მირანდა ვაჩეიშვილის მკვლელობის დეტალები, გაჭირვებული ცხოვრება და ბედის ანაბარა დარჩენილი 4 შვილი - რაღას ველოდებით!!! რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი უმწეო ქალი გახდა მოძალადე ქმრის მსხვერპლი. ის ვერ დაიცვეს მის საკუთარ ქვეყანაში მოქმედმა კანონებმა და სამართალდამცველმა ორგანოებმა, შეეწირა მოძალადე მამაკაცს.
მირანდა ვაჩეიშვილი, რომელსაც უფრო თათიას სახელით იცნობდა ბევრი, 4 შვილის დედა იყო, 39 წლის. ჩვენი მკითხველი მას იცნობდა - თათიას ძალიან უჭირდა, რადგან მაშინ მისი მეუღლე და მისი მეოთხე შვილის მამა, ამჟამად ეჭვმიტანილი გიორგი ჯ., თათიას მაშინდელი მონათხრობის თანახმად, ნაავარიევი გახლდათ და შინ გადიოდა რეაბილიტაციას. არ მუშაობდა. თათია უვლიდა და ფეხზე დააყენა.
თავად თათიამაც მეოთხე ორსულობის პერიოდში დაკარგა სამსახური და პრაქტიკულად 80 წლის მამის პენსიით არჩენდა შვილებსაც და ავადმყოფ ქმარსაც.
ამის გამო ხშირად ითხოვდა დახმარებას სხვადასხვა ჯგუფში და ბევრი დედა ეხმარებოდა. როგორც გაჭირვებულ დედას და რამდენჯერმე პროდუქტებით, ტანსაცმლით დავეხმარეთ. გვიამბობდა ხოლმე თავის ამბებს, თავის გაჭირვებას. თუმცა მოძალადე ქმარზე მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გავიგეთ. მაშინ გაირკვა, რომ ქმარს გაშორდა, თუმცა ის თავს არ ანებებდა, სახლში უვარდებოდა, მოკვლით ემუქრებოდა. ერთხელ სახლის კარს ბენზინიც კი მიასხა, რომ ყველანი ამოებუგა ერთად და თათიას მეგობარი რომ არა, რომელიც იმ დროს მასთან მივიდა, ალბათ ვერავინ ვერ უშველიდათ... მაშინ გადარჩა, მაგრამ ასეთი სერიოზული მიზეზიც არ აღმოჩნდა საკმარისი მოძალადის დასაკავებლად. თათიას არაერთი საჩივარი ჰქონდა დაწერილი, მის საჩივარს საბურთალოსა და გლდანის პოლიცია რამდენჯერმე იძიებდა, როგორც ახლა ყვებიან, შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი, თუმცა ეს ყველაფერი რომ არანაირი ქმედითი ღონისძიება არ არის და მსგავს დამნაშავეებთან რომ არ ჭრის, უკვე ათობით ქალის მკვლელობის ფაქტმა დაადასტურა... არადა, ქალებს გამუდმებით უკიჟინებენ, რომ მიმართონ სამართალდამცველ ორგანოებს, არ დამალონ, გაასაჯაროონ... სამწუხაროდ, არც ამას მოაქვს შედეგი.
წაიკითხეთ თათიას ამბავი: დედა, ჩვენ მოვიკლებთ, ოღონდ ამ პატარას ჰქონდეს საჭმელიო..." - ერთი ქართული ოჯახის და კიდევ ერთი საოცარი სიკეთის ამბავი
...გიორგი ჯ.-მა მირანდა ვაჩეიშვილი გლდანის მეოთხე მიკრორაიონში მოკლა. პოლიციამ ის მოგვიანებით კორპუსიის სადარბაზოში დააკავა. მკვლელობის მოტივად ეჭვიანობა სახელდება.
ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა მისი და მისი ინტერესების დამცველის განცხადებით, აღმკვეთ ღონისძიებად მოსამართლეს პატიმრობა არ უნდა გამოეყენებინა, რადგან ადვოკატი ვარაუდობს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.
"ყოველი გაბრაზებული ქალის უკან დგას მამაკაცი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა გააკეთა არასწორად," - დაწერა მკვლელობაში ბრალდებულმა რამდენიმე დღით ადრე სოციალურ ქსელში...
ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე თათიას, რომლის 4 შვილი ობლად დარჩა, ბედის ანაბარა, ახლა ვეღარავინ უშველის... იქნებ სხვებს მაინც ვუშველოთ და იქნებ ყველამ ერთად აიმაღლოს ხმა, რომ კანონი კანონობდეს და ქალებს არ ხოცავდნენ მოძალადე ქმრები.
ასევე იხილეთ: რას წერდა თათია ერთი წლის წინ - ემოციური პოსტი