"სიკეთეს რაოდენობა არ სჭირდება და ერთი სხივი უკუნეთს ანათებს!" - ირინა სარიშვილი ჩემო უკარგესო და უტკბილესო ადამიანებო!
იმდენი შემეხმიანა წამალთან დაკავშირებით, იმდენი აგზავნის და რეგულარულად გამოაგზავნის საჭიროების შემთხვევაში, იმდენი ვიღაცას ატანს ან თავად მოაქვს, რომ სანამ მარიამი ტაბლეტების ფორმით ამ წამლის მიღებას შეძლებს, ალბათ პრობლემა არ გვექნება.
უღრმესი მადლობა ყველას, მათაც ვინც გულით მოინდომა და რაღაც მიზეზებით ვერ შეძლო ურეცეპტოდ წამლის აღება!
მადლობა ასეთი გულისხმიერებისთვის და ყურადღებისთვის!
და აქვე, ალბათ იმ განწყობამ, რომელიც თქვენი ასეთი სითბოს მერე დამეუფლა, ამოატივტივა ჩემში რამდენიმე ეპიზოდი, რამაც დამტოვა ისეთი როგორიც ვარ მიუხედავად ბევრი ბოროტებისა, რაც ცხოვრებაში ვნახე.
მახსოვს ზამთარში, ყინვაში სახლის ტანსაცმელში საავადმყოფოში მოვარდნილი ხალხის უზარმაზარი რიგი სისხლის ჩასაბარებლად, როცა ტერაქტის შემდეგ სისხლი არ გვყოფნისო გამოცხადდა.
ბევრ სიკეთეებთან ერთად გამორჩეულად მახსოვს ეპიზოდი, როცა ლომბარდში ბავშვების ჯვრები მქონდა ჩაბარებული, იკეტებოდა და სასწრაფოდ უნდა გამეტანა თორემ დავკარგავდი. დრო ძალიან ცოტა მქონდა ფულის საშოვნელად. ამ დროს სახლში მირეკავენ ლომბარდიდან მოდით წაიღეთ ჯვრებიი. ვიღაც უცნობმა, რომელიც იქ მდგარა და ესმოდა როგორ ვთხოვდი დროს ლომბარდის ხელმძღვანელობას გადაიხადა...
აქ მახსოვს თქვენი თანადგომა არაერთხელ, როცა დამჭირდა...
კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელმაც ისე შემძრა რომ ეხლაც თვალებზე ცრემლები მადგება რომ ვიხსენებ: როცა ე.წ.ქუჩის მაწანწალა ბავშვები, რომლებსაც როგორც შემეძლო ვპატრონობდი ხოლმე, სხვადასხვა ქუჩებიდან მოგროვდნენ, ფული შეკრიბეს, ყვავილები და სასმელები იყიდეს და 31 დეკემბერს ღამით სახლში მოვიდნენ ჩემთან მოსალოცად სადაც სამწუხაროდ აღარ ვცხოვრობდი და ძველმა მეზობელმა მითხრა მერე...
ასეთი ეპიზოდები, ან თუნდაც ერთი რომელიმე აქედან, სრულიად საკამრისია იმისათვის რომ თუნდაც ბევრმა, ძალიან ბევრმა ცუდმა არ გაგტეხოს და ვერ მოგერიოს, რადგან სიკეთეს რაოდენობა არ სჭირდება და ერთი სხივი უკუნეთს ანათებს!
მადლობა ყველას!
ირინა სარიშვილი