"16 წლის მომიტაცეს, ლამაზი არ ვიყავი, მაგრამ მოვეწონე იმ კაცს და პატარა ბავშვი გამიტაცა..." აჭარაში 100 წელს გადაცილებული 26 ქალი ცხოვრობს, კიდევ რვას კი 100 წელი მიმდინარე წელს შეუსრულდება. 8 მარტთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ და "დემოკრატიის ინსტიტუტმა" ინტერნეტსაზოგადოებას 17 უხუცესი აჭარელი ქალი გააცნეს. უხუცესთა ფოტოები ფოტოგრაფმა მარია ზოიძემ გადაიღო. ფოტოპროექტ - "100 წლის შემდეგ" ფარგლებში გადაღებულმა პორტრეტებმა ათასობით მოწონება და კომენტარი დააგროვა "ფეისბუქზე".
AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორ ცხოვრობენ 100 წელს გადაცილებული ქალბატონები, რას იხსენებენ წინა საუკუნიდან და როგორია მათი თვალით დანახული "ტექნოლოგიების სამყარო" - 112 წლის ფიქრიე ირემაძე, 103 წლის ზექიე დავითაძე და 100 წლის თინა თაფლაძე, რომლებიც დღეს ჩვენი რესპონდენტები არიან, ბადიშის ბადიშებს ანუ შვილთაშვილის შვილებს, ანუ მეოთხე თაობას მოესწრნენ.
103 წლის ზექიე დავითაძეს მზითვის გუგუმით (სპილენძის წყლის ჭურჭელი) ყოველ დილით მოაქვს წყალი...
"2 შვილი, 16 შვილიშვილი, 4 შვილთაშვილი და 1 შვილთაშვილის შვილი მყავს. ბადიშის ბადიშს მოვესწარი და ძალიან გახარებული ვარ. შუახევში, სოფელ ნაღვარევში ვცხოვრობ.
წინა საუკუნე არ იყო კარგი საუკუნე, სიფუხრე (სიღარიბე) იყო - შაქარი, პურის ფქვილი არ იშოვებოდა, საცოდავად ვცხოვრობდით. ფულიც არ გვქონდა, ჩვენს ნაშრომს კომუნისტები ჭამდნენ. ახლა პენსია გვაქვს, 21-ე საუკუნე კარგია, ხალხში მეტი შეგნებაა, სიყვარულით გათხოვებაა, სიზენგილეა (სიმდიდრე), კომპიუტერია, შუქი სულ არის...
16 წლის მომიტაცეს... ლამაზი არ ვიყავი, მაგრამ მოვეწონე იმ კაცს და პატარა ბავშვი გამიტაცა. არ გავჩერდი, უკან წამოვედი და მერე სხვას გავყევი. ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ ახალგაზრდობის წლებით, მეუღლეც დიდი ხანია გარდაცვლილია. ჩემი მზითვიდან ფახირის გუგუმი (სპილენძის წყლის ჭურჭელი) დამრჩა, ყოველ დილით, წყალი შემომაქვს სახლში. ასე გადის ცხოვრება, პატარების ფერებაში..." განაგრძეთ კითხვა