რომელმაც გაუძლო დროს და ყველაზე მოდურ სტუდიად ჩამოყალიბდა ის, რაც თანამედროვე საბავშვო სტუდიებთან მიმართებაში პირველი გახსენდებათ, ფერადი და გემოვნებიანი "ბასტი - ბუბუა".
ომიანობის, უწყლობისა და უშუქობის დროს სამხედრო მუზეუმის შენობაში დაწყებული გზა, რომელმაც გაუძლო დროს და ყველაზე მოდურ სტუდიად ჩამოყალიბდა, რამდენიმე თვეში 25 წლის ხდება. ფილარმონიის წინ მაისში ბასტი- ბუბუს ვარსკვლავიც გაიხსნება.
სტუდია არსებობიდან 25 წლისთავზეც ძველებურად მოთხოვნადია. რას სთავაზობს ბასტი-ბუბუ თანამედროვე ბავშვებს და რით გამოირჩევა სხვა სტუდიებისგან. გვესაუბრება სტუდიის დირექტორი, თამარ ახვლედიანი.
- 25 წლის წინ, ამ შენობაში, სადაც ახლა ბასტი ბუბუს ჟრიამული ისმის, სამხედრო მუზეუმი გახლდათ. იშვიათად თუ ვინმე დაინტერესდებოდა აქ შემოხედვით. ბავშვებმა აახმაურეს აქაურობა და დღემდე ჩვენი სტუდია ყველაზე მრავალრიცხოვანი საბავშვო სტუდიაა საქართველოში. ჩვენთან მოდიან ყველანაირი ბავშვები 3დან - 10 წლამდე. ისინი, რომელთაც უყვართ ბასტი-ბუბუ და უნდათ მათი ბავშვობა ბასტი-ბუბუს უბანში გაატარონ.
- ყოველთვის მეგონა, რომ ბასტი ბუბუს სტუდიაში მხოლოდ ის ბავშვები დადიოდნენ, რომელთაც მუსიკალური სმენა აქვთ, ან კარგად ცეკვა შეუძლიათ
ბასტი-ბუბუ განმავითარებელი სტუდიაა და აქ განვითარება ხდება ცეკვისა და სიმღერის მეშვეობით. ეგრეთწოდებულ "უსმენო" ბავშვს ჩვენი გაკვეთილები განუვითარებს სმენას და მუსიკის სიყვარულს ჩაუნერგავს. სიმღერის ძალა ძალიან დიდია ბავშვის განვითარებაში. ჩვენი კომპოზიტორები, პოეტები, ქორეოგრაფები, მწერლები რეჟისორები და ფსიქოლოგები მაღალი ხარისხის პროგრამებით ემსახურებიან ბავშვებს.
- როგორგია განვითარების გზა, რომელიც პატარამ "ბასტი- ბუბუში" უნდა გაიაროს?
- ბასტი-ბუბუს სტუდია სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვისაა, სასკოლო ასაკიდან გვაქვს ბიბიბი აკადემია - აქ, როგორც ჩვენ ვეძახით, დიდი ბავშვები დადიან.
ბასტი ბუბუს სტუდიასა და ბიბიბი აკადემიას შორის განსხვავება ის არის, რომ ბასტი-ბუბუს სტუდიაში თამაშით ხდება ბავშვების განვითარება, ჩვენს გმირებთან ბაბილინასთან, ბასტისთან, ბუბუსთან და დოდებთან ერთად სიმღერისა ცეკვების დახმარებით პატარები თამაშ-თამაშით ვითარდებიან.
ბიბიბი აკადემიაში კი უკვე სერიოზული მომზადება იწყება, ბავშვები ცნობილ მომღერლებთან ერთად წერენ სიმღერებს , იღებენ კლიპებს და მონაწილეობენ სერიალში.
- ბასტი ბუბუ ყველაზე დიდი რაოდენობის ბავშვებს აერთიანებს, როგორ ახერხებთ სხვადასხვა გემოვნებისა და სოციალური ფენის მშობლების გემოვნების დაკმაყოფილებას?
- მართლაც მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია ჩვენი სტუდია. როცა თავიდან მოდიან მშობლები, რა თქმა უნდა, თავისი შეხედულებების მიხედვით უნდათ რომ ვიმუშაოთ, მაგრამ როცა კარგად გაგვიცნობენ, შემდეგ ორი ვარიანტია, ან ენდობიან ჩვენს გემოვნებას და პროფესიონალიზმს, ან მიჰყავთ, თავიანთი შვილი. ჩვენი სტუდია სავალდებულო ხომ არ არის ყველასთვის. ჩვენ ბავშვების და მათი მშობლების აზრი ძალიან გვაინტერესებს, ხდება მათთან გასაუბრება, მათი აზრების გათვალისწინებით ვიზრდებით და ვვითარდებით, რისთვისაც ძალიან მადლობელნი ვართ მათი. საერთოდ, ვთვლი, რომ მშობლებში გვიმართლებს, რადგან, ჩვენთან ისინი მოდიან, ვისაც ტელევიზიიდან ვუყვარვართ და ჩვენც ვცდილობთ, არ გავუმტყუნოთ იმედები.
- მოხიბლული დავრჩი თქვენი სტუდიის სასწავლო ბაზით - ნათელი ოთახები, სატელევიზიო სამონტაჟოები, სატელევიზიო პავილიონი - შიუბუზნესის ვარსკვლავებსაც არ აქვთ საქართველოში ასეთი ფუფუნება - როგორ ახერხებთ ამას, მით უმეტეს, რომ გადასახადი თქვენს სტუდიაში არც ისე მაღალია.
- ეს არის ბასტი-ბუბუს ჯადოსნობა - ბასტი-ბუბუ კომერციული ფირმაა და იგი არც სპონსორებით და არც სახელმწიფო დაფინანსებით არ არის განებივრებული. ვაკეთებთ კარგ პროექტს, შემოსავალი არის და ეს შემოსავალი ხმარდება ფირმის განვითარებას. აი, ეს არის ჩვენი წარმატების მექანიზმი. ამ მექანიზმში კი მთავარია - კარგი პროექტი, კარგი პროექტის განხორციელებას სჭირდება ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანების გუნდი - ესეც ჩვენი პრიორიტეტია. რაც შეეხება მცირე გადასახადს, დიახ, ხშირად დავმდგარვართ იმ გამოწვევის წინაშე, რომ გავაორმაგოთ ან გავასამმაგოთ გადასახადი, ამით, რა თქმა უნდა, ბავშვების რიცხვი შემცირდება და ხარისხი მოიმატებს, მაგრამ ვითვალისწინებთ ბავშვების დიდ სურვილს, რომ ხელით შეეხონ იმ გმირებს, რომლებიც ტელევიზიით შეუყვარდათ და ამიტომ ვცდილობთ, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს გადასახადი.
- და თუ ხარ "ბასტი- ბუბუელი" ?
- ბედნიერი ბავშვობა წარმატებული ზრდასრულობის საწინდარია. ჩვენი ბავშვები წარმატებულები არიან სკოლაშიც, უმაღლესშიც, არიან გახსნილი და თავისუფალი ადამიანები. 25 წლის განმავლობაში ჩვენ კავშირს არ ვწყვეტთ ჩვენი სტუდიის კურსდამთავრებულებთან, მათ უკვე თავიანთი შვილები მოჰყავთ ჩვენთან - ასე რომ, თუ ხარ ბასტიბუბუელი, გევალება ბედნიერი ადამიანი იყო
- და ბოლოს , წელს 25 წლის ხდებით , როგორც ვიცით, გრანდიოზული იუბილესთვის ემზადებით....
- დიახ, მაისში 25 წლის ვხდებით. 1 ივნისს ფილარმონიაში გრანდიოზული კონცერტია დაგეგმილი. როგორც ჩემთვის ცნობილია, დაგეგმილია ვარსკვლავის გახნა. ამჯერად კიდევ ერთხელ გვინდა გავაოცოთ ჩვენი მაყურებელი, ამისათვის ემზადება ბასტი ბუბუს სტუდიაც და ბიბიბი აკადემიაც.
ესაუბრა ესმა ლემონჯავა