გაუპატიურებული გოგონას მამამ მისი უფროსი, 25 წლის ქალიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა აფხაზეთში არასრულწლოვანი გოგონას გაუპატიურების ფაქტსა და მის შემდგომ განვითარებულ პროცესებს, ადგილობრივი მოსახლეობის მღელვარება მოჰყვა. მოძრაობა "აფხაზეთის ქალები" ე.წ. პარლამენტისგან 14 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მისი დის მკვლელობის ფაქტების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს. თუმცა, მათივე თქმით, ბრალდებულის ძმა, ალმას ჯოპუა "დეპუტატია" და შესაძლოა, ხელი შეუშალოს გამოძიებას, რათა მისი ოჯახის რეპუტაცია არ შეილახოს.
არსებული ინფორმაციით, ამ საზარელი ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 17 ივნისს, გაუპატიურებული გოგონას მამამ მისი უფროსი, 25 წლის ქალიშვილი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ერთ-ერთი ვერსიით, მამა ე.წ. სამართალდამცველებს საკუთარი ნებით ჩაბარდა, თუმცა, კიდევ ერთი ვერსიით, ის მიიმალა. გოგონას ცხედარი კი, რომელსაც ტყვია თავში აქვს მოხვედრილი, ქუჩაში იპოვეს...
აფხაზეთში ამბობენ, რომ სწორედ დეპუტატი ალმას ჯოპუა შეხვდა გოგონების მამას და მას დანაშაულისკენ უბიძგა, რათა საქმის მოწმე ჩამოეშორებინა. არსებული ინფორმაციით, მან ოჯახის უფროს ქალიშვილს მეძავი და ღირსების შემლახველი უწოდა. თუმცა, ეს ინფორმაცია დაზუსტებული არ არის. ისევე როგორც არ არის დაზუსტებული, თუ სად და როდის დაიწყო დაპირისპირება მსხვერპლი გოგონასა და ბრალდებული ჯოპუას ოჯახებს შორის, რომელმაც ძალიან მძიმე და ტრაგიკული სახე მიიღო.
"ამ გაუბედურებულ ოჯახს არავინ ჰყავს დამცველი. მათ ადვოკატის აყვანისა და თავიანთი უფლებების დაცვის შესაძლებლობაც კი არ გააჩნიათ, განსხვავებით ჯოპუებისგან, რომელთაც ზურგს მთელი აფხაზეთის საზოგადოება უმაგრებს. ჩვენ ზედმიწევნით დავაკვირდებით გამოძიების პროცესს და იმასაც, თუ როგორი რეაქცია გექნებათ თქვენ, პარლამენტის წევრებს" - განაცხადეს მოძრაობა "აფხაზეთის ქალების" წევრებმა, რომელთა თქმითაც, მათი შვილების მომავალსაც ახლა, ამ მძიმე პერიოდში ჩამოყალიბებული "კანონის უზენაესობა" განსაზღვრავს. განაგრძეთ კითხვა