"ნუ წვალობ, იცოდე, აღარ შევჭამ-მეთქი", მაგრამ უფრო ვაწყენინე... ბედნიერია ყველა ის ადამიანი, რომელსაც ბებია ახსოვს. ბებია ხომ სწორედ ის ადამიანია, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ბავშვობის ტკბილ მოგონებებთან. შეუძლებელია სიყვარულით არ გაიხსენო მისი ყოველი სიტყვა, მოყოლილი ზღაპრები, მოქსოვილი წინდები, დაკერებული ღილი, საყვარელი სადილი და უბრალოდ, ბებო, რომელსაც მთელი გულით უყვარხარ. ეს პოსტი გვანცა სიდამონიძემ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა, მისი წაკითხვის შემდეგ ძალიან მოგინდებათ, რომ თქვენს ბებიას მაგრად ჩაეხუტოთ და თუ გვერდით გყავთ ის, ესე იგი თქვენ ძალიან გაგიმართლათ.
"მე მიყვარს ფხალი... მახსოვს, გაზაფხულობით თუ ზაფხულობით ჩემი სოფლის ორღობეებში მეც ხშირად მიძებნია ბებოსთან ერთად სხვადასხვა ბალახ-ბულახი. ვერასდროს ვისწავლე, რა განასხვავებდა "თათრულას", "ნაცარქათამას" ან "ჩუმლაყურას" სხვა ბალახეულისგან; ან ვინ და რატომ შეურჩია ეს სახელები. ამიტომ ხშირად ეკალ-ბარდებიდან დაკაწრული რომ გამოვმძვრალვარ და ბებოსთან ერთი ბღუჯა ბალახი მიმირბენინებია, ხან სამყურა, ხან მრავალძარღვა და ხანაც სარეველა გამომდგარა.
აი, ბებოს კი თავის წინსაფრის სხვადასხვა ჯიბეში კონა-კონად დახარისხებული ელაგა ხოლმე.
დღემდე ასეა.
არაფრად ჩააგდებს წინა საღამოს ნაავდრალს, იფიქრებს, ბევრი მოვიდოდაო და გზას დაადგება. არც ჭინჭარი უსუსხავს ხელებს. არც დაჩხვლეტილ, ხიჭვებიან თითებს აიტკიებს არასდროს. მითქვამს - "ნუ წვალობ, იცოდე, აღარ შევჭამ-მეთქი", მაგრამ უფრო ვაწყენინე.
გუშინ ჩამოვიდა თბილისში.
ამ დილით გაზქურაზე, პატარა ტაფით შემომდგარი ჩემი მწვანე შეჭამადი რომ დამხვდა, გული შემეკრა.
ამქვეყნად ამაზე გემრიელი არაფერი მიჭამია და არც არავის აქვს ჩემი ბებოსნაირი ოქროს ხელები".