17 ეპიზოდიდან დამნაშავეს რომ ვერც ერთს დაუმტკიცებ, უნდა წახვიდე, რომ თქვენი არაპროფესიონალიზმით სხვა ოჯახი არ დაღუპოთ.
"გიორგი კვირიკაშვილი
ბატონო პრემიერ მინისტრო!
ქუჩაში გასვლა სახიფათოა, ტელეფონებისა ქურთუკების დაყაჩაღების ორი ფაქტი ბოლო 10 დღეში მოხდა, აქედან ერთი ტრაგიკულად დასრულდა - ბავშვი მოკლეს, ჩემი დათა (ჩემთვის უახლოესი ადამიანი, ბიძაშვილის ერთადერთი შვილი და დიდი ტრაგედია მივიღეთ). ველოდი, რომ აუცილებლად შეგაწუხებდათ ქალაქში დაბრუნებული კრიმინალი - ტელეფონებსა და ქურთუკებზე ნადირობა. ველოდი, რომ ისეთივე მაღალი ტრიბუნიდან მისცემდით უფლებას და დავალებას სამართალდამცველებს, როგორც ეს ცოტა ხნის წინ გააკეთეთ მთავრობის სხდომაზე, რომ ღამის კლუბებში ქართველ კაცებს არ უშვებენო. ახლაც შეწუხდით და სასწრაფო რეაგირება დაიწყეთ. უსუსურად გამოიყურება მთავრობა ამ კრიმინალურ ფონზე, რაც ძალიან არ მსიამოვნებს".