ამ ტყუპის დედა მშობიარობას გადაჰყვა და დედინაცვალმა გაზარდა... - მანანა შარაბიძის საოცარი ისტორია ამ ტყუპის დედა მშობიარობას გადაჰყვა და დედინაცვალმა გაზარდა (მათ უფროს ძმასთან ერთად). ქალბატონ მანანას მერე საკუთარი შვილიც შეეძინა, რამდენიმე წელში კი მეუღლე გარდაეცვალა და მარტომ გაზარდა 5 ბავშვი...
მანუჩარ, ანზორ და ავთანდილ კაჭახიძეებს ქუთაისში ყველა იცნობს, მათი ისტორიაც ყველამ იცის... იცის, რომ სამი ტყუპის მშობიარობას გადაჰყვა დედა, მანანა კილაძე... დედის სახელის საპატივცემულოდ სამ ახალშობილს მამამ დაარქვა:
მან–უჩარი
ან–ზორი
ა–ვთანდილი
მერე კი, პატარებს მფარველ ანგელოზად გამოუჩნდა მანანა შარაბიძე...
მათ გამზრდელ დედას სამთაგან ერთმა – ანზორ კაჭახიძემ, მორიგი დაბადების დღეს ასე მიულოცა:
"სამ ათეულ წელზე მეტს ითვლის შენი ჩვენდამი ამაგი, დედა!
ისეთი დიდი მადლი გაქვს გაკეთებული, სამი კაცი სამი ცხოვრებითაც რომ ვერ გადაგიხდით! ჩემი ქალიშვილი ახლა შენს იმ ასაკს უახლოვდება, საიდანაც დაიწყე ჩვენზე მზრუნველობა. ვუყურებ მის ბავშვურ სახეს, მის ბავშვურ ანცობებს და მიკვირს...
წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინე... სხვები დიდი ხანია ამბობენ ამას, მე ახლა გეუბნები.
ამ სურათში სამივეს რომ თმებს გვივარცხნი, ის თმები გაჭაღარავდა, თეთრდება დედა.
შენდამი სიყვარულს, შენდამი მადლიერების განცდას, შენს სიდიდეს დრო ვერაფერს აკლებს ჩვენში.
ვიფიქრე აღგვზარდა, ახლა მაინც დაისვენებს-მეთქი, შენ მაინც არ ისვენებ...
ნოდარ დუმბაძე თავის გენიალურ „მზიან ღამე“-ში წერს, რომ „დედაშენი არის ღმერთი“ – ასე მგონია, მხოლოდ ჩვენ მოგვმართავს... ჩვენი ღმერთი კი არ ისვენებს, ღმერთს ჩვენს კარგად ყოფნას შესთხოვს.
ჩვენ კი, უფალს შენს დიდხანს სიცოცხლეს შევთხოვთ, ისევ ჩვენთვის.
დაბადების დღეს გილოცავ, დედა!"