"მშობლების დაუდევრობით ბავშვი უმძიმეს მდგომარეობამდე მივიდა..." დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში 13 წლის მოზარდი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. მოზარდს სხეულის ოცი პროცენტი აქვს დამწვარი და მე-3 ხარისხის დამწვრობა აღენიშნება... იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრის ხელმძღვანელი - გუგა ქაშიბაძე მოზარდის მდგომარეობაზე გვესაუბრა...
- ბავშვი ჩვენს კლინიკაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში შემოვიდა… აღენიშნებოდა სხეულის ოცი პროცენტი დამწვრობა, ლოკალიზებული იყო წელზე, ზურგზე და დუნდულოებზე... მან ტრავმა მიიღო ადუღებული, სუფთა წყლის გადასხმის შედეგად და ექვსი დღის განმავლობაში ექიმბაშთან მკურნალობდნენ, რაღაც სახლში დამზადებული ნათითხნი მალამოებით, რომელსაც ალბათ მალამოსაც ვერ დავარქმევთ... ბავშვის მდგომარეობა გართულდა, სუნთქვა გაუჭირდა, გონება დაკარგა, დაებინდა, ამის შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო და ბავშვი გადაყვანილ იქნა მარნეულის კლინიკაში. იქედან სასწრაფო მანქანის დახმარებით მოხვდა ჩვენს კლინიკაში, საკმაოდ რთულ სიტუაციაში.
თქვენ გცემთ პატივს და თქვენს მკითხველს, თორემ ბავშვის მშობლების გასაკიცხად სიტყვები არ მყოფნის. 21-ე საუკუნეში რომ ეს შემთხვევა საზღვარგარეთ მომხდარიყო, სავარაუდოდ მშობელს ბავშვზე უფლებას ჩამოართმევდნენ. ნებსით თუ უნებლიეთ ბავშვის სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე იდგა და ამას გამართლება არ აქვს! მედიცინაში ვერ ვერკვევიო, მოიმიზეზებენ და მედიცინაში ასე ექიმის გარდა ვერავინ ერკვევა! ექსპერიმენტები საკუთარ თავზე არ უნდა ჩაატარო და მით უმეტეს ბავშვზე! ბავშვს რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, იმ დროს რომ 112-ში უნდა დარეკო, ეს უკვე იმდენად ელემენტარულია, შეხსენებაც არავის არ უნდა სჭირდებოდეს! სასწრაფო დახმარების ბრიგადა უნდა გამოიძახო, რომელიც უფასოა და მდგომარეობას შეგიფასებს! მერე რა, რომ აზერბაიჯანელები არიან და არ არიან ქართულენოვანები, საქართველოს მოქალაქეები არიან და ეს წესი მთელმა საქართველომ იცის! როცა სერიოზული შემთხვევაა, თორემ ბავშვს რამდენი სიცხე აუწევს და მოხუცს - წნევა, ამაზე არ შეიძლება წამდაუწუმ სასწრაფოს იძახებდე!
- როგორ აღმოუჩინეთ პირველადი დახმარება?
- მიმღებში შეხვევაც კი ვერ მოვახერხეთ, იმდენად სწრაფად გადავიყვანეთ რეანიმაციის განყოფილებაში. ამჟამად იგი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. ჭრილობები არის დაინფიცირებული, ძალიან ძლიერი ინტოქსიკაციაა, აღენიშნება მეორადი ნეკროზისთვის დამახასიათებელი ნიშნები და ბავშვის ორგანიზმმა ყველაფერ ამას ვერ გაუძლო. ჯერჯერობით ვერც იმას ვიტყვით, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ვერც იმას, რომ არ ემუქრება. რაღაც საეჭვო მომენტები, სამწუხაროდ, არის, მაგრამ ჯერჯერობით არ ვართ დარწმუნებული.
მე ვიკითხე კიდეც, ის ექიმბაში კანონმდებლობის მიხედვით როგორ ისჯება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე არ ისჯება. ერთადერთი საგადასახადო დავალიანებებისთვის თუ დაისჯება, რადგან მალამოს ყიდის და გადასახადებს მალავს. მას ვერც ლიცენზიას ვერ ჩამოართმევენ, რადგან ექიმი არ არის. იტყვის, მე რა შუაში ვარ, ექიმი კი არ ვარ, ბებიაჩემმა რაღაც მასწავლა და ათასი მომირჩენია ასეთი პაციენტიო... არადა, იმიტომ ვარ გაგიჟებული, რომ ამ სისულელეების გამო შეიძლება ყველაფერი ფატალურად დასრულდეს. სანამ ბავშვი არ გაუშავდათ და გონება არ დაკარგა, ვერ მიხვდნენ, რომ ექიმისთვის მიემართათ.
- მოსახლეობას ხშირად აფრთხილებთ, მაგრამ სავალალო შედეგები ხშირია...
- თვითონ დარგია საკმაოდ რთული. ასეთი ფართობის დაზიანება, კლინიკაშიც კი რთულდება ხოლმე. მაგრამ, როცა ელემენტარული, პირველადი დახმარების წესები – გადასხმა არ აქვს ბავშვს გაკეთებული, ანალიზები არ აქვს ჩატარებული, არასწორად მიმდინარეობს მკურნალობა, ანტიბაქტერიული კრემების და ლოსიონების ნაცვლად ღმერთმა უწყის, რა აქვთ ნახმარი მარტო გიშრის ჩამოკიდება და შელოცვა, რომ საქმეს შველოდეს, ექიმები საჭირო აღარ ვიქნებით! 21-ე საუკუნეა და მერიდება კიდეც რაზეც დღეს მიწევს საუბარი!
დამწვრობის ცენტრში დღეს არის დაახლოებით 25 ტიპის კრემი და მალამო, რომელსაც მიზანმიმართული მოხმარება სჭირდება. უნდა მოხდეს ჭრილობის შეფასება, ფართობის, პაციენტის ასაკის, არ არის მე-19 საუკუნე, რაღაც დაგეწვა, თხის ქონი რაღაცაში აურიო და წაისვა.
პირველი დახმარება დამწვრობის დროს - ეს ყველა მშობელმა უნდა იცოდეს!
სხეულის დამწვრობას მკურნალობას ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა სრულად ანაზღაურებს. აქედან გამომდინარე, ექიმთან და სტაციონარში დროული მკურნალობის შედეგად, თავიდან იქნება აცილებული ექიმბაშის მალამოებით გამოწვეული გართულებები.
მანანა გაბრიჭიძე
წაიკითხეთ ასევე: ბიჭმა მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო, ნივთით რომელიც ბევრი ჩვენგანისთვის ძალიან საყვარელია