"ყველა საცოდავია ირგვლივ, თითქოს დამნაშავე არავინაა, მაგრამ პატარა გოგონას წინაშე ყველა დამნაშავეა..." გუშინ აღმაშენებლის ხეივანში მომხდარმა საზარელმა ამბავმა მთელი საქართველო შეძრა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონა, რომელიც დედასთან ერთად გაჩერებაზე ავტობუსს ელოდებოდა და სკოლისკენ მიიჩქაროდა, ადგილზე გარდაიცვალა (იხილეთ როგორია დედის მდგომარეობა ამჟამად).
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 414-ე ბრიგადა გამოცხადდა. სასწრაფო დახმარების ექიმი მარინა ლაგვილავა აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გულისამაჩუყებელ პოსტს ავრცელებს:
"წამის მეასედში დანგრეული ცხოვრება....
დედა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, მაგრამ ახლა სიკვდილი რომ ყველაზე დიდი შვებაა მისთვის...
რამდენიმე წუთით, ისევ ბედნიერი მამა, რომელმაც ჯერ არაფერი იცის მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ...
დევივით ძმა, მიწაზე გართხმული, აბღავლებული, სანუგეშო სიტყვას რომ ვერავინ უბედავს...
პატარა გოგონას უმანკო, უნაზესი, უსუსური, უფაქიზესი სხეული, ტროტუარზე, სისხლის გუბეში, ახდილი თავის ქალით...
ჩვენ, სასოწარკვეთილი, ნირწამხდარი, ამ მომენტისთვის უძლური ექიმები, ამ წუთას ყველაფერს რომ ვნატრობთ, ექიმად ყოფნის გარდა...
ორი ულამაზესი ყმაწვილი, ცა რომ ჩამოექცათ თავზე, ცხოვრება რომ სატანჯველად იქციეს, დგანან გაოგნებულები, ფრთაჩამოყრილნი, ცოცხალ-მკვდარნი, უფერულები, ჯერაც რომ ვერ გარკვეულან რა მოხდა...
ცრემლი პატრულის თვალზე...
ყველა საცოდავია ირგვლივ, თითქოს დამნაშავე არავინაა, მაგრამ პატარა გოგონას წინაშე ყველა დამნაშავეა...
414 ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა, დიდხანს რომ გაგვყვება"...
მერი ბლიაძე