"ზუსტად ისე მინდა გივლიდე და გეფერებოდე, როგორც შენ ჩემს ბავშვობაში..." ახლა ვზივარ და შენს თითებს ვეფერები. ვაცქერდები შენს დიდრონ თვალებს, რომელშიც მთელი სამყარო ეტევა და ვფიქრობ, ღმერთო, რამდენი წელი გავიდა, როგორ დაქალდი, რამდენს გაუძელი და არ შეიცვალე. ზუსტად ისე იღიმები და გტკივა, როგორც მაშინ, წლების წინ, ჩვენ რომ პირველი ამბავი გავუზიარეთ ერთმანეთს.
სულ ახალგაზრდა მახსოვხარ... დედა. სულ რაღაც 27 წლის. ამ ასაკს კარგა ხანია გადავაბიჯე და ახლა, შენზე დიდი მგონია თავი. ზუსტად ისე მინდა გივლიდე და გეფერებოდე, როგორც შენ ჩემს ბავშვობაში. ამასწინათ, კიდევ ერთხელ მითხარი: "არ დანებდე!" და შენ თვითონ არ თმობდი: მოთმინებას, ღიმილს, სიცოცხლის სიყვარულს. მე, როცა ვბრაზობდი, შენ იღიმოდი; მე ვღელავდი, შენ მამშვიდებდი...
აი, მაშინ, შორს რომ ვიყავი, ვინატრე, ნეტავ გარეთ თოვდეს, სიცხე მქონდეს და დედა ჩემთან იყოს-მეთქი. გავიღვიძე და გარეთ ბარდნიდა, სიცხეც მქონდა, მაგრამ შენ არ იყავი. ძალიან მეტკინა. ვიფიქრე, ნეტავ როგორია ახლა ის, როგორ დადის, როგორ ბუზღუნებს, როგორ იღიმის და უცებ, შენი მოულოდნელი ზარი: "ხომ არაფერი გიჭირს, რატომღაც გავიფიქრე, რომ ცუდად ხარ..."
ბოლო რამდენიმე წელია, შენს დაბადების დღეზე ჩემს ტელეფონს ვრთავ, აღარავის ვპასუხობ, ისე მაშინებს შენი წლები, ისე მაშინებს შენი ცუდად ყოფნა. მახსოვს, პირველი ნაოჭი, რომ შეგამჩნიე სახეზე, მთელი ღამე ვტიროდი. განაგრძეთ კითხვა