"ვფიქრობდი, ნინუცა ასეთი ვინ არის, რომ ასე მხვდებიან-მეთქი" - ექსკლუზიური ინტერვიუ მე-6 000 000 ტურისტთან ჯასპერ ბლექი თითქმის ყველა ქართველმა გაიცნო ერთ დღეში. ჰოლანდიელი მოგზაური ის იღბლიანი მე-6 000 000 ტურისტი აღმოჩნდა, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. აქ მას სიურპრიზებით სავსე ერთი კვირა ელოდა. ვიდეორგოლში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით დამზადდა, ნაჩვენებია, თუ როგორ ხვდებიან აეროპორტში საპატიო სტუმარს. ჯასპერს მასპინძლობას ქვეყნის პირველი პირი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უწევს, რომელიც სტუმარს თავად აცნობს ქართულ კულინარიას, ფოლკლორსა და ხალხურ მუსიკას (იხილეთ ვიდეო)
Georgian Journal-მა ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუ წლის ყველაზე პოპულარულ და იღბლიან ტურისტთან. ჯასპერ ბლექი იმ ჯადოსნურ ერთ კვირას იხსენებს, რომელიც საქართველოში გაატარა:
"გავიზარდე ჰოლანდიაში, თითქმის ორი წლის წინ წავედი ესპანეთში ბარსელონაში. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. მიყვარს წერა, ვიდეოების გადაღება მოგზაურობა. მოგზაურობა და რაიმეს შექმნა (მაგალითად მუსიკის, ვიდეოს) ჩემი მთავარი გამოწვევებია. ბოლო ექვს თვეში შემოვიარე 4 კონტინენტი, ეს იყო გიჟური მოგზაურობა, ეს არის ის, რისთვისაც ვცხოვრობ. გადავწყვიტე არ დავხარჯო ფული უკანასკნელი თაობის მობილურსა და ლეპტოპში და დავხარჯო რომელიმე ქვეყანაში გასამგზავრებელ ბილეთში.
მოგზაურობაზე ბლოგის წერა რამდენიმმე თვის წინ დავიწყე. როცა მოგზაურობ, უამრავ ადამიანს ხვდები და იცნობ, ულამაზეს ადგილებს ათვალიერებ, შეიგრძნობ ათასობით არაჩვეულებრივ ისტორიას, ამიტომ დავიწყე მათი შეგროვება. თავდაპირველად ამ ყველაფერზე ვწერდი, მაგრამ ექვსი თვის წინ გადავწყვიტე წერიდან ვიდეოს კეთებაზე გადავსულიყავი.
- როგორ შეიტყვეთ საქართველოს შესახებ?
- დაახლოებით სამი წლის წინ, როცა ჯერ კიდევ ჰოლანდიაში ვცხოვრობდი, ვმუშაობი საერთაშორისო სტუდენტების ჯგუფთან, რომლებსაც ჰოლანდიის ღირსშესანიშნაობებს და სამზარეულოს ვაცნობდი. მათ შორის იყო ქართველი გოგონა ნინუცა (24 წლის ნინო ნანიტაშვილი, რომელიც საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჯგუფი - google developer group-ის დამფუძნებელია, ავტ), რომელიც ჰოლანდიაში სასწავლებლად იყო. დავმეგობრდით, მან ორი წლის წინ საკუთარ ქორწილშიც დამპატიჟა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ჩამოვედი. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მომიწვია საქართველოში, თუმცა აქამდე ვერ მოვახერხე ჩამოვსულიყავი. აეროპორტში ნინუცა და მისი ქმარი უნდა დამხვედროდნენ და ამის ნაცვლად ეს ყველაფერი მოხდა... დავინახე კაცი, რომელსაც ხელში ჩემი სახელი ეჭირა, ჩემი ნამდვილი სახელი და არა ის, რომლითაც სოციალურ ქსელში მიცნობენ. ასე რომ, ვიფიქრე, რადგან ჩემი ნამდვილი სახელი აწერია, ის ნინუცას გამოგზავნილია. ამიტომაც გავყევი. მერე იცით რაც მოხდა, მომატარეს ქალაქი, სადაც ჩემი სახე ჩანდა ბილბორდებზე, შემდეგ კი იმ მთაზე ამიყვანეს (მთაწმინდა). როცა პრემიერ-მინისტრი წავიდა, მხოლოდ ამის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს ვნახე ჩემი მეგობარი.
- რა იფიქრეთ პირველად, როცა მანქანაში ჩაჯექით და ეს თავგადასავალი დაიწყო?
- წარმოდგენაც არ მქონდა რა ხდებოდა, ამიტომ თავიდან ცოტა ავნერვიულდი კიდეც, თუმცა მერე როცა მათგან წერილი მივიღე, დავმშვიდდი. მერე როცა პოლიციის ესკორტიც დავინახე, მივხვდი, რომ ცუდი არაფერი მემუქრებოდა. თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, ნინუცა ასეთი ვინ არის, ან მისი მამა, მეუღლე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან-მეთქი. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვინ იყო, როცა ხელი ჩამომართვა და მითხრა, რომ მე-6 000 000 ტურისტი ვარ, მივხვდი რომ არ მეხუმრებოდნენ, იმდენად ოფიციალური იყო ყველაფერი. ყველაზე სასაცილოა ის, რომ ძალიან მშიერი ვიყავი. დასაწყისში ღვინო, სხვადასხვანაირი ყველი, თხილეული ეწყო მაგიდაზე, მაგრამ ჩემ გვერდით პრემიერი იჯდა და მეუხერხულებოდა. მაგრამ თანდათან ვეღარაფერზე ვფიქრობდი, გარდა ყველა ამ გემრიელობის ჭამისა. განაგრძეთ კითხვა