როცა ხშირად იქაც ვერ (არ) უგებენ პატარებს, სადაც სხვებს ასწავლიან ჭკუას და სხვების დახმარებაში ფულს იღებენ... ეს წერილი ჩვენმა მკითხველმა მოგვწერა და უცვლელად გთავაზობთ იმ იმედით, რომ მსგავსი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები და სოციოლოგები, რომლებიც წესით ასეთ ბავშვებს უნდა დაეხმარონ, მეტი კორექტულობითა და სიფრთხილით მოეკიდებიან პატარებს და თუ დახმარება არ შეუძლიათ, უარესად მაინც ნუ ატკენენ გულს და ტრავმას ნუ მიაყენებენ მათთან დახმარებისთვის მისულ მშობელსა და ბავშვს:
"ჩემი ბიჭი ჰიპერაქტიურია...5 წლის არის. რეალურად ალბათ ფსიქოლოგს მივმართავ უახლოეს პერიოდში, რომ სკოლაში მოსამზადებლად დამეხმაროს... სახლში საკმაოდ ნორმალურად იქცევა, გარეთ კი სუპერ ჰიპერაქტიურია... გადავწყვიტე, ხშირად გავიყვანო და მივაჩვიო საზოგადოებას, სივრცეს... ამასობაში ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაცოაში გამოჩნდა პროექტი ასეთი ბავშვებისთვის - ათამაშებდნენ უცხოელები და ასე განავითარებდნენ უცხო ენას. სულ 5 შეხვედრა იყო... ვკითხე, თუ შეიძლება მოვიყვანო-მეთქი და კიო... მივედი...
ყველა ბავშვი და მშობელი წყნარად იჯდა. ეს ჩემი მარტო დარბოდა, ვერ დასვეს... დირექტორმა შენიშვნა მომცა. მითხრა, იქნებ დასვაო... ძალიან ცელქი არის-თქო და ბოდიში მოვუხადე. დავდევდი და ბოდიშებს ვიხდიდი...
ამასობაში მეორედ მომიტრიალდა და 5 წლის ბავშვს ეუბნება:
- შენ ასე თუ გააგრძელე, ვერც ცხოვრებაში და ვერსად ვერაფერს მიაღწევ.
არ შევიმჩნიე... შემრცხვა უბრალოდ... თან ყველა იქ იყო... ბოლოს მე მეუბნება:
- ეს ბავშვი აქტიური კი არ არის, ზრდილობის პრობლემა აქვს და თუ შეიძლება, წადით...
რა დამემართა, იცით. განა რამე განსაკუთრებულს აკეთებდა - უბრალოდ დარბოდა აჟიტირებული... წამომივიდა ცრემლები... ერთი კი მოვახერხე და ვუთხარი, ცოტა ზედმეტი მოგივიდათ-მეთქი... გავსკდი მერე ტირილით...
ჩემი შვილი მეუბნება:
- დედიკო, აღარ იტირო, დავბრუნდეთ და აღარ მოვიქცევი ასეო...
მოგვიანებით დამფუძნებელს დავურეკე ატირებულმა და კი მიხადა ბოდიშები... მაგრამ პირადი ბოდიშები რას უშველის საქმეს. ასეთი შეურაცხყოფებით, უტაქტობით და შეუგნებლობით არის სავსე საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობთ".