ცნობილი და ყველასთვის საყვარელი საბავშვო სტუდია ბასტი-ბუბუ 25 წლისაა ცნობილი და ყველასთვის საყვარელი საბავშვო სტუდია ბასტი-ბუბუ 25 წლისაა. საიუბილეო თარიღრს საბავშვო ბრენდი გრანდიოზული კონცერტითა და ვარსკვლავის გახსნით აღნიშნავს.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბასტი-ბუბუ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საიუბილეო კონცერტს აწყობს... წითელი ხალიჩა, ესტრადის ვარსკვლავები, ცნობილი კომპოზიტორების ჰიტები, 25 წლის განმავლობაში ყველაზე წარმატებული საბავშვო სატელევიზიო გადაცემების გმირები და პროექტები, დეკორაციები, კოსტიუმირებული სანახაობა და ბასტი-ბუბუს ვარსკვლავის გახსნა - ეს ყველაფერი გრანდიოზულ იუბილეს ახლავს.
ყველაფერი კი საქართველოსთვის ურთულეს პერიოდში, 90-იან წლებში დაიწყო.
ბასტი-ბუბუს პროდიუსერი - თამარ სხვიტარიძე:
- ბასტი-ბუბუ 1992 წელს დაარსდა... პირველ არხზე, საბავშვო განყოფილებაში ვმუშაობდი. ეს რევოლუციის წლები იყო და ტელევიზია სხვადასხვა კომპანიებად იშლებოდა. იმ პერიოდში, ჩემი შვილი სამი წლის იყო, რომელსაც ეზოშიც ვერ ვუშვებდით, რადგან გარეთ გამოსვლა საშიში იყო. მეგობარიც კი არ ჰყავდა, რადგან ბაღებში ციოდა და ფაქტიურად არ ფუნქციონირებდა. ძალიან მინდოდა, ბავშვისთვის როგორმე გამელამაზებინა სამყარო. გადავწყვიტე, სატელევიზიო გადაცემა შემექმნა, რომელიც ჩემს შვილს ფერად სამყაროში აგრძნობინებდა თავს. გავერთიანდი ჩემს მეგობრებთან ერთად: მაკა აროშიძე საბავშვო კომპოზიტორია, მაშინ 53-ე სკოლაში მუშაობდა, ბავშვებთან მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა და ამავდროულად ძალიან კარგი სიმღერების ავტორიც იყო. ხათუნა წულაია ბასტი-ბუბუს დეკორაციების და კოსტიუმების შემქმნელია. ნინო გოგაძე, რომელმაც პირველმა გამაცნო ტელევიზია და მას მერე ერთად გავიზარდეთ.
ასე გავერდთიანდით ოთხი გოგო და შპს ბასტი-ბუბუ დავაფუძნეთ.
საკუთარი ფულით შევქმენით თოჯინები, სამონტაჟო ვიქირავეთ და იმ დროისთვის ძალიან მაღალი ხარისხის გადაცემა მოვამზადეთ, რომელიც პირველი არხის ეთერით გავიდა... უმძიმესი პერიოდი იყო – რევოლუციები, შავ-თეთრი საინფორმაციო გადაცემები და ამ ფონზე უცებ ფერადი გადაცემა გამოჩნდა... ადამიანებს იმედი ჩაესახათ, ამიტომაც ბასტი-ბუბუ პირველი დღიდანვე ყველამ განსაკუთრებულად შეიყვარა.
- ეს სიყვარული 25 წელი გრძელდება - ბასტი ბუბუს გადაცემებს მუდამ მაღალი რეიტინგი აქვს, ბასტი ბუბუს კონცერტებზე ყოველთვის ანშლაგია, ბასტი ბუბუს სტუდია ყველაზე მრავალრიცხოვანი სტუდიაა საქართველოში. როგორ ახერხებთ იმას რომ მუდამ ახალი და საინტერესო ხართ საქართველოსთვის?
ბასტი ბუბუს რეჟისორი - ნინო გოგაძე
- 25 წლის განმავლობაში ბევრი ახალი სატელევიზიო პროექტი შექმნა ჩვენმა ჯგუფმა - ბაბილინა, ბასტი, ბუბუ, გოგიჩა, დიჯეი გოგა... ბავშვებს ეს გმირები უყვართ, მშობლები მათ ენდობიან. ჩვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ყოველ წელს რაღაც ნოვაცია გააკეთოს ბავშვებისთვის და ამას ჯერჯერობით თავს კარგად ვართმევთ - პირველებმა შევქმენით დაბადების დღის აღსანიშნავი ცენტრი და ამ ცენტრისთვის შევქმენით პროგრამა - ცეკვები, სიმღერები, თამაშები... ამის შემდეგ მოედო მთელ საქართველოს ასეთი ცენტრები.
- ცნობილი საიუბილეო ჰიტი - "რა ლამაზი დღეა", რომელსაც ახლა ყველა ვმღერით თქვენი ნათარგმნი ყოფილა, მაკა...
- ბასტი ბუბუს მუსიკალური ხელმძღვანელი - მაკა აროშიძე
- დიახ, ასეა. დაბადების დღეების აღსანიშნავად ბევრი სიმღერა და თამაში მოვიფიქრეთ. ძალიან ბევრ ცნობილ კომპოზიტორს ახალი საბავშვო სიმღერები დავაწერინეთ. ცნობილ საესტრადო მომღერლებს საბავშვო რეპერტუარი ჩავაწერინეთ. შევქმნით პირველი კოსტიუმირებული შოუ-პროგრამა, რომელიც ფილარმონიაში წელიწადში ორჯერ ეწყობა... მაყურებელს სიყვარული ვაჩუქეთ და ეს სიყვარული უკან გვიბრუნდება, რაც ძალიან დიდ ძალას გვაძლევს.
მართლაც საოცრებაა 25 წელი გავიდა და ალბათ 50-მდე წარმატებული კონცერტი მაინც ჩატარდა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში - ალბათ ამიტომაც იხსნება სწორედ ფილარმონიის წინ ბასტი ბუბუს ვარსკვლავი
არტ მენეჯერი - ხათუნა წულაია
- ბასტი ბუბუს დაარსებიდან პირველივე წელს უკვე დიდი მოთხოვნა იყო კონცერტებზე. ფილარმონიასთან ერთად ჩვენმა ჯგუფმა გამოიარა რთული პერიოდი - იყო დრო, როცა კონცერტის განმავლობაში რამდენჯერმე ქრებოდა შუქი და მაყურებელი ჩაბნელებულ დარბაზში იჯდა და ელოდა დენის მოსვლას. რამდენი ოვაცია გვახსოვს, ბავშვები და მშობლები ერთნაირად ემოციურად აღიქვამენ დღემდე ჩვენს კონცერტებს, ჩვენც ვცდილობთ, რომ არ გავაცრუოთ მათი მოლოდინი და სულ ახალ-ახალი სანახაობით ვანებივრებთ მათ.
- დღეს ბასტიბუბუს საკუთარი სატელევიზიო არხიც აქვს...
ბასტიბუბუს დირექტორი - თამუნა ახვლედიანი
- დღემდე დიდ საოცრებად მიმაჩნია, რომ ბასტიბუბუს ჯგუფმა შევძელით საკუთარი ტელე არხის გაკეთება. ტელევიზიის შექმნა და მისი შენახვა ძალიან დიდი ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამას ჩვენ ვახერხებთ მხოლოდ და მხოლოდ მაყურებლის დიდი სიყვარულის დახმარებით. ასამდე ადამიანი მუშაობს ბასტი-ბუბუში. გვაქვს საკუთარი საბავშვო ბაღი, უზარმაზარი სტუდია, დავიწყეთ საბავშვო სატელევიზიო სერიალი. გვაქვს ვებგვერდიც bastibubu.ge
- ამის ფონზე ახერხებთ ქველმოქმედებაც გაწიოთ, ხშირად მსმენია სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ერთად თქვენი წარმატებული პროექტების შესახებ
თამარ თოდუა - მენეჯერი
- ბევრი დღესასწაული გაგვიკეთებია დაუცველ ბავშვებთან ერთად. ჯერ მარტო რად ღირს კლიპი "`თუ-თუ-თუ". სწორედ ამ კლიპში პირველად დაინახა ქართველმა მაყურებელმა , რომ შეიძლება ერთ მხიარულ კლასში სახალისოდ სწავლობდნენ უნარშეზღუდული და ჩვეულებრივი შესაძლებლობის ბავშვები. შშმ ბავშვების გარდა, ლტოლვილ და უსახლკარო, უსუნათლო და სმენადაქვეითებულ ბავშვებთანაც გვიმუშავია. ვატარებდით საქველმოქმედო საღამოებს. მთელ საქართველოში ელოდებიან ბასტი-ბუბუს ბავშვებს და ყოველ წელს გვაქვს გასტროლები აჭარაში, კახეთში, სამეგრელოში და სხვა...
- ბასტი ბუბუმ ბევრი წარმატებული საერთაშორისო პროექტიც განახორციელა, მათ შორის არის საბავშვო ევროვიზია
თამარ სხვიტარიძე - პროდიუსერი
- ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ჩვენთვის ევროპის მაუწყებელთა კავშირის პროექტზე, ევროვიზიაზე მუშაობა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოგვცა საშუალება, მთელი საქართველოს მაშტაბით აგვერჩია ნიჭიერი ბავშვები, გვეთანამშრომლა კომპოზიტორებთან და ერთობლივად, ბავშვების ჩართულობით და მათთან ერთად შეგვექმნა საბავშვო რეპერტუარი და ანსამბლები, მოგვეფიქრებინა ევროპული სტანდარტის მუსიკალური შოუ წარმოდგენები. ჩვენმა ჯგუფმა ევროვიზიის პროექტზე 4 წელი იმუშავა. ყოველთვის საუკეთესო ხუთეულში ვიყავით, რა თქმა უნდა ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა ბზიკების გამარჯვება.
სხვა საერთასორისო პროექტებშიც გვაქვს მიღებული მონაწილეობა, 2 წლის წინ ესპანეთიდანაც ჩამოვიტანეთ პირველი ადგილი. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ჩანაფიქრი გვაქვს, რითაც გავახარებთ ჩვენს საქართველოს.
- გისმენთ, და ახლა ვხვდები, როგორ შეძელით საქართველოსთვის რთულ პერიოდში თითქოს შეუძლებელი დიდი საქმის კეთება - დღეს ჩვენს შვილებს აქვთ ბასტი ბუბუ...
პროდიუსერი თამარ სხვიტარიძე
- მიუხედავად იმისა, რომ ბასტი-ბუბუ რთულ პერიოდში იქმნებოდა, სირთულე არ მახსენდება. ღმერთის დიდი მადლია, ისეთი სამსახური რომ გვაქვს, სადაც კი არ ვიღლებით, არამედ ძალა გვეძლევა... პურის რიგები რომ იყო, იმ დროს ჩვენს გამოგონილ სამყაროში ვცხოვრობდით, ვკერავდით ახალ კოსტიუმებს, ვიღებდით კლიპებს და ვწერდით ახალ სიმღერებს,
ჩვენი საბავშვო სამყარო გვაქვს შექმნილი, დაარსების დღიდან საუკეთესოზე ვოცნებობთ და შემდეგ ამ ოცნებას რეალობად ვაქცევთ... ჩვენ ხომ ბავშვების ოცნებებს ვასრულებთ, რა უნდა იყოს ამაზე კარგი
დეტალების დასაზუსტებლად ბასტი ბუბუს ვარსკვლავის გახსნის ინიციატორს დავით ოქიტაშვილს მივმართეთ:
- ბასტი-ბუბუმ ბევრი კარგი ხელოვანი აღზარდა! ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი შვილებიც რომ ბასტი-ბუბუს ბავშვები არიან! ეს სტუდია იყო ნოვატორი და დღესაც ძალიან პოპულარულია! დღეს, ყველგან სადაც ბავშვია ოჯახში, ბასტი ბუბუს არხია ჩართული.
ბასტი-ბუბუმ დიდი პოზიტივი შემოიტანა და ეს განწყობა დღესაც გრძელდება! უცხოურის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ პირველ რიგში ქართული უნდა შევაყვაროთ ბავშვებს და ბასტი-ბუბუ ამას საუკეთესოდ ახერხებს! სტუდია უმძიმეს პერიოდში გამოჩნდა ქართულ სინამდვილეში, ჩვენი ბავშვების ერთადერთი გასართობი იყო, შემოიტანა ხალისი და ზუსტად ამის აღსანიშნავად პირველ ივნისს მისი ვარსკვლავი გაიხსნება!
- ვისი იდეა იყო ვარსკვლავის გახსნა?
- ინიციატორი ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანია! ჩვენ შევათანხმეთ საკრებულოსთან და იმ კომისიასთან, რომელიც ახლა შეიქმნა ცნობილი მოვლენების გამო. მიხარია, რომ ბასტი-ბუბუს ვარსკვლავი მოხვდება ნანი ბრეგვაძის, ნინო რამიშვილის, რამაზ ჩხიკვაძის, სოფიკო ჭიაურელისა და სხვა დიდებული ადამიანების ვარსკვლავების გვერდით.
მეც მიხარია, რომ საქართველოს ბავშვებს ექნებათ ადგილი, სადაც მივლენ, ხელს დაადებენ ვარსკვლავს და კეთილ სურვილს ჩაიფიქრებენ.