"მინდა უკან დაგიბრუნოთ საჩუქარი... სულ ეს არის თქვენი მადლიერება?" მშობლებმა კლასის დამრიგებელს დაბადების დღეზე მიუტანეს მისალოცი ბარათი, სადაც მათ მიერ შეგროვებული თანხა იდო. ასეთმა "მოკრძალებულმა საჩუქარმა" პედაგოგი შეურაცხყო, მან პროტესტი გამოთქვა და ამბავმაც საჯარო ხასიათი მიიღო.
ინციდენტი სოჭის გიმნაზიაში მოხდა მას შემდეგ, რაც მე-5 კლასის მშობელთა კომიტეტმა ელა გენადევნას მისალოცი ბართი გადასცა, რომელშიც თანხა იდო (5 ათასი რუბლი, რაც დაახლოებით 85 დოლარის ექვივალენტია). პასუხად დედებმა და მამებმა პედაგოგისგან მიიღეს ემოციური სმს გზავნილი, რომლის "სქრინშოტი" გამოქვეყნდა სოციალურ ქსელში.
"დიდი მადლობა ასეთი მოკრძალებული საჩუქრისთვის. დიდი სურვილი მაქვს, უკან დაგიბრუნოთ საჩუქარი! ეს არის ჩემი შეფასება თქვენს ბავშვებზე ზრუნვის გამოსახატავად?
ელა გენადევნა".
მასწავლებელი წერს, რომ მისთვის ბავშვები თავის შვილზე უფრო ახლობლები არიან და ის არ მოელოდა ასეთ დამოკიდებულებას მშობლების მხრიდან. გზავნილის ბოლოს აღნიშნავს, რომ ძალიან შეურაცხყოფილია და სთავაზობს მშობლებს სხვა დამრიგებლის მონახვას თავიანთი შვილებისთვის.
ეს ისტორია აქტიური განხილვის საგანი გახდა სოციალურ ქსელში. კომენტარებში უმრავლესობა გმობს მასწავლებლის საქციელს და მას მერკანტილურს უწოდებს. ზოგიერთმა კოლეგამ "უღირსად" შეაფასა პედაგოგის ასეთი დამოკიდებულება და აცხადებენ, რომ მის საქციელს არ აქვს გამართლება. თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ელა გენადევნას გზავნილს სხვა თვალით შეხედეს: "წაიკითხეთ თავიდან, მისი გაგებაც შეიძლება, იქნებ მას ყურადღება უნდოდა და არა ფული?".
ასევე იხილეთ: რატომ მიმართავენ მშობლები შვილის პედაგოგს „მასწავლებელო-თი“?
გიმნაზიის დირექტორიც, იგორ ნიკიტინიც ამავე აზრისაა. მან ინტერვიუში აღნიშნა: "მართალია მორალური თვალთახედვით ელა გენადევნას გამართლება არ შეიძლება, თუმცა ვთვლი, რომ თავის გზავნილში ყურადღებაზე უფრო გააკეთა აქცენტი, ვიდრე თანხის ოდენობაზე. საყურადღებოა ისიც, რომ ელა გენადევნა მე-2 კლასიდან ხელმძღვანელობს ამ კლასს და მას სამაგალითო კლასი ჰყავს. ამიტომ მშობლების მოთხოვნით მე-5 კლასშიც იგივე დამრიგებელი დარჩათ ბავშვებს".
გიმნაზიის დირექტორმა აღნიშნა, მისი თანამშრომლის საქციელი არასერიოზული იყო და ამაზე არავინ კამათობს.
ინციდენტის შემდეგ ელა გენადევნა საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებულ იქნა გიმნაზიიდან. თუმცა ფორუმზე "გამარჯობა, სოჭი", საუბარია იმაზე, რომ პედაგოგი გათავისუფლებული იქნა სამსახურებრივი გამოძიების შედეგების საფუძველზე.