კოსტიუმი თუ დეკორი განყენებული არასდროს არის, ის ყოველთვის იმ იდეის და მუსიკის ნაწილია სტუდია ბასტიბუბუს ხსენებისას აუცილებლად გაგახსენდებათ მისი თვალისმომჭრელი შოუკონცერტები ორიგინალური დეკორაციებითა და კოსტიუმებით. ცოტა ხნის წინ სტუდიის არხზე გადაცემა ფასჰიონ ბბ გამოჩნდა, რომლის მამოძრავებელი თემაც ლამაზი კოსტიუმები და დახვეწილი ფოტოსესიებია. დავინტერესდით როგორ და სად იქმნება ეს მშვენიერი სამოსი და როგორ ურჩევენ ორიგინალურ სტილს განსხვავებული ხასიათისა და გემოვნების ბავშვებს. ჩვენი მასპინძელი ამ ულამაზესი კოსტიუმების სამყაროში "ბასტი–ბუბუს" ერთ–ერთი დამფუძნებელი და სტუდიის არტ–მენეჯერი, ხათუნა წულაია გახლავთ.
სწორედ მისი დამსახურებაა, რომ "ბასტი–ბუბუს" ბავშვები ყოველთვის გამოირჩევიან ლამაზი, დახვეწილი და სახასიათო კოსტიუმებით.
– ბასტი-ბუბუს უკვე 25 წელი უსრულდება და ამ ხნის განმავლობაში მაყურებლის აღფრთოვანებას ყოველთვის იწვევს ორგინალური, ნოვატორული კოლექციები, როგორ იქმნება ისინი?
– ბასტი-ბუბუში უამრავი ლამაზი და საყვარელი ბავშვი დადის. იდეებიც მათ ხასიათიდან და სურვილებიდან გამომდინარე ჩნდება. ბავშვებს ბევრი რამ აინტერესებთ, ძალიან დიდი ფანტაზია აქვთ, ამიტომ ჩვენც მათ სამყაროს ვერგებით და თემატურად მრავალფეროვან კომპოზიციებს ვქმნით. კოსტიუმი თუ დეკორი განყენებული არასდროს არის, ის ყოველთვის იმ იდეის და მუსიკის ნაწილია, რომელსაც ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი ქმნის. ჩემი აზრით ეს თანხვედრა იწვევს საერთო შთაბეჭდილებას, რაც ბასტიბუბუს სახელთან ასოცირდება.
–კოსტიუმებს ყოველთვის თქვენ ურჩევთ, თუ თავიანთი გემოვნებით ირჩევენ?
– კოსტიუმის შერჩევამდე ჯერ ვეცნობით ბავშვს, მის ხასიათს, გარეგნობას, ასაკს, შემდეგ ვფიქრობთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. იმ სემთხვევაშიც კი, როდესაც მთელი ჯგუფისთვის გვიწევს კოლექციის შექმნა, ჯგუფში არსებული ბავშვების ხასიათიდან გამომდინარე ვაწყობთ მას.
– პროექტი fashion bb, რომელიც გადის ბასტიბუბუს არხზე, სწორედ კოსტიუმებით არის შთაგონებული და მაყურებელზე დიდ შთაბეჭდილებასაც ახდენს. როგორ იქმნება ეს პროექტი?
- ბასტი-ბუბუში დროთა განმავლობაში უამრავი კოსტიუმი თუ დეკორაცია დაგროვდა. თემატურად ძალიან მრავალფეროვანი კომპოზიციები შეგვიქმნია. ჩვენს თანამშრომლებსაც კრეატიული იდეები არასოდეს ელევათ. ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი, რომ ეს ყველაფერი გაგვეერთიანებინა და ფოტოზე დაგვეფიქსირებინა. დავიწყე ინდივიდუალური ფოტოსესიების ჩატარება. ფოტოების შემდეგ გაჩნდა იდეა, რომ გადაცემა "ფეშენ ბიბი" შექმნილიყო. აქ ფოტოსესიის მზადების და გადაღების პროცესი იქნებოდა ასახული. დღესდღეობით ამ გადაცემაში მოდის მიმდინარეობების გათვალისწინებით, სხვადასხვა თემატური კომპოზიციები იქმნება. ბავშვებს ძალიან მოსწონთ გადაღების პროცესი, საოცარ გარდასახვას განიცდიან - ეცვლებათ ვარცხნილობა, უკეთდებათ განსხვავებული გრიმი, თემატურად ვურჩევთ კაბებს. მოგეხსენებათ, გოგოებს ძალიან უყვართ გაპრანჭვა, პოზიორობა და უმეტესობა პრინცესობაზე და ფერიობაზე ოცნებობს
– როგორ არჩევთ ადგილს ფოტოსესიებისთვის. გადაღებისთვის ყველაზე მოხერხებული და ლამაზი ადგილი რომელია?
–გააჩნია თემას. მაგალითად ძალიან მოვიხიბლე პეტრიაშვილზე ერთი რესტორნის ბაღით. ულამაზესი ფოტოები და კარგი გადაცემა გამოვიდა. ასევე მუხრანის სასახლეში. მრავალფეროვანია ბოტანიკური ბაღი. ვცდილობთ ახალ–ახალი ადგილები აღმოვაჩინოთ, რომ ფოტოებიც განსხვავებული გამოვიდეს. მთავარია, იპოვო ლამაზი კომპოზიცია.
– ბავშვები რამდენად არიან ჩართული ამ პროცესში, რამდენად ადვილად შედიან როლში?
–გადაღების დროს ზოგი ძალიან აქტიურია და თვითონ გაძლევს საშუალებას, რომ კარგი კადრი დაიჭირო. ეს ბავშვები გრძნობენ კამერას. ზოგიერთი პირველი გადაღების დროს ცოტა მორიდებულია, თუმცა მერე იხსნებიან და თამამდებიან. ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ სასურველი შედეგი მივიღოთ. ვართობთ, ვაცინებთ ბავშვებს, ვცდილობთ ისეთი ხასიათი დავიჭიროთ, როგორიც სჭირდება თემას. ასე ვთქვათ ყირაზე ვდგავართ, რომ კარგი შედეგი მივიღოთ. მერე ისე გვეჩვევიან, რომ აღარ სჭირდებათ მითითება, ყველაფერს თავად აკეთებენ. შედიან როლში, კარგად ხვდებიან როგორ განასახიერონ ალისა, პიტერ პენი და ა.აშ.
– როგორც ვხვდები ეს ბავშვები ამ დროს მსახიობის ოსტატობასაც ეუფლებიან.
– დიახ, ეს თავისდაუნებურად ხდება. ამ დროს ძალიან იხსნებიან ბავშვები, თითქოს თერაპიას გადიან. როცა აქებ და ეუბნები, რომ ძალიან ლამაზია, ნიჭიერია, საოცრად მოქმედებს მათ ხასიათზე, შემართებაზე, შრომის უნარზე. ფრთებშესხმული გამოდიან სტუდიიდან. გარკვეულწილად აზარტივითაა, მერე ისევ უნდათ გადაღება.
- ბავშვობაში განცდილი შთაბეჭდილებები ცხოვრებაზე აისახება. ეს ყველაფერი ალბათ სასიამოვნო კვალს ტოვებს ამ ბავშვების ცხოვრებაზე...
– ბასტი-ბუბუს პირველი თაობიდან, ვინც ჩვენთან გაიზარდა, ბევრს ვეღარ ვცნობ, თუმცა ქუჩაში მაჩერებენ, მესალმებიან და მეუბნებიან, რომ მათთვის დიდი ბედნიერება იყო ჩვენთან მუშაობა. ეს იყო მათ ცხოვრებაში საუკეთესო წლები. რა თქმა უნდა, ბედნიერი ბავშვობა შემდგომ ცხოვრების გზაზეც დადებითად აისახება. ბავშვები ჩვენთან თავდაჯერებულები, დამოუკიდებლები ხდებიან, ეჩვევიან შრომას, უმუშავდებათ სხვადასხვა სასარგებლო უნარ–ჩვევა. ყველა ადამიან აქვს გარკვეული კომპლექსი, აქ ბავშვები ახერხებენ დაძლიონ ეს კომპლექსები. არამარტო ბავშვებს, არამედ მშობლებსაც კარგად ახსენდებათ აქ გატარებული წლები. იჩენენ ახალ მეგობრებს, დადიან ჩვენთან ერთად გადაღებებზე და ა.შ.
- საიუბილეო წელი გაქვთ. ეს ლამაზ-ლამაზი კოსტიუმები ალბათ ამ თარიღის აღნიშვნაშიც დიდ როლს ითამაშებენ...
- ამ 25 წელიწადში იმდენად ბევრი და მრავალფეროვანი ფოტო დაგვიგროვდა, რომ იუბილესთვის გამოფენის მოწყობას ვგეგმავთ. იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი ისიამოვნებს ამ საოცრად პოზიტიური ექსპოზიციით.
მერი ბლიაძე