მარიამი ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდა... 22 მარტის დილა 43 წლის ნანა ოჩიგავასა და 8 წლის მარიამ ჯიქურაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. აღმაშენებლის ხეივანზე, ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ დედა-შვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დედა საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.
ტრაგიკული ავარიის დეტალებსა და მძღოლების ბრალეულობას დღემდე აქტიურად განიხილავენ, თუმცა ცოტამ თუ იცის, როგორ ცხოვრობდა შემთხვევის მსხვერპლი მარიამ ჯიქურაძე, რა უყვარდა, რა მოსწონდა და რას წერდა პირად დღიურში…
"პრაიმტაიმი" ოჯახის ახლობლებს ესაუბრა და გარდაცვლილი გოგონას შესახებ საინტერესო ისტორიები მოისმინა.
მარიამი სოფელ დიღომში მდებარე დევნილთა კორპუსში ცხოვრობდა, მესამე სართულზე, ერთ პატარა ოთახში, მშობლებთან და 21 წლის ძმასთან ერთად.
გარდაცვლილის სახლში მისულებს ოთახში მარიამის პატარა სკამი, ვარდისფერი ჩანთა და საყვარელი სათამაშოები გვხვდება. ოთახის კედლებზე მულტფილმის გმირებია დახატული, მაგიდაზე მარიამის გამოძერწილი და ხელნაკეთი ნივთები დევს. უცვლელად აწყვია წიგნები, რომელსაც გოგონა გარდაცვალებამდე კითხულობდა, მხოლოდ რეალობაა შეცვლილი – ოთახი ცარიელია.
გარდაცვლილის ახლობლებს მარიამის შესახებ საუბარი ვთხოვეთ, პირველი, რითაც ისინი საუბარს იწყებენ, გოგონას გონებრივი მონაცემებია.
"ნიჭით დაჯილდოებული ბავშვი იყო, ხატავდა, ძერწავდა, კერავდა, თოჯინებს კაბას შეუკერავდა, შარვალს, ზედას", – ამბობს მარიამის ბებია სვეტლანა ბერულავა და გოგონას ნახატებს გვაჩვენებს.
მარიამის ბიცოლას, ეკატერინე ჭაბუკიანის თქმით, გოგონა სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა. კომპიუტერის დახმარებით ინგლისურს სწავლობდა და ლაპარაკობდა კიდეც.
მიუხედავად იმისა, რომ მშობლებისთვის ბავშვის განვითარება ხშირად სასიხარულოა, მარიამის დედის შემთხვევაში საკითხი პირიქით იყო.
მარიამის ბიცოლას ეკატერინე ჭაბუკიანის თქმით, "ბავშვი გონებაგახსნილი იყო, თავის ასაკთან შედარებით ბევრი იცოდა და დედას ამის ყოველთვის ეშინოდა. ამბობდა, მან თავის ასაკში იმდენი რამ იცის, რაც არ უნდა იცოდესო". განაგრძეთ კითხვა