„ბევრი ადრენალინი, აპლოდისმენტი, სიხარული მქონია, მაგრამ ის არაფერს არ ჰგავდა… ღმერთად გადავიქეცი მეგონა“ - როგორ აღწერს შვილის დაბადებას მომღერალი ლიკა შუბითიძე მომღერალმა ლიკა შუბითიძემ, რომელიც მეუღლესა და შვილთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, საკუთარი შვილის დაბადება ისე ნატურალისტურად აღწერა, რომ გადავწყვიტეთ, მისი პოსტი თქვენთვის გაგვეზიარებინა. აღმოჩნდა, რომ ლიკამ შვილი დედის დაბადების დღეზე გააჩინა და ამით ყველაზე დიდი საჩუქარი გაუკეთა. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:
"28/02/2015 წელი, თბილისი, საქართველო
დილის 4 საათზე დამეწყო. მივხვდი, რომ დამეწყო, დრო იყო. დედა შევაღვიძე და ვუთხარი: მგონი, დამეწყო-თქო. ვუთხარი სიმპტომები და დამეთანხმა. ტატო გავაღვიძე.
11 საათისთვის წავედით კლინიკაში. რომ მეგონა, დამეწყო, თურმე ჯერ სად ვარ, მერე და მერე დამეწყო, თუ დამეწყო...
არ გავიყუჩე, ვუძლებდი... როცა მეგონა ვეღარ ვუძლებდი, გვიანი იყო მერე. ტატოს დასწრება უნდოდა, არ დაგვრთეს ნება. ცოტა ხნით შემოვიდა და უკვე ისეთი ტკივილები მქონდა, მე თვითონ ვთხოვე, მალე ჩასულიყო ქვემოთ.
საოცარია: წამოგივლის - გასვენებს, წამოგივლის - გასვენებს, წამოგივლის - გგონია კვდები და ისევ გასვენებს რამდენიმე წამი, შეიძლება დაძინებაც მოასწრო ამ დროში..
...შუადღის 4 საათი.
ერთ წამში ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ბევრი ადრენალინი, აპლოდისმენტი, სიხარული მქონია, მაგრამ ის არაფერს არ ჰგავდა. ყველაფერი ერთადაა. ღმერთად გადავიქეცი მეგონა. ჩემებს დავურეკე...
დავინახე, ძალიან პატარაა. ხმა ამოიღო... რა მაგარია! მომიყვანეს. თვალები გაახილა. ტატოს ჰგავს! რა მაგარია!!!
2 წლის წინ, 28 თებერვალს, დედაჩემს დაბადების დღეზე ჩემი შვილი ალექსანდრა ვაჩუქე...”
თეკლა ჟვანია