ზუსტად 20 წლის წინ, 19 აპრილს მამაჩემი მოკლეს ზუსტად 20 წლის წინ, 19 აპრილს მამაჩემი მოკლეს. ამ ამბავს ვერც სამართალდამცავ და საგამოძიებო ორგანოების ოქმებში ნახავთ და არც სამედიცინო დასკვნა არსებობს, სადაც მკვლელობის ფაქტი დასტურდება, მაგრამ დიაგნოზი, რომელიც მამაჩემის გარდაცვალების მიზეზი გახდა, აბსოლუტურ უფლებას მაძლევს ვთქვა, რომ ის მოკლეს! მამას ფილტვები ჩაეკეტა, ის თამბაქოს ინდუსტრიამ იმსხვერპლა.
სიცოცხლის ბოლო წლებში, გასული საუკუნის, ქაოტური 90-იანების პერიოდში, მამა განსაკუთრებით ბევრ სიგარეტს ეწეოდა. ამბობდა, რომ ასე იმშვიდებდა ნერვებს. ფილტვის პირველი შეტევის შემდეგ ექიმმა გააფრთხილა, რომ თამბაქო მიეტოვებინა. ვიცი, მკლავს, მაგრამ თავს ვერ ვანებებ, თქვა მამამ.
-----------------------
გარდაცვალებამდე სამი კვირით ადრე, ერთ დღესაც, სიგარეტის კოლოფიდან, ხუთწუთიანი ინტერვალის შემდეგ ახალი ღერი რომ ამოიღო და მოუკიდა, სახეზე რაღაცნაირი, მძიმე ფერი დაკრავდა.
ვთხოვე, შენ ხომ ყოველთვის ყველაფერს მისრულებდი, იქნებ ეს თხოვნაც გაითვალისწინო, ნუ მოწევ-მეთქი. ჩააქრო. თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ, კვლავ აივანზე იდგა და ეწეოდა.
56 წლის ასაკში წავიდა და ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დადგა. გონს მოსულმა გავათვითცნობიერე, რომ თუ მანამდე თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმი უბრალოდ მძულდა, იმ დღიდან გადავწყვიტე, მებრძოლა და რაღაც გამეკეთებინა იმისათვის, რომ საშინელ სენს, მწეველობას, რომლისგანაც სამწუხაროდ, დიდი სურვილის მიუხედავად, ძალიან ცოტა ახერხებს განკურნებას, ადამიანები ნაადრევად აღარ ემსხვერპლა. მამაჩემს სურდა თავი დაენებებინა მოწევისთვის, ვერ შეძლო. ეწევა ჩემი ძმა, რომელმაც რამდენჯერმე სცადა თამბაქოს გადაგდგება, მაგრამ როგორც კი მწეველების გარემოში სუფრასთან მოხვდა, ალკოჰოლის მცირე დოზის მიღებისთანავე თავიდან გაუჩნდა გაბოლების სურვილი და ამ ვერაგ ნარკოტიკთან ბრძოლა დღემდე ამაოდ გრძელდება.
მამაჩემზე ასე არც გიამბობდით, რომ არა გუშინდელი, მნიშვნელოვანი ფაქტი. პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტში, მეორე სასესიო მოსმენის წინ პარლამენტარებმა, არასამთავრობო სექტორმა, ჯანდაცვის სფეროს და ბიზნესის წარმომადგენლებმა განიხილეს მთავრობის შენიშვნები თამბაქოს კონტროლის გამკაცრებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტებზე.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, უნდა აიკრძალოს მოწევა ნებისმიერ დახურულ სივრცეში გარდა საპატიმროებისა და კერძო ბინებისა, ასევე უნდა აიკრძალოს თამბაქოს ნაწარმის რეკლამა და პროპაგანდა, სიგარეტის კოლოფებზე კი, გაჩნდეს იმ დაავადებების ამსახველი ფოტოები, რომელთაც თამბაქოს მოხმარება იწვევს.
ვიდრე მთავრობის შენიშვნებს გავეცნობოდი, გამოგიტყდებით და გულუბრყვილოდ მეგონა, რომ მოქალაქეების, ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ინტერესების დაცვაზე იქნებოდა გათვლილი. ამაოდ, მთავრობა მოთქვამს, თამბაქოსგან ჯანსაღ გარემოზე ზრუნვა კარგია, რეგულაციები მისაღებია, მაგრამ ისე არა, რომ ბიზნესი, ანუ თამბაქოს ინდუსტრია დაზარალდესო. მეტიც, თურმე ჯანდაცვის საკითხების განხილვისას, ამ სიკვდილის ბიზნესის წარმომადგენლებიც უნდა იღებდნენ მონაწილეობას, რომ სადმე ისეთი რეგულაცია არ გაეპაროთ, მერე მათი შემოსავლები თუნდაც 0,0000001 %-ით რომ შეამციროს. განაგრძეთ კითხვა