ინფორმატიკა - ეს იყო საგანი, რომელსაც წლების წინ, ჩემს თაობას სკოლაში მხოლოდ თეორიულად ასწავლიდნენ. მასწავლებელი ჩვენთვის მიუწვდომელ, საოცარ მოწყობილობა - კომპიუტერზე გვესაუბრებოდა, რომელიც არც სკოლაში და არც სახლში არც ერთ ბავშვს არ მოგვეპოვებოდა. ინფორმატიკა - ეს იყო საგანი, რომელსაც წლების წინ, ჩემს თაობას სკოლაში მხოლოდ თეორიულად ასწავლიდნენ. მასწავლებელი ჩვენთვის მიუწვდომელ, საოცარ მოწყობილობა - კომპიუტერზე გვესაუბრებოდა, რომელიც არც სკოლაში და არც სახლში არც ერთ ბავშვს არ მოგვეპოვებოდა.
წლების შემდეგ, კომპიუტერები, პლანშეტები, სმარტფონები მოსწავლეების უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომია. თანამედროვე თაობას ინდიგო ბავშვებად მოიხსენიებენ. მათ ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი ძალიან დიდი აქვთ და მათი ათვისების განსაკუთრებული ალღოთიც გამოირჩევიან. ისინი თავადვე არიან პროექტების ავტორები და გამომგონებლები, ისინი თავადვე ქმნიან ხელსაწყოებს და დანადგარებს, რომელიც უფროსი თაობის გაოცებას იწვევს,ისინი თავადვე უწევენ ორგანიზებას საკუთარი იდეების განხორციელებას, მათ შორის, გეგმავენ ფინანსურ საკითხებს.
განვითარებისა და მეტი შესაძლებლობების ფონზე, ყველაზე დიდი გამოწვევა დაინტერესებული, ნიჭიერი მოსწავლეებისთვის შესაბამისი ცოდნის მიწოდების ნაკლებობაა. დღესდღეობით, კერძო და საჯარო სკოლები კომპიუტერებით უკვე აღჭურვილია, თუმცა ეს ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. მოსწავლეების შესაძლებლობები, ინტელექტუალური გასაქანი და ათვისების უნარი გაცილებით დიდია. მათ ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით მეტი ცოდნის მიღების მოთხოვნილება აქვთ.
AMBEBI.GE-სთვის ცნობილი გახდა, რომ წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობები ხელმისაწვდომი ხდება. სილიკონ ველის სივრცეში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) სასკოლო პროგრამის პარალელურად, აღნიშნული სკოლის მე-8 - მე-12 კლასის მოსწავლეებს ინოვაციურ პროექტს სთავაზობს. მათ BTU-ს ბაზაზე, უნივერსიტეტის კონტაქტების გამოყენებით განსხვავებული და გამორჩეული ცოდნის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
უფრო დეტალურად პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი, მიხეილ ბატიაშვილი ისაუბრებს.
- რამ განაპირობა უნივერსიტეტისა და წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ერთობლივი პროექტის განხორციელება? და რა ბენეფიტს მისცემს აღნიშნულ პროექტში მონაწილეობა მოსწავლეებს?
- ჩვენი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პროექტია BTU KIDS, რომელიც შაბათ-კვირის სკოლაა. პროექტის ფარგლებში ათობით ბავშვი როგორც ბიზნესის, ისე ტექნოლოგიების მიმარულებით სწავლობს. ამ პროექტიდან იმდენად დიდი შედეგი მივიღეთ, რომ დავიწყეთ ფიქრი როგორ შეიძლებოდა მეტი ბავშვის გარკვევა ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ბავშვებს ამ მიმართულებით ინტერესი საკმაოდ დიდი აქვთ და რატომ არ უნდა დავიწყოთ ამ ცოდნის მიწოდება ადრეულ ასაკში?
რაც შეეხება ბენეფიტს, სკოლებში ასეთი პროგრამები არ არსებობს. ეს იქნება უნიკალური პროექტი, რომელიც გაზრდის ცოდნას მოსწავლეებში ბიზნესისა და ტექნოლოგიის მიმართულებით. ამის პარალელურად, ბავშვებს, რომელთაც უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, თუ რა პროფესია აირჩიონ დაეხმარება ქონდეთ ჩამოყალიბებული ხედვა აინტერესებთ თუ არა სამომავლოდ ეს მიმართულება.
- უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, რას ისწავლიან ბავშვები, რას სთავაზობთ წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მე-8 კლასის და უფროს მოსწავლეებს?
- ჩვენთან რამოდენიმე პროექტი მიმდინარეობს, მათ შორის ვზრუნავთ ფინანსური განათლების ამაღლებაზე. აქ შეიძლება იყოს ძალიან ბევრი მიმართულება: მაგალითად, ბიზნესის ელემენტარული უნარების სწავლება- როგორ დააგეგმარო შენი დრო? როგორი უნდა იყოს წარმატებული მენეჯერი? რა უნარები უნდა გქონდეს, რომ გუნდი შექმნა და პროექტი მართო? ტექნოლოგიების მიმართულება - რა სტარტაპ პროექტებზე შეიძლება მუშაობა. მნიშვნელოვანია, მათ რაც შეიძლება ადრეულ ასაკში გაუჩნდეთ საბაზისო, ელემენტარული ცოდნა, ამ ეტაპზე შესაძლოა მოსწავლემ იდეა პროექტამდე ვერ მიიყვანოს, მაგრამ ცოდნა დაეხმარება, რომ ხედვა გაუჩნდეს და სკოლის დამთავრების შემდეგ შეიძლება აღარც დაელოდოს რაღაც პერიოდს და პირდაპირ დაიწყოს საკუთარ ბიზნესზე ფიქრი.
- დროის თვალსაზრისით როგორ გადანაწილდება თქვენი პროგრამა, განთავსდება თუ არა ის საგაკვეთილო ბადეში?
- სკოლის პროგრამის ჩანაცვლება არ მოხდება, ეს იქნება სკოლის პროგრამის დამატებითი ნაწილი. ამ მიმართულებებს მოსწავლეებს ინოვაციურო ფორმით შევთავაზებთ, არა გაკვეთილის, არამედ დისკუსიის, შეხვედრების განსხვავებულ ფორმატში.
- რა სიხშირით გაიმართება შეხვედრები?
- შეიძლება გაკეთდეს კვირეულები, სადაც მსოფლიოში ცნობილი კომპანიის წარმომადგენლებს დავპატიჟებთ და ამ შეხვედრებს დაესწრებიან მოსწავლეებიც. შეიძლება კონტაქტი რაღაც პერიოდში უფრო ინტენსიური იყოს, მსგავსი კვირეულების სახით, შეიძლება კვირაში რამდენიმე შეხვედრა გაიმართოს, გამომდინარე თემატიკიდან, რომელზეც ბავშვები იმუშავებენ. სწავლებაში ჩართული იქნებიან, როგორც უნივერსიტეტის ლექტორები, ასევე ჩვენი პარტნიორი უცხოური, თუ ქართული კომპანიების წარმომადგენლები.
- საინტერესოა ბაზისა და ინფრასტრუქტურის საკითხი. უღებთ თუ არა უნივერსიტეტის ლაბორატორიების კარს და სთავაზობთ თუ არა მოსწავლეებს სილიკონ ველის სივრცის თქვენეულ უპირატესობებს?
- პროექტი სილიკონ ველის ფარგლებში კეთდება. სწავლების გარკვეული ნაწილი, სწორედ ამ ტექნოლოგიურ ლაბრატორიებში უნივერსიტეტის ტექნიკურ ბაზაზე მოხდება. ჩვენი მხრიდან, უნივერსიტეტისგან კეთილი ნება იქნება, რომ წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლას ასეთი პროდუქტი ვაჩუქოთ.
- ალბათ, ეს იქნება არა მხოლოდ ცოდნის მიღების საშუალება, არამედ გარკვეულწილად, მოსწავლეების ფსიქოლოგიური მომზადება სამომავლოდ უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში მოსახვედრად.
- ბავშვებში ტექნოლოგიების ცოდნის მიმართ მოთხოვნა გაცილებით დიდია, ვიდრე მას შეუძლია ეს ინფორმაცია სკოლიდან მიიღოს. ასეთ პროდუქტებს ბევრი სკოლა არ სთავაზობს მოსწავლეებს. ამას სჭირდება კარგი ტექნიკური ბაზა, სულ სხვა დონის სპეციალისტები, ჩვენი უნივერსიტეტი მსოფლიოში 30-მდე ცნობილ ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობს. ჩვენს უნივერსიტეტს 100-ზე მეტ ორგანიზაციასთან აქვს მემომარანდუმი გაფორმებული, მათ შორის არიან მსოფლიოში წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიც არის მაგალითად HP. რამდენიმე ლაბორატორია გვაქვს. ჩვენ გაგვაჩნია ბაზა, ცოდნა, სპეციალისტები, მსოფლიოში წამყვან ბრენდებთან კარგი ურთიერთობა, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომ ბავშვების მოთხოვნიდან გამომდინარე ადრეული ასაკიდანვე მივაწოდოთ მათ ეს მიმართულებები, ოღონდ, რა თქმა უნდა იმის ხაზგასმით, რომ ძირითადი პროგრამა არ უნდა დაზიანდეს. დრომ მოიტანა - ბავშვებს სჭირდებათ ტექნოლოგიები, რადგან სკოლებში ამის არც ტექნოლოგიური საშუალებები, არც ბაზა და არც ცოდნა არ არის, უნივერსიტეტი სკოლას ამ პროდუქტს ჩუქნის, რომ რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან მოხდეს ინტეგრაცია სკოლებში.
- როდიდან დაიწყება პროექტი და ხომ არ იქნება რაოდენობრივი შეზღუდვა მასში მონაწილე მოსწავლეთა რაოდენობაზე?
- გვინდა რამდენიმე ღონისძიება ამ სასწავლო წელსაც ჩავატაროთ. სექტემბრიდან კი პროექტს ინტენსიური სახე ექნება. რაოდენობაზე შეზღუდვა არ იქნება - ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება პროექტში ჩართვა.