"თავიც რომ გადამერჩინა, კედლის გაზეთებს ვუკეთებდი მოხუცებს, კედელზე ლექსებს ვუკრავდი, გაზაფხულზე ყვავილებს ვყიდულობდი და ვჩუქნიდი..." ლალი მარგიანი მაღალმთიან სვანეთში მასწავლებლად მუშაობს. მას ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს (იხილეთ სტატია). ამჯერად ქალბატონმა ლალიმ თავისი ცხოვრების ერთ-ერთი ეპიზოდი გაიხსენა, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში:
"წლების წინ, ვიდრე სვანეთში დავბრუნდებოდი, თბილისში ერთ-ერთი რაიონის ე.წ. ,,ღარიბთა'' სასადილოში ვმუშაობდი დამლაგებლად და ჭურჭლის მრეცხავად... ყოველდღე (დასვენების დღე არ გვქონდა) 6 სამოცლიტრიანი ქვაბიც უნდა გამეხეხა სხვა სიკეთესთან ერთად, თან ისე, რომ ,,სარკე არ დაჭირვებოდა'' ადამიანს!
ზოგჯერ ჩემი მეგობრები შემოივლიდნენ, რომ სულიერად დამდგომოდნენ გვერდში, ვგრძნობდი ამას! საქმეს ისე ჩავათავებდი, ვერ ვგრძნობდი დაღლას, ისე მესალბუნებოდნენ, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ძალიან, ძალიან წუხდნენ... მე კი ხუმრობაში ვატარებდი და საკუთარი თავი კონკია მეგონა, თუმც პრინცს არ ველოდებოდი არსაიდან, უფრო იმედი არ მტოვებდა...
ხანდაზმულები დადიოდნენ უფრო და მიჰქონდათ მათი წილი სადილი, ზოგიერთიც იქვე მიირთმევდა. არ მქონდა ბევრი თავისუფალი დრო, მაგრამ თითქმის ყველას ცხოვრება ვიცოდი, ყველას ბავშვებივით ვუყურებდი. ხშირად მქონდა სიმღერები ჩართული და ვაცეკვებდი კიდეც. წასვლა არ უნდოდათ... ,,ჩვენი ფსიქოლოგი ხარო'' - მეუბნებოდნენ. ფსიქოლოგისა რა გითხრათ, მაგრამ ჩემს ცხოვრებას და ყოფას რომ ვადარებდი, პატარ-პატარა ეპიზოდებით ვგავდით ერთმანეთს... ჰოდა ხშირად, თავიც რომ გადამერჩინა, კედლის გაზეთებს ვუკეთებდი, კედელზე ლექსებს ვუკრავდი, ყველა დღესასწაულს წერილობით თუ ზეპირად ვულოცავდი, გაზაფხულზე ყვავილებს ვყიდულობდი და ვჩუქნიდი...
მიჩვეული იყვნენ ჩემ მხიარულებას და ღიმილს. ოდნავ რომ მომეწყინა, მაშინვე წუხდნენ, ნაღვლობდნენ, შეშფოთებით კითხულობდნენ მიზეზს, ამიტომ არ ვაძლევდი თავს უფლებას, საკუთარ პრობლემებზე მეფიქრა სხვის დასანახად...
იმ სასადილოს შენობაში ერთი კარგი ადამიანი ცხოვრობდა (ახლაც ცხოვრობს), პროფესორი, ლექტორი, ყოფილი მოცეკვავე და ძალიან, ძალიან სულიერი ადამიანი. ისიც ამ მოხუცების მეგობარი და თანამდგომი იყო. თეთრ ხალათს ჩაიცვამდა, ფონენდოსკოპს მოირგებდა და წნევას უზომავდა, წყალს აწვდიდა დასიცხულ ადამიანებს... ისინიც ბავშვებივით შეჰხაროდნენ. ,,სამოთხის გვრიტებს'' მაგონებდა ჩემი იქ მუშაობის პერიოდი...
და გადავწყვიტეთ, საშობაო საღამო გაგვეკეთებინა ამ მოხუცების მონაწილეობით. ჯერ ნელ-ნელა შევაპარე, მერე გავთამამდი და ამ მოხუცებს ლექსები მივეცი, მერე მომღერლები შევარჩიე და უნდა გენახათ, როგორი ენთუზიაზმით ვემზადებოდით. მომღერალი ოჯახიც გამოჩნდა (ამას წინათ ჯაჯანიძის რაკურსში ვიხილე ჩემი ბენეფიციარი) და მოკლედ, მოვემზადეთ. სუფრის და დიზაინისთვის საჭირო ხარჯები ბ-ნმა დავითმა გაიღო და ისე გავალამაზეთ დარბაზი, ნამდვილად მაშინდელ ტელეშოუებსაც შეშურდებოდათ. ჩემი გიო და მისი მეგობრები მოვიწვიე დასახმარებლად, ჩემი მეგობრების შვილები და უფროსსაც ბოლოს გავაგებინეთ. ისეთი ქალბატონი იყო, სიხარულით შეხვდა ჩემს წინადადებას და თანხაც გამოყო. ღონისძიების დღეს კი მორთულ-მოკაზმული დარბაზი და ბენეფიციარები რომ დაინახა, მითხრა: რომ მცოდნოდა, ასეთი დონის ღონისძიება იქნებოდა, გამგეობას მოვიყვანდიო...
წამყვანები მე და ბ-ნი დავითი ვიყავით, ლექსი, სიმღერა, ცეკვა, შაირი, საკუთარი ლექსები, ფანდური, დოლ-გარმონიც კი გვქონდა... ეს ნამდვილად საოცარი საღამო იყო, არა მარტო მათთვის, ჩემთვისაც, რადგან მაშინ იმდენი ლოცვა მივიღე, იმდენი წრფელი მადლობა, დღემდე თუ რამეში მიმართლებს, იმ ლოცვის მადლით ვძლიერობ, იმ ლოცვის მადლით ვბედნიერობთ მეც და ჩემი შვილიც, იმ ლოცვის მადლით გადავლახე ბევრი დაბრკოლება, იმ ლოცვის მადლით გავძლიერდი, იმ ხანდაზმულთა ლოცვის მადლით,სათითაოდ რომ
მლოცავდნენ.
- შვილო, შენ გაიხარე, 72 წლის ქალი ვარ და გათხოვების შემდეგ ასეთი ბედნიერი არ ვყოფილვარ! - მითხრა ქალბატონმა მიმინომ, ხელები დამიკოცნა და ცრემლები წასკდა....
- შენ აქ რა გინდა, შვილო, პატრონი არ გყავს? - კითხულობდნენ სხვანი და მლოცავდნენ....
ემოციები არ ცხრებოდა თითქმის მთელი თვის მანძილზე და მათთან ერთად ბედნიერი ვიყავი.
...როცა გული გულობს, როცა გვერდით მეგობრები გიდგანან და მარტო არ ხარ, ყველაფერი გამოვა მაშინ!"