"სულ სიღარიბეში ვარ, ვიხრჩობი უკვე..." - 7 შვილის დედა ხობის რაიონიდან ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვები არ მყოფნის გადმოგცეთ ის ემოცია და განცდა, რაც შვიდი შვილის დედასთან, ქალბატონ სოფიკო შენგელიასთან საუბრის დროს დამეუფლა. ბეტონის ცივი იატაკი, ნესტიანი კედლები, ჭვარტლიანი ღუმელი, ფანჯრის, კარის და ჭერის ღრიჭოებიდან მოზუზუნე ქარი, შიმშილი, ცრემლი, ტკივილი - ეს ყველაფერი შენგელიების ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩემს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა უიმედო დედის ცრემლიანი თვალები, ტკივილით გაბზარული, აკანკალებული, სირცხვილნარევი ხმა...
- ხობის რაიონში, სოფელი ხეთაში ვცხოვრობთ. შვიდი შვილი მყავს. ბავშვები სიმწრით გავზარდე. ერთ შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. დაახლოებით 4-5 წლის წინ მძიმე ოპერაცია გავუკეთეთ თავზე. მეზობლები ძალიან დამეხმარნენ, ფული შემიგროვეს, ყველა დალოცოს ღმერთმა. სულ სიღარიბეში ვარ, ვიხრჩობი უკვე... მიჭირს იმის აღწერა რა მდგომარეობაში ვარ. ერთ დანგრეულ ოთახში ცხრა სული ვცხოვრობთ. ბეტონის იატაკი გვაქვს, ნესტიანი და ობიანი კედლები, ღრიჭოებიდან ისე უბერავს ორპირი ქარი გეგონება აივანზე გძინავსო. ჭერიდან წყალი ჩამოდის. მასალის ფულიც არ გვაქვს, რომ გავაკეთოთ. რაღაცეები გადააფარა ჩემმა ქმარმა, მაგრამ ეს ვერ აკავებს ქარს და წვიმას. ერთი ჭვარტლიანი, ძველი ღუმელი გვიდგას, ჩემი მულის ნაჩუქარი. თუ ზედ არ დასხდნენ ბავშვები, ისე ვერ თბებიან. კვამლში ვიხრჩობოდით მთელი ზამთარი. ან რა სითბო უნდა შენარჩუნდეს ჩემს სახლში, ყველა მხრიდან სიცივე და ქარი შემოდის. წინა ოთახებში საერთოდ არ გვაქვს კარ-ფანჯარა. ფიცრებით გვაქვს შეკრული. ზაფხულში რა გვიშავს, ვარსკვლავებს უყურებენ ჩემი შვილები, აი შემოდგომა და ზამთარია გაუსაძლისი. ჩემი შვილების გაჭირვებას რომ ვუყურებ, ლამის სიმწრით იდაყვები დავიჭამო.
- ზამთარში, ასეთ პირობებში ბავშვები ხშირად არ გიცივდებათ?
- რას ამბობთ, ამათ უკვე იმუნიტეტი აქვთ გამომუშავებული. პატარაობიდან მიჩვეულები არიან სიცივეს, მძიმე პირობებს. ღმერთის წყალობით ხშირად არ მიცივდებიან და არ ავადმყოფობენ.
- სოციალური დახმარების გარდა, სხვა სახის დახმარებას არ იღებთ?
- შვილებს გეფიცებით სხვა დახმარება არ გვაქვს, მხოლოდ სოციალური.
- არც მრავალშვილიანობის დახმარებას არ იღებთ?
- არა. ამ ეტაპზე ჩვენი შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა და დაახლოებით 500 ლარს შეადგენს. დღეში ორჯერ ძლივს ვაჭმევ საჭმელს ბავშვებს. სიმწრით ლუკმა არ გადამდის ხოლმე პირში, როცა ვფიქრობ, რომ შეიძლება საღამოს ჩემს შვილებს საჭმელი არ ჰქონდეთ. ხორციანი საჭმელი როდის ჭამეს ბოლოს, არ ახსოვთ. ძირითადად მაკარონი, წიწიბურა და ასეთი საკვებით იკვებებიან. პატარა ბაღში მინდოდა მიმეყვანა, მშვიდად ვიქნებოდი, რომ ნახევარი დღე მაინც იქნებოდა თბილად და ექნებოდა საკვები, მაგრამ არ მიიღეს, ჯერ სამი წლის არ არისო. უფროსები ნახევრად მშივრები დადიან სკოლაში, ხან მეშინია, სადმე გული არ წაუვიდეთ.
- არასოდეს გიცდიათ, თხოვნით მიგემართათ რაიონის გამგეობისთვის?
- ვიყავი ხობის გამგეობაში, რაღაც პროექტს ველოდებით და მერე დაგეხმარებითო. სამი-ოთხი წელია ამ პასუხით მისტუმრებენ.
- თქვენი მეუღლე არ მუშაობს?
- იშვიათად დღიურ სამუშაოზე თუ წავა, მაგრამ გამომუშავებული კაპიკები კომუნალურ გადასახადებშიც არ გვყოფნის. ესეც ცუდადაა, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, უჭირს მძიმე სამუშაოს შესრულება. რომ შეეძლოს, ასეთ უკიდურეს გაჭირვებაში მაინც არ ვიქნებოდით. ვერც მე ვმუშაობ, პატარა შვილი ორი წლისაა და ვის დავუტოვო?დამტოვებელიც რომ იყოს, სად არის სამუშაო ადგილები, თან სოფელში.
- სოფელში ცხოვრობთ. ქათმები ან ოთხფეხა პირუტყვი არ გყავთ?
- მამაჩემმა მაჩუქა ძროხა. ხომ გაგიგიათ, გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწიაო, ასე მომივიდა ზუსტად. ერთ დღესაც გავუშვით გარეთ და მკვდარი შემოვიყვანეთ. ამის მერე სად მქონდა ძროხის საყიდელი ფული? ამდენი ფული ერთად არც მინახია. რაც შეეხება ქათმებს, მაგათ საჭმელი უნდათ, ზამთარში განსაკუთრებით. ბავშვების საჭმელში არ მყოფნის ფული და იმათ რა ვაჭამო? ჩვენი ოჯახის შემოსავალი მხოლოდ სოციალური დახმარებაა. ეს თანხა რამდენ რამეს უნდა ვაკმარო? ახლა შემოწმებაში მოვყევი და ორი თვეა არც ის დახმარება არ ამიღია. რამდენჯერმე ვიყავი ხობში და აპრილამდე არ იქნებაო, მითხრეს... ჩემს სამეზობლოში გაიკითხეთ და ისინი უკეთ გეტყვიან ჩემი გაჭირვების შესახებ. მე ძალიან მრცხვენია და მიჭირს ამაზე საუბარი. გასათოხნი მიწაც კი არ მაქვს, რამე მოვიყვანო. სად მაქვს ახლა იმის ფული, ნაკვეთი ვიყიდო.
დედაჩემი ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა გარდაიცვალა. მოხუცი, ავადმყოფი მამა მყავს. იმას იქით სჭირდება ჩემი დახმარება და უფულობის გამო ვერ მივდივარ მასთან.
უფროსი გოგო 18 წლისაა. ძალიან უნდოდა უმაღლესში ჩაბარება, მაგრამ ზის სახლში. მე ამ თანხის გადახდას როგორ შევძლებდი. სახლის საქმეებში მეხმარება. მაგის იმედი მაქვს. პატარები შვილებივით გაზარდა.
- ძალიან ბევრი კეთილი ადამიანი წაიკითხავს თქვენ შესახებ. რას სთხოვდით მათ? ამ ეტაპზე ყველაზე მეტად რა სახის დახმარება გჭირდებათ?
- ამ ეტაპზე ყველაზე მეტად გვჭირდება ხრეში, ქვიშა, ცემენტი, ანუ სარემონტო მასალები, რათა ელემენტარული პირობები მაინც ჰქონდეთ ჩემს შვილებს, სიცივეში, ყინვაში, წვიმაში არ იცხოვრონ. ღამე მშვიდად დაიძინონ. ლოგინიც კი არ მაქვს, რომ თბილად დაიძინონ ჩემმა შვილებმა... მრცხვენია, რომ გეუბნებით...
თქვენი საშუალებით მინდა ყველა ადამიანს ვუთხრა მადლობა, ვინც მცირედით მაინც დახმარებია ჩემს შვილებს.
592103405 - მარიამ შენგელიას ნომერი
მერი ბლიაძე